ჯანდაცვა

სანდრო მელიას სურს, ანზორ მელია გამოვიდეს

კარდიოლოგიური კლინიკა „გული“-ს გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ანზორ მელიამ euronews.ge -ს თავისი ცხოვრების მნიშვნელოივანი ომენტების შესახებ უამბო. ალბათ ბევრმა არ იცის, რატომ გადაწყვიტა მან ექიმობა. ამას ინტერვიუში შეიტყობთ.

  ანზორ მელია:

_ დავიბადე 1947 წელს, ზუგდიდში,  პატიოსან  ოჯახში. ორი ძმა ვიყავით. მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ  საუკეთესო სწავლა-განათლება მიგვეღო. დედიკოს ბიჭი ვიყავი – ვგიჟდებოდი დედაზე და ახლაც, ყველაზე მეტად მენატრება.  მეორე კლასში დედა ძალიან ცუდად გახდა. ექიმები მოვიდნენ, დედას  გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ  უშედეგოდ. ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა  ექიმი, რომელმაც დედა გადაარჩინა. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ექიმი გამოვსულიყავი.

დედამ მეუბნებოდა ხოლმე, ჩემი ლამაზი, ჭკვიანი და ექიმი  ბიჭი ხარო. ახლა სურათებს როცა ვუყურებ, ვხვდები, რომ სულაც არ ვყოფილვარ ლამაზი ბიჭი. ერთი პატარა, გამხდარი, მოცუცქნული ბიჭი ვიყავი.

 

.

 

 

_ რატომ გეძახდათ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს დედა ექიმს?

_ დედაჩემი წინდახედული ქალი იყო. მე-8 კლასიდან თბილისში გადმომიყვანა სასწავლებლად, თავის მამიდასთან. მერვე კლასიდან მამზადებდა ყველა იმ საგანში,  რაც სამედიცინო უნივერსიტეტში ბარდებოდა.  დედაჩემის მამიდა იყო ლიდა კარამანოვნა, განათლებული ქალბატონი, რუსულ ენის პედაგოგი. ის ჭონქაძეზე ცხოვრობდა. ახლა მე ვცხოვრობ ამ სახლში. ულამაზესი სახლია, ბუზარჯიანცის სახლს ეძახიან და საუკუნეზე მეტია არსებობს. ამიერკავკასიაში კონკურსი  ჩატარდა და პირველი ადგილი აიღო ამ შენობამ.  შვილი არ ჰყავდა ლიდა კარამანოვნას და ჩემი მეორე დედა იყო.  თუმცა თავიდან როცა გადმომიყვანეს, დედა არ მშორდებოდა და 10 დღე ისიც ჩვენთან ერთად  იყო. მე და ლიდა კარამანოვნამ გავაცილეთ და ვერ წარმომედგინა, მის გარეშე როგორ უნდა ვყოფილიყავი. გაცილების დროს აღშფოთებულმა ვუთხარი დედას, მტოვებ ამ მოხუცთან, ნუთუ ასე არ გიყვარვარ მეთქი? ტირილი დავიწყე. მიპასუხა, შვილო, რომ მიყვარხარ ამიტომაც გტოვებო და მართლაც, ამ ოთხმა წელმა მომცა ბევრი რამ, გამოიმუშავა ბრძოლისუნარიანობა და სწავლის უნარი. ვსწავლობდი კარგად. არ მინდოდა ჩამოვრჩენილიყავი ჩემს თანაკლასელებს.

47-ე სკოლაში მიმიყვანეს. საუკეთესო კლასში მოვხვდი და არაჩვეულებრივი პედაგოგები  გვასწავლიდნენ. ეს წლები ჩემთვის დაუვიწყარია. მე-11კლასი რომ ვამთავრეთ, ლადო გუდიაშვილის სახელოსნოში წაგვიყვანა საუკეთესო მოსწავლეები სკოლის დირექტორმა. ბატონი ლადო დაგვხვდა. აღვფრთოვანდით მისი ნამუშევრებით და დახვედრით. არაჩვეულებრივი, დინჯი კაცი იყო და ყველას გამოგვკითხა, ვინ სად აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ორს გვინდოდა  ექიმობა.  მე კედელთან ვიდექი  და რომ ვუთხარი ექიმობას ვაპირებ მეთქი, მითხრა, თქვენ კარგი, წარმატებული ექიმი გამოხვალთ თუ იშრომებთო. ახლა ვიხსენებ და გაოცებული ვარ, როგორი წინასწარმეტყველი ყოფილა.

_ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრეთ?

_ სკოლის დამთავრების შემდეგ დედამ  მოსკოვში წამიყვანა და გენერლის ქვრივს,  ალექსანდრე კანსტანტინოვნას მიმაბარა. ამჯერად ამ ქალბატონის  სახლში ვიყავი და  შვილივით ზრუნავდა  ჩემზე. შემდეგ გადავედი საერთო საცხოვრებელში, სადაც  ყველაზე უბრალო ოჯახებიდან  მე და სტუდენტი  სმიროვი ვიყავით. სხვები გავლენიანი მშობლების შვილები იყვნენ.

 

 

უმაღლესი რომ დავამთავრე ჩამოვედი საქართველოში, თუმცა დიდი სურვილი მქონდა, დავრჩენილიყავი მოსკოვში და კარიერა  იქ გამეგრძელებინა. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ  დედაჩემის მამიდის დიდმა სიყვარულმა ჩამიმიყვანა თბილისში.  უკვე მოხუცი იყო, შვილი არ ჰყავდა და მე ვუყვარდი შვილივით.

რუსეთი ისე მიყვარდა, ჩემი მეორე სამშობლო მეგონა. იქ დავამთავრე უნივერსიტეტი, არაჩეულებრივი მეგობრები მყავდნენ. თუმცა რაც ამ ქვეყანამ  გააკეთა 2008 წელს  საქართველოში, ეს მიუღებელია. მე მათ მეგობრად ვთვლიდი და ახლა, სურვილიც აღარ მაქვს მოსკოვში ჩავიდე, მათთან ურთიერთობა მქონდეს.

ჩემს ცხოვრებას ბრძოლა თან სდევს.  უმაღლეს სასწავლებელში, პირველ კურსზე 30 ქართველი ვიყავით, მაგრამ აქედან  მხოლოდ ექვსმა  დაამთავრა, დანარჩენები გარიცხეს. გვყავდა კათედრის გამგე ფარბერი, რომლსაც ჩემი კლასელი არ მოსწონდა. ამის გამო მეც ამითვალწუნა და მის გამო უნივერსიტეტიდან მრიცხავდნენ. მთელი ჯგუფი და უნივერსიტეტის ლექტორები ჩაერივნენ, რადგან წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და კარგად ვსწავლობდი. ჩემმა ჯგუფელებმა მოსთხოვეს რექტორს, დაეშვა გამონაკლისი და მე ჩამებარებინა გამოცდები. ამ გამოცდაზე  მივიღე უმაღლესი შეფასება, რის შემდეგაც მთელმა ჯგუფმა ამირჩია ჯგუფხელად და უნივერსიტეტის დამთავრებამდე  ვიყავი ჯგუფხელი.

საქართველოში მოთხოვნა იყო, 2 წელი რაიონში უნდა ემუშავა ახლადდამთავრებულ ექიმს. სადაც დავიწყე მუშაობა,  რამოდენიმე თვეში იქ შეიქმნა საქარხნო რაიონი. იქიდან გადავედი ლეჩკომბინატში. კონსილიუმებზე ბევრს ვსწავლობდი. ჩემი პროფესორი იყო ცნობილი კარდიოლოგი – გაიოზ ცინცაძე. მან შემომთავაზა, განყოფილების გამგედ წავსულიყავი მასთან. იქაც ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. ძალიან მიყვარდა ჩემი პროფესია და მალე გამივარდა სახელიც. ფულს არ ვიღებდი, სულ ვმუშაობდი და ფაქტობრივად საავადმყოფოში ვცხოვრობდი.

  _ ახლა ვის ებრძვით? 

_ 1986  წლიდან  ამ კლინიკაში ვარ და 1990  წლიდან უკვე ბრძოლა დამიწყეს. ბოგდანხმელიცკზე  გავხსენით სავაადმყოფო, ,,ვაგი“ დავარქვით იმიტომ, რომ ვახტანგმა, ანზორმა და გიორგიმ დავარსეთ ეს კლინიკა. მოკლე დროში იმხელა ავტორიტეტი მოვიხვეჭეთ, რომ ყველა ჩვენთან მოდიოდა.

1996 წლის 1 აპრილს გავხსენი  კლინიკა „გული“.   5 წლიანი იჯარით მქონდა აღებული შენობა და მას შემდეგ დაიწყო სასამართლო პროცესები. 13 სასამართლო მქონდა და ყველა სასამართლოზე მაგვიანდებოდა პაციენტების გამო. სასართლო რა დროსაც იყო ჩანიშნული, რატომღაც სწორედ მაშინ, მძიმე ავადმყოფს შემოიყვანდენ ხოლმე და გამოვრბოდი, რომ მიმეხედა მისთვის. მაშინ ჩემი გუნდი არ მყავდა. ახლა გუნდთან ერთად ვმუშაობ.

 

წარმოიდგენთ, რომ არასდროს დამისვენია, თუ არ ჩავთვლი ერთ ფაქტს, როდესაც ქობულეთში ოჯახთან ერთად წავედით.  უამრავი ჯილდო აქვს აღებული ჩვენს კლინიკას კანში, დუბაიში, ოქსფორდში, ორდენი – ,,ეკონომიკის ვარსკვლავი”. ეს ჯილდოები ავიღეთ ყველაფერი კომპანიის ეფექტური მართვისთვის, მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლებისა და დარგის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისთვის.

_ თქვენს ოჯახზეც მოგვიყებით…

_ 30 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი შევქმენი. მყავს მეუღლე და ორი შვილი, ქალ-ვაჟი. არცერთ მშობელს არ უნდა,  რომ შვილი გაიმეტოს სალანძღვად. ნიკას პოლიტიკოსობა არ მომწონს, მაგრამ ერთადერთი რაც გავუკეთე ისაა, რომ კარგი სწავლა-განათლება მივეცი, ოქსოფრდი დაამთავრა. ნიკა პატიოსანი ბიჭია, ვერ იტანს ტყუილს  და  არასდროს იტყუება.

მე და ჩემს მეუღლეს გვიმძიმს ნიკას ლანძღვის მოსმენა, მაგრამ პოლიტიკა ასეთია. ჩვენი შვილი იბრძვის სამართლიანობისთვის და სხვაგავარად, ალბათ არც გამოვა. ბედნიერი ვიქნებოდი,  ნიკა პოლიტიკაში რომ არ იყოს.

მყავს შვილიშვილი,  2 წლის და 4 თვის სანდრო. სანდროს თუ კითხავთ, რა უნდა  გამოხვიდეო, აუცილებლად  გეტყვით –  ანზორი, გულის ექიმიო. შვილიშვილი ყოფილა ბედნიერება. ნიკა ვერ გავზარდე ექიმად, მაგრამ  სანდრო აუცილებლად იქნება  ,,გულის ექიმი ანზორი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close