1-ელი ივნისიდან ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას “მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი” ამოქმედდება. ვალდებულება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებსაც (საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს) დაეკისრება. თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ, „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

„ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები თუ საკრედიტო ინსტიტუტები უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებული მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე. თუ აქამდე ეს საფინანსო ინსტიტუტის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, ახლა ვალდებული იქნებიან ახალი წესის შესაბამისად მოიქცნენ. ახალი წესის მიხედვით კი, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ვადაგადაცილების შესახებ მსესხებელსაც, თანამსესხებელსაც და თავმდებ პირსაც 5 დღის ვადაში აცნობოს. ასევე, ახალი წესის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია მომხმარებლებთან სესხის ამოღებისას ურთიერთობის ეთიკის კოდექსი შეიმუშაოს. ეს კი ნიშნავს, რომ უფრო ეთიკურად უნდა მოექცნენ მომხმარებელს. ყოფილა შემთხვევები, როცა მომხმარებელი არაკეთილსინდისიერად იქცევა, იმალება, თანხას არ იხდის მაგრამ ამ შემთხვევაში მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები უნდა გატარდეს. ორგანიზაციას სრული უფლება აქვს იურიდიულად ედავოს, მაგრამ არა მუქარით. ხელშეკრულებაში არსად წერია, რომ ორგანიზაციის თანამშრომელმა უნდა დაურეკოს და მომხმარებელი „ძველბიჭურად აკაჩავოს“, – აღნიშნა კეპულაძემ.

კომენტარები
Загрузка...