მსოფლიო

მოლა მუჰამად ჰასან ახუნდია: ავღანეთში ყველაფერი იქნება ისლამისა და შარიათის კანონების მიხედვით

,,თალიბანის ახალ მთავრობაში არაა წარმოდგენილი არცერთი ქალი და არცერთი შიიტი..."

ეს “თალიბანის” მიერ დაკომპექტებული ავღანეთის ახალი “მთავრობის” ხელმძღვანელი მოლა მუჰამად ჰასან ახუნდია.
ერთ-ერთი პირველი, რაც მან განაცხადა, არის ის, რომ ამიერიდან ავღანეთში ყველაფერი (მათ შორის, საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება სასწავლებლებში) იქნება ისლამისა და შარიათის კანონების მიხედვით (ანუ აიკრძალა მაგალითად ადამიანის ევოლუციის საკითხის სწავლება).
პაკისტანის უშუალო მითითებებით ჩამოყალიბებული”თალიბანის”ახალი “მთავრობის” შესახებ:
– მასში არაა წარმოდგენილი არცერთი ქალი;
– მასში არაა წარმოდგენილი არცერთი შიიტი (ავღანეთში დაახლოებით 4 მილიონი შიიტი ცხოვრობს, რომლებიც “თალიბანის” მხრიდან არაერთხელ გამხდარან შევიწროების მსხვერპლი);
– მიუხედავად იმისა, რომ “თალიბანმა” “ინკლუზიური მთავრობის” ჩამოყალიბების პირობა დადო, რეალობაში გამოჩნდა, რომ იგი ეთნიკურად პუშტუნურია (მაშინ, როცა პუშტუნები მთელი ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 42%-ს შეადგენენ). 33 ახალი მმართველიდან მხოლოდ სამია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი, ისიც მხოლოდ ფორმალობისთვის;
– 4 ახალი “მინისტრი” გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარია, სადაც სასჯელს ტერორიზმის ორგანიზების ბრალდებით იხდიდნენ;
– FBI-ს მიერ ტერორიზმის ბრალდებით ახლაც იძებნება ავღანეთის ახალი “მთავრობის” “შინაგან საქმეთა მინისტრი” სირაჯუდინ ჰაქანი. მასზე 5 მლნ აშშ დოლარის ჯილდოა დაწესებული.
ახალი “მთავრობას” და სახელმწიფო წყობას (“თალიბანმა” ქვეყანას “ავღანეთის ისლამური საემიერო” დაარქვა) აქვს აღიარების პრობლემაც. ქვეყნების უმეტესობა ბევრი მიზეზის გამო არ ჩქარობს მის აღიარებას (თუმცა, “თალიბანის” მოკავშირეები ალბათ მალევე აღიარებენ).
მანამდე კი ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას: გაეროს მონაცემებით, ავღანეთში უკვე თავდება სურსათი, სადაც ბავშვების 50% ამათუიმ ფორმით საკვების ნაკლებობას განიცდიდნენ. გარედან დახმარება კი, რომელიც მთელი GDP-ის 40%-ს შეადგენდა, შეწყვეტილია “თალიბანის” ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან.
ასეთი სიტუაცია კი კიდევ უფრო არასტაბილურ და ფეთქებად სიტუაციას ქმნის როგორც ავღანეთში, ისე მის გარშემო და შეიძლება გადაიზარდოს როგორც შიდაეთნიკურ და კონფესიურ დაპირისპირებაში, ისე ლტოლვილთა ახალი ნაკადების დაძვრაში.
ზურა ბატიაშვილი, აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close