ამონარიდები ნოე ჟორდანიას ქალიშვილის, ასმათ ჟორდანიას მოგონებებიდან (რადიო ,,თავისუფლების“ არქივიდან. აუდიო-ჩანაწერი დაცულია გურამ შარაძის ქართული ემიგრაციის მუზეუმში).

ასმათ ჟორდანია:
,,..მამაჩემს არ უნდოდა პრეზიდენტი ყოფილიყო… მერე შესთავაზეს, რომ დადგეს სასახლეში, სადაც ნამესტნიკი იდგა, მაგრამ მამაჩემმა თქვა: „არა! მე უნდა ბინა ავიღო და ვიცხოვრო ისე, როგორც ყველა ქართველები ცხოვრობს, თბილისში ცხოვრობენ“, მაგრამ ერთ დღეს, რაღაცა საშინელი ხმაური იყო, აუარება ხალხი მოვიდა. მე ძალიან მშიშარა ვიყავი და მეგონა, ჩვენი მოკვლა უნდოდათ. ხალხი იძახოდა პრეზიდენტი ნოე ჟორდანია გვინდაო. ნოე ჟორდანია უნდა იყოს პრეზიდენტიო. მამაჩემი გამოვიდა ბალკონზე და მიმართა მაგენს…
…ბებიაჩემი (ნოე ჟორდანიას დედა, ქრისტინე ჩიქოვანი. რ.შ.) გვიგზავნიდა ძალიან ბევრ ამანათებს _ ღომი, ყველი, ქათმები და მამაჩემს ეუბნებოდა, როცა ლანჩხუთში ჩავდიოდით, ,,მეუბნებიან, რომ შენ პრეზიდენტი ხარ საქართველოსი და მე უნდა გარჩინო?!“… მამაჩემი იყო ნამდვილი სოციალისტი, ფულის შესახებ მაგას არაფერი არ აინტერესებდა, მაგრამ საჭმელი საჭირო იყო და ბებია გვიგზავნიდა…
რომ მოხდა ეს მიწის რეფორმა, ჩავედით ლანჩხუთში და ბებია _ მაღალი ქალი, ლეჩაქში მუდამ ჩაცმული, შეხედა მამაჩემს და უთხრა: ,,შენ რას მიბედავ, ჩემი მიწები გლეხებს მიეცი? დამიბრუნე ამ წუთშივე!”… ,,რა მიქენი შენ უსვინდისო… მე თავადიშვილის ქალი ვარო და შენ რა გამიბედე ესო”…
(1924 წლის აჯანყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჟორდანიებმა პარიზში მიიღეს ცნობა, რომ ბებია ქრისტინე ავად გამხდარიყო, რ.შ.)
ასმათ ჟორდანია:
,,…მამაჩემი ძალიან მოწყენილი იყო… სულ ამბობდა: ,,მე არაფერი არ გამიკეთებია დედაჩემიზა, სულ წასული ვიყავი, ხან მიჭერდნენ, ხან წასული ვიყავი საზღვარგარეთ და საწყალი ჩემი დედა, ასე დაიტანჯა”. მაშინ მე ვუთხარი, რომ მე მინდა წავიდე და ვნახო ჩემი ბებია ქრისტინე. მამაჩემმა მითხრა: ,,მაშინ, თუ მართლა გინდა წასვლა, მიწერე წერილი აბელ ენუქიძეს მოსკოვში და სთხოვე ვიზა წასასვლელად”. მეც დავჯექი და დავწერე წერილი. ძალიან ჩქარა მივიღე პასუხი და ვიზა’’.
(მართლაც, ასმათ ჟორდანია საქართველოში დაბრუნდა. ბებიამ და შვილიშვილმა მალე გაიგეს, რომ აჯანყება მომხდარიყო, რ.შ).
ასმათ ჟორდანია:
,,მოვიდა 2 კაცი და გვითხრეს, რომ უნდა წამოგვყვეთ. სად? უნდა წამოგვყვეთ და ნახავთო. ჩაგვაჯინეს ავტომობილში და წაგვიყვანეს ჩეკაში… შეგვიყვანეს ოთახში. ბებიამ შეხედა და დაიყვირა: ,,რას მიბედავ, შენ, მაიმუნო!” შევხდე – პატარა კაცი იჯდა იქა და სულ დაპატარავდა, რომ დაინახა ბებია. თურმე ლანხუთის საპოჟნიკის ვაჟი. მოადგილე იყო სერიოჟა ქავთარაძესი…
დაგვიწყო ამ კაცმა ლაპარაკი, რომ მამათქვენმა მოაწყო ეს აჯანყება. მე ვუთხარი, რას ლაპარაკობ სისულელეს, მამაჩემი როგორ გამიშვებდა ბებიასთან, რომ სცოდნოდა, აჯანყება იქნებოდა. ესაა ხალხის სურვილი. მამაჩემი არაფერ შუაში არაა… მერე წაგვიყვანეს ზევით და ჩაგვკეტეს ერთ ოთახში. სხვა ტუსაღები ყველა პადვალში იყვნენ. გვესმოდა ღამე მოდიოდა კამიონი, მიყავდა ტუსაღები. მერე სროლა გვესმოდა…’’.
(მაშინ, ნოე ჟორდანიას სახელს, ჯერ კიდევ ძლიერი გავლენა ჰქონდა როგორც ხალხში, ისე ბოლშევიკებში. რამოდენიმე ხნის შემდეგ, მისი დედა და ქალიშვილი გაათავისუფლეს და საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთმა მეთაურმა, სერგო ქავთარაძემ, პირადად გამოამგზავრა ასმათი მშობლებთან, პარიზში, რ.შ.).
ასმათ ჟორდანია:
,,ბებიაჩემმა არაფრით არ ქნა. ვერ დავტოვებ ჩემს სახლს, ჩემს ქათმებს და ჩემს ოჯახსო. და საწყალი ბებია დარჩა… სულ ვტიროდი, სულ ჩემს თვალწინ ვხედავდი ამ საწყალ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე დატანჯეს და მთელი საქართველო ტიროდა, იმდენი შვილები დახვრიტეს და ქმრები… მამაჩემი საშინელი შეწუხებული იყო, დედაჩემიც…. ვუამბე ყველაფერი. მამაჩემმა წამოიტირა, საწყალი ხალხიო, რა დღეში არისო. ასე გათავდა ჩემი მგზავრობა…
მე ძალიან მეცოდებოდა მამაჩემი. მთელი მისი ცხოვრება შეწირა თავის ქვეყანას… ყოველ დღე დავდიოდი მაგასთან… უკანასკნელად რომ მოვედი, საშინელი სიცივე იყო და ახლა უნდა წავსულიყავი. მამაჩემმა ჩაიცვა თავისი პალტო და მეუბნება, „უნდა გაგაცილო“. მე ვუთხარი: ,,მამა, ნუ გამოდიხარ, ხნიერ ხალხიზა არ ვარგა”. “არაფერი არ მიჭირსო, თბილი შუბა მაქვსო“. ის შუბა, რომელიც ეცვა სულ, ციმბირში რომ იყო და იქ…. გამაცილა ცოტა და… მითხრა… ,,იცოდე, დედ-მამა კვდება და შვილები რჩებიან და არ დაგავიწყდეს ეს!”. საშინელი სიცივე იყო…’’
(იმ ღამესვე გარდაიცვალა, 1953 წლის 11 იანვარს, რ.შ.)

კომენტარები