რედაქტორის გვერდისამართალი და კრიმინალი

„მივმართავ პრემიერს, მინისტრთა კაბინეტს, დევნილების გაბრაზება ძვირი დაგიჯდებათ!“

ცნობილი ადვოკატი – ზურაბ თოდუა საინფორმაციო სააგენტოსთან, „ევრონიუსი“, დევნილთა სამინისტროს უნიათობაზე ალაპარაკდა. იგი აცხადებს, რომ დევნილების პრობლემებს ვიღაც-ვიღაცეები გამოიყენებენ და მათ ქუჩაში, ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყვანენ.

ზურაბ თოდუა:  

_ დევნილთა შემწეობის შეწყვეტის შესახებ აგორებული აჟიოტაჟი ნათლად ემსახურება ერთ მიზანს, გამოიყვანონ ქუჩაში ხელისუფლებაზე განაწყენებული დევნილები (სავარაუდოდ, ამ ტალღას სათავეში ოთო კახიძე და ელენე ხოშტაია ჩაუდგებიან). სწორედ სოზარ სუბარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი შესაძლოა გახდეს მიზეზი, ქვეყანაში ხელისუფლების საწინააღმდეგო ახალი, არც ისე სასიამოვნო მოძრაობისა (ინიციატივის სოციალური დანაწესები დევნილებს ძალიან გააბრაზებს, ხოლო ინიციატივის პოლიტიკურ ხასიათს, პირველთან ერთად, ხელისუფლებაზე გაბრაზებული ოპოზიცია (სრულიად სამართლიანად) გამოიყენებს და მას არა მარტო ამჟამინდელი ოპოზიცია დაუჭერს მხარს.  მაკვირვებს, რატომ გადის ეს თემა პირველ ნიუსად და რატომ არ იღებენ ხმას სოზარ სუბარის პატრონები. არანაკლებ საკვირველია, რატომ არ ინტერესდება ხელისუფლება ამ სამინისტროში გამეფებული, ლამის და დაკანონებული უნიათობით, არაკომპეტენტურობით, კორუფციის შესახებ მოარული, დამაჯერებელი ხმებით, დევნილთა უფლებების დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციებით.

_თქვენ რას ფიქრობთ, ასე რატომ ხდება?
_ ამ სამინისტროს შესახებ ჩემი პირადი ურთიერთობების შედეგად ჩამოყალიბებული აზრით, სამინისიტრო ჩარჩენილია 70-80-იან წლებში და ყველა წინაპირობაა იმისა, რომ განხორციელდეს მისი სრული (ამ სიტყვის სრული მნიშვნელიობით, ადამიანური რესურსების ჩათვლით) დემონტაჟი, რეორგანიზაცია, რეფორმა. (დამწყები რეჟისორიც კი შეძლებს „ცისფერი მთები 2”-ის გადაღებას).
ჩემი მოსაზრების საფუძვლები კი ასეთია:
 ფაქტი I.
სამინისტროში კვლავ გასული საუკუნის 70-80-იანი წლებია. აქ მოხვედრილი დასაქმებული მოხელეები სხვა აზრის უფლებას არ მოგცემენ. დევნილებთან (და არა მარტო) ისეთ ურთიერთობაში არიან, თითქოს, ამ გაუბედურებულ ხალხს რაიმე ვალი ჰქონდეს მათი. (კომუნისტების დროინდელი მოხელე არ გაგიღიმებდა თუ რაიმე საინტერესოს არ შეხედავდა ან არ იგრძნობდა). სულ ცოტა ხნის წინ, სამინისტროში მისულ დევნილს, კომუნიკაციისათვის (საშვის ფორმა) კისერზე უნდა ჩამოეკიდა ლამინირებული A 4 ფორმის თაბახის ფურცელი).
ფაქტი II.
სამინისტროს კომპეტენტური მოხელეები – ძალიან შორს დგანან მათზე დაკისრებული ვალდებულებებისაგან ან მიზანმიმართულად არ ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას (ცისფერი მთებია ისედაც და ხომ არ უღალატებენ სახელს), ან არ ერკვევიან მოვალეობებში.
ფაქტი III.
წინასაახალწლოდ, სამართლებრივი დახმარებისათვის მომმართა იძულებით გადაადგილებულმა პირმა ოჩამჩირიდან, რომელიც მთელი დევნილობის პერიოდი, სრულიად კანონიერად ცხოვრობდა, თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში. დევნილის საცხოვრებლით ინვესტორი დაინტერესებულა. მისი ინტერესი ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციულ აქტში აუსახავს (ამ აქტით, დევნილი უნდა გადასულიყო იქ, სადაც ინვესტორი ჩათვლიდა საჭიროდ). ასეთ შემთხვევებში, კანონმდებლობა ავალდებულებს დევნილთა სამინისტროს, დაიცვას დევნილის ინტერესები, იყოს მისი წარმომადგენელი. ამ ვალდებულებიდან გამომდინარე, დევნილს შევუდგინე სათანადო განცხადება სოზარ სუბარის სახელზე, სადაც მოვათხოვინე მისი ინტერესების დაცვა ეკონომიკის სამინისტროში, დევნილის ინტერესების საზიანო ადმინისტრაციული აქტის გასაბათილებლად. სამინისტრომ (ვინმე, აბლოთიამ) განცხადება რეაგირებისათვის გადაუგზავნა ეკონომიკის სამინისტროს, ანუ არ შეასრულა რა მისი ვალდებულებები, დევნილი დატოვა სახელმწიფო აპარატთან პირისპირ.
იძულებული გავხდი ჩავრეულიყავი, როგორც ადვოკატი. რამდენიმე საჩივრის შემდეგ, ინვესტორმა მკვეთრად გააუმჯობესა შეთავაზება და დევნილმა შეძლო ღირსეული პირობების მოპოვება.
იბადება კითხვა, რომ არ ჰქონოდა ამ დევნილს შესაძლებლობები, დაეცვა მისი უფლებები, ადვილი წარმოსადგენია რა პრობლემები შეექმნებოდა სასამართლო დავებით (არაფერს ვამბობ მატერიალურ დანახარჯებზე) და შემდეგ რას აპირებდა გაზულუქებული თუ არაკომპეტენტური სამინისტროს ჩინოვნიკი, რომელმაც არ შეასრულა მისი მოვალეობა.
 ფაქტი IV.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა არც თუ ისე უმნიშვნელო თანხები დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. კორუფციული ვირუსით შეპყრობილი ადამიანები კარგად ითბობენ ხელებს ამ სინამდვილით.
ამასწინათ, წალკაში, ერთ-ერთი დევნილისათვის, სამინისტრომ შეიძინა საცხოვრებელი 2 500 აშშ დოლარად. გააფორმა ნასყიდობა „მესაკუთრის მინდობილობით აღჭურვილ პირთან”, ქონება დაარეგისტრირა მის სახელზე და უფლება მისცა დევნილს ქონებით სარგებლობისა.
გარკვეული დროის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ ქონების მესაკუთრეს არ მიუცია არავისათვის მისი ქონების გაყიდვის უფლება. სამინისტროსთან დადებული ნასყიდობის მეორე მხარეს (გამყიდველს), თურმე რუსეთის ფედერაციაში დამზადებული ყალბი მინდობილობა ჰქონია გამოყენებული.
ქონების მესაკუთრემ ყველა ინსტანციაში მოუგო დავა დავნილთა სამინისტროს. ამდენად, დაიკარგა ბიუჯეტის თანხა, დაახლოებით 6 000 ლარი. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „სამინისტროს ასეთი ტიპის გარიგებების დადებისას უფრო მეტი წინდახედულობის სტანდარტი მოეთხოვება, რაც მას არ გამოუყენებია. იგი ვალდებული იყო უფრო მეტი ინფორმაციები მოეპოვებინა ქონების უფლებრივი ნაკლის გამოსავლენად”.
ამჯერადაც იბადება კითხვა, რატომ არ მიმართა სამინისტრომ მის პირდაპირ ვალდებულებას, მით უფრო მაშინ, როდესაც სამინისტროში დასაქმებულნი უხვად არიან ყოფილი მოსამართლეებიც კი.
ამ კითხვაზე, დიდი ალბათობით, პასუხი ერთია – სწორედ რომ კოპუფციული ვირუსით დაავადებულმა ადამიანებმა კარგად იცოდნენ რასაც აკეთებდნენ.
მიუხედავად ასეთი მაღალი დონის სამართლებრივი გადაწყვეტილებისა, დღეს არავინ ეძებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამქრალ 6 000 ლარს (ეს თანხა 135 დევნილის ერთი თვის ის შემწეობაა, რომლის შეწყვეტას აპირებს ს. სუბარი).
 ფაქტი V.
ქ. თბილისში, ცაბაძის #2-ში არსებულ დავაზე დევნილთა სამინისტრომ წააგო კერძო მესაკუთრესთან. სასამართლომ იგი დაავალდებულა, შეესწავლა შენობის მდგრადობა და მესაკუთრესთან გადაეწყიტა შენობით შემდგომი სარგებლობის ბედი.
სამინისტრომ ისარგებლა რა სახლემწიფო მდგომარეობით, არ შეასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც თავი აარიდა კანონის შესრულებას. იქ ჩასახლებული დევნილები კი გაუსაძლის და სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში მიატოვა ბედის ანაბარა. ამ ყოველივეთი ირკვევა, რომ სამინისტრო ჩადის დანაშაულს და ურღვევს კონსტიტუციით გარანტირტებულ უფლებას კერძო მესაკუთრეს.
ფაქტები კორუფციაზე
თბილისის საქალქო სასამართლოს წარმეობაშია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფისას გამოვლენილ ფაქტებზე.
ამ სფეროში გამოსაძიებელი მართლაც რომ ბევრია. უსაფუძვლოდ არ გაჩნდებოდა ხმები დევნილთათვის ქულების მისანიჭებლად საჭირო ინგრედიენტების შესახებ.
თქვენი სააგენტოს საშუალებით მივმართავ პრემიერს, მინისტრთა მთლიან კაბინეტს – დროა, მიხედოთ ამ სამინიტროს, ვიდრე დევნილები არ გაბრაზებულან და ამ გაბრაზებული ხალხით არ უსარგებლია ნაცბანდას და მის ნამსხვრევებს. დევნილების გაბრაზება კი ნამდვილად ძვირი დაგიჯდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close