,,პრემიერ-მინისტრმა ახლახანს გაავრცელა განცხადება, რომელიც თავისი შინაარსით, პათოსით და დემოკრატიული აქცენტებით დიამეტრალურად განსხვავდება 2 დღის წინანდელი მისივე განცხადებისგან. ასევე განსხვავდება იმ დამთრგუნველი რიტორიკისგან, რომელიც ჰქონდათ საქართველოს პარლამენტის წევრებს უმრავლესობიდან და მინისტრებს ამ დღეების განმავლობაში. სახელმწიფოს შიგნით სხვადასხვა საზოგადოებრივი და სამოქალაქო ჯგუფების პროტესტმა, ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის აქტიურმა სამოქალაქო პოზიციამ, საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციამ გამოიწვია ეს ცვლილება.
საქართველოს პოლიტიკურმა მმართველობამ – პრეზიდენტმაც, პარლამენტმაც და მთავრობამაც – მკაფიოდ უნდა განუმარტონ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ქვაკუთხედია და იგი არავისთან ივაჭრებს ადამიანის უფლებების თემით. აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტის მიუკერძოებელი და დროული გამოძიება საჭიროებს ახლა მეტ სამოქალაქო კონტროლს. რაც შეეხება აღმასრულებელი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთაც ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი უპასუხისმგებლო და არაადექვატური განცხადება აკეთეს, მთავრობა დროულად უნდა გამოემშვიდობოს. წესით და რიგით, თანამედროვე სახელმწიფოში ნებისმიერი მინისტრი თავად უნდა გრძნობდეს თავის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას,” _ აცხადებს  შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.

  დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა:

„მინდა განცხადება გავაკეთო აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე და აღვნიშნო, რომ ეს, პირველ რიგში, აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, უპირველესი ამოცანაა, ყველა კითხვას მაქსიმალურად მოკლე დროში გაეცეს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესშია, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. სწორედ ამიტომ, სამართალდამცავი უწყებები აქტიურ კომუნიკაციაში არიან როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ ღია თანამშრომლობისთვის.

ჩვენ საკმაოდ რთული გზა გავიარეთ და დღეს ვართ სამართლებრივი, დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მიისწრაფის ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, იზიარებს მათ ფასეულობებს, აღიარებს კანონის უზენაესობას და იცავს ადამიანის უფლებებს. ჩვენ არაფრის ფასად დავთმობთ ამ მონაპოვარს და კვლავ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს ქვეყანაში თითოეული ადამიანის უფლებები სრულად იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის მოქალაქეა იგი, ან როგორი პოლიტიკური შეხედულებები აქვს.

აქვე, მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.”

კომენტარები