საზოგადოება

„მშვიდობის მშენებლობა არ არის მხოლოდ სახელისუფლებო არხის მოვალეობა“

 

   თამარ თოლორდავა – კონფლიქტოლოგი, კონფლიქტების მართვის ინსტიტუტი:

_ საქართველო- ქვეყანა, რომელიც მდებარეობს ერთ-ერთ ყველაზე კონფლიქტურ რეგიონში და ქვეყანა, რომელსაც არ აქვს მშვიდობის მშენებლობის სტრატეგიული დოკუმენტი. რთული არ უნდა იყოს დავინახოთ ამ ორ მახასიათებელს შორის კავშირი. ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის დასავლეთისკენ, მდებარეობს კავკასიაში და არ აქვს გეგმა მშვიდობის მშენებლობის შესახებ, უტოპიურად გამოიყურება.

ჩვენს ეპოქაში მშვიდობის მშენებლობა აღარ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ, სამთავრობო არხზე. საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარება კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს, ეს კი საკმაოდ კარგად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ფინანსური და არასამთავრობო სექტორის როლი გამოიკვეთა. მრავალმხრივი დიპლომატია საშუალებას აძლევს ქვეყანას სხვადასხვა მხრიდან დაინახოს და მართოს საკითხი, რაც მას უფრო მოქნილს ხდის, ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით. შესაბამისად დასავლეთში დიდი ხანია გააცნობიერეს ის ფაქტი, რომ მხოლოდ სახელმწიფოებს შორის ოფიციალური ურთიერთობები არაა საკმარისი საკითხის მოგვარებისთვის. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში შექმნილიყო ახალი მოდელი, რომელიც შეძლებდა პრობლემის ყველა მხრიდან დანახვას, იქნებოდა მეტად ინფორმაციული და მოქნილი.

მრავალმხრივი დიპლომატია აერთიანებს 9არხს, 9 ძირითად სფეროს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

  1. არხი, სამთავრობო – ოფიციალური დიპლომატია.
  2. არხი, არასამთავრობო – არასამთავრობო სექტორი ჩართულობა მშვიდობის მშენებლობაში, დავის გააანალიზების, შესწავლის, კომუნიკაციის დამყარების და სხვა მიმართულებებით.
  3. არხი, ბიზნესი – არხი ორიენტირებულია სავაჭრო კავშირების დამყარებაზე, სიღარიბის აღმოფხვრაზე, ინვესტირებასა და სხვა მსგავს აქტივობებზე.
  4. არხი, ინდივიდები – ინდივიდების, კერძო პირების ჩართულობა, პირადი კონტაქტების გამოყენებითა და ლიდერების აქტიური წარმოჩენით, ეს არხი საკმაოდ მძლავრ რგოლს წარმოადგენს.
  5. არხი, განათლება, კვლევები, ტრენინგები – მნიშვნელოვანია „გონითი ცენტრების“(Think tanks) შექმნა, მოლაპარაკებისა და კონფლიქტის მართვისთვის საჭირო უნარების შესწავლა, რასაც ეს არხი უზრუნველყოფს.
  6. არხი, აქტივიზმი – რომლის ფუნქციაც მოქალაქის გააქტიურება და პირველი არხისთვის საკითხების შეხსენებაა.
  7. არხი, რელიგია – დამყარებულია ნდობასა და რწმენის გაძლიერებაზე. მიტევებასა და შერიგებაზე ორიენტირებული საშუალებას გვაძლევს მშვიდობისკენ მიმავალი გზები მარტივად დავინახოთ. გავაღვივოთ იმედი და კაცთმოყვარეობა.
  8. არხი, ფონდები – აერთიანებს ფილანტროპებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ მშვიდობის მშენებლობაშ ფინანსურად დაუდგნენ მხარში სხვადასხვა ორგანიზაციებს.
  9. არხი, მასობრივი ინფორმაციის საშუალება – რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის მიწოდებასა და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.

მრავალმხრივი დიპლომატიის მოდელი მაშინ არის ეფექტური, როდესაც ცხრავე არხი ერთიანი სისტემის სახით მუშაობს, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ერთნაირად მნიშვნელოვანია.

მშვიდობის მშენებლობა არ არის მხოლოდ სახელისუფლებო არხის მოვალეობა. ქვეყანა, მითუმეტეს მსგავსი საქართველოსი, უნდა აცნობიერებდეს, რომ დავის მოგვარების საკითხში ცვლილებების შეტანის უნარი მხოლოდ განსხვავებული განათლებისა და უნარების მქონე ადამიანებს შესწევთ.

კონფლიქტოგენული რეგიონის წარმომადგენელს, საქართველოს, აუცილებლად უნდა გააჩნდეს სტრატეგიული დოკუმენტი მშვიდობის მშენებლობის შესახებ, სადაც ცხრავე არხის ფუნქცია იქნება გაწერილი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის გეგმაზომიერ სვლას მშვიდობის მშენებლობისკენ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close