საინტერესო

,,მთვარის მოტაცების” განხილვის დროს, მწერალთა კავშირს ცხენოსანი მილიცია იცავდა

საბჭოთა ცენზურამ რომანს მსახვრალი ხელი დაატყო...

გამომცელობა “პალიტრა” ამზადებს ახალ გამოცემას კონსტანტინე გამსახურდიას რომანისას- “მთვარის მოტაცება.” ეს რომანი არაერთი ლიტერატურის კრიტიკოსის (მათ შორის ლევან ბერძნენიშვილის) მიერ მიჩნეულია ყველაზე მაღალი დონის ქართული რომანების მინიმუმ სამეულშია.
რამდენადაც ჩვენში ბევრმა არ იცის მთელი რიგი გარემოებებისა, რაც ამ რომანს უკავშირდება, ამ პოსტში მოვყვები.
რომანის წერა მწერალმა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩამოვიდა თეთრ ზღვაში მდებარე სოლოვკის არქიპელაგის გადასახლებიდან და პატიმრობიდან, სადაც სასჯელს იხდიდა ანტისაბჭოურობის და გერმანიის კონსულთან, ცნობილ ქართველოლოგ დოქტორ ფონ ვეზენდონკთან მეგობრული ურთიერთობის ბრალდების გამო. რომანი (ტრილოგია, დაახლ. 750 გვერდი) ჯერ კი არ დაიდო თავიდან ბოლომდე და შემდეგ გამოქვეყნდა, არამედ დაიწყო წერა 1931 წელს და ყოველი თავი იბეჭდებოდა ჟურნალში “მნათობი.” არავინ იცოდა დასრულდება თუ არა, რამდენადაც არავინ იცოდა, ხომ არ შეაუბრუნებდნენ თავად მწერალს ციხეში უკვე სამუდამოდ.
1934 წელს, როდესაც დასრულდა წერა, მწერალთა სახლში მოეწყო განხილვა. განხილვის კომისიის თავმჯდომარე იყო ქართული ლიტერატურის კლასიკოსი მიხეილ ჯავახიშვილი. განხილვა გრძელდებოდა 4 დღე, მწერალთა კავშირს ცხენოსანი მილიცია იცავდა, რადგან ხალხის ინტერესი უდიდესი იყო. გამოვიდა პრაქტიკულად ყველა კრიტიკოსი, მწერალი და პოეტი გალაკტიონ ტაბიძის გარდა. მათი მცირე ნაწილი რომანს იწონებდა იმ მოსაზრებით, რომ მწერალი თითქოს შეურიგდა ახალ დროს და საბჭოთა ხელისუფლებას, უფრო დიდი ნაწილი კი მიუღებლად თვლიდა ამ რომანსაც და ანტისახელმწიფოებრივ მომენტებზე ამახვილებდა ყურადღებას, ხოლო აქედან გამომდინარე ლიტერატურულადაც იწუნებდა. მაგალითად ბესო ჟღენტმა რომანი თავიდან ძალიან მოიწონა, შემდეგ მწერლის უსუსტეს ნაწარმოებად გამოაცხადა. ბოლოს კი პოზიცია ისევ შეცვალა.
რომანის თავდაპირველ ვერსიაში არზაყან ზვამბაია კლავს თავის მამას, კაც ზვამბაიას. ეს თითქოს ლოგიკაში ჯდებოდა – რახან კაც ზვამბაია ძველ სამყაროს და ძველ წყობას განასახიერებდა. ცენზურასაც თავიდან მოეწონა, მაგრამ მერე დაფიქრდა – როგორ შეიძლება დადებითი გმირი მამას კლავდეს? ეს ხომ ამორალურია. ამიტომაც შემდგომ გამოცემაში მწერალს ეს და რამოდენიმე მომენტი ამოაღებინეს, წინააღმდეგ შემთხვევაში წიგნის აკრძალვაზე ჩამოუგდეს სიტყვა, რაც მათ ნამდვილად შეეძლოთ. სწორედ ეს ვერსია გამოდის ახლა, რომელიც ზვიად გამსახურდიამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 1990 წელს აღადგინა.
მიუხედავად ყველაფრისა, “მთავარის მოტაცება” არასოდეს თარგმნილა ევროპულ ენებზე. ეს ყველა ნიშნით აკრძალა საბჭოთა საავტორო ასიციაციის სააგენტომ, პრაქტიკულად სსრკ-ს უშიშროების კომიტეტის (KGB) ფილიალმა. რუსული თარგმანი ისევ თბილისში გაკეთდა, თუმცა ცენზურამ იქაც დაადო თავისი მსახვრალი ხელი ტექსტს – ამოიღეს რიგი ადგილები და 750 გვერდი 500 გვერდამდე დაიყვანეს, ასევე ამოიღეს ყველგან “გერმანია” (ან გერმანელი მწერლის, კომპოზიტორის ან ხელოვანის ხსენება) რომ ფაშიზმის ასოციაცია არ აღძრულიყო – სხვა შემთხვევაში ცენზურა ისევ წიგნის არდაბეჭვით იმუქრებოდა. ასეთია ამ წიგნის გამოცემის ისტორია.
კონსტანტინე, კოკო გამსახურდია, მწერლის შვილიშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close