მოძრაობა ,,დაიცავი კონსტიტუციაში’’ შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვენეციის კომისიას სპეციალური წერილით მიმართეს. პარტია ,,რეფორმატორების’’ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა საინტერესო და საგულისხმოა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა.
 ,,ჩვენ, მოძრაობა ,,დაიცავი კონსტიტუციაში’’ მყოფი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ორგანიზაციები ინტენსიურად ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, გუშინ შევხვდით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და დღეს გავაგზავნეთ ოფიციალური წერილობითი მიმართვა ვენეციის კომისიისადმი. მიგვაჩნია, რომ კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ კომისია საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებს განიხილავს, ჩვენ გადავწყვიტეთ მათთვის გვეცნობებინა ყველა ის პოტენციური საფრთხე, რომელიც ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მორგებული რედაქციიდან გამომდინარეობს. ჩვენ კომისიის წევრებს ვაცნობეთ, რომ კონსტიტუციის ცვლილების ლეგიტიმურობის ერთ-ერთი მთავარი პირობა არის ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი, რომელიც სამწუხაროდ არ შემდგარა. ჩვენ ვიყენებთ ყველა სამართლებრივ და პოლიტიკურ ბერკეტს ოლიგარქის მარიონეტული ხელისუფლების მზაკვრული ნების საწინააღმდეგოდ, თუმცა საბოლოო სიტყვა უნდა თქვას ქართველმა ხალხმა, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუცია ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. იმედი გვაქვს უკვალოდ არ ჩაივლის ჩვენი მცდელობა და ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად შევძლებთ ხელისუფლების უზურპაციის, ძალაუფლების მიტაცების და ინსტიტუციური ნგრევის შეჩერებას ’’ – ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.

 

კომენტარები