რედაქტორის გვერდისაზოგადოება

მეუღლე სარეცელზეა მიკრული, შვილი უმუშევარია… – რა ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მისაღებში?

სოციალურად დაუცველის სტატუსს მიღმა დარჩენა, გადაუდებელი და ძვირადღირებული ოპერაციების დაფინანსება, შშმ პირებისათვის აუცილებელი ატრიბუტიკის შეძენა, წამლების შესაძენად საჭირო თანხით დაფინანსება – ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომლებიც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მისულ პირებს აწუხებთ.

  euronews.ge-ს ჟურნალისტები დავინტერესდით ზემოთ მოყვანილი პრობლემებით და ვესტუმრეთ აღნიშნულ სამინისტროს.

შესვლისთანავე ჩვენი ყურადღება მიიპყრო ორმა მოხუცმა ქალბატონმა, რომლებსაც დაღლილობა ეტყობოდათ სახეზე. მივუახლოვდით მათ და გავიგეთ მათი აქ ყოფნის მიზეზი.

,,თავში სიმსივნე მაქვს, გადავიტანე მენენგიტი, ორჯერ გულის ინფარქტი. 2013 წელს მომიხსნეს სოციალურად დაუცველის სტატუსი. უკვე მერამდენედ ჩამოვედი გორიდან. გვატყუებენ, შვილო, დადიოდნენ მასიურ შემოწმებაზე, მაშინ არც ტელევიზორი უნდა გვქონოდა, არც საწოლი და იატაკზე უნდა ვწოლილიყავით,“ – განაცხადა 75 წლის, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა, ნელი ტლაშაძემ.

მეორე ქალბატონს, 87 წლის ჟუჟუნა ცარციძესაც იგივე პრობლემა ჰქონდა. მას 2016 წელს შეუჩერეს სოციალურად დაუცველის სტატუსი, როგორც გვიამბო, გულსისხლძარღვთა დაავადება აქვს, სახლში კიდევ ორი ავადმყოფი- საწოლს მიჯაჭვული მეუღლე (ისიც გულსისხლძარღვთა დაავადებით)  და ფსიქიკურად დაავადებული ქალიშვილი ჰყავს. რითი უნდა ირჩინონ თავი, არ იცის. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების კიდევ ერთხელ გადამოწმებას სთხოვს, თუმცა დიდი იმედი არ აქვს, რომ დაეხმარებიან და რაიმეს შეცვლიან.

„პენსია, 180 ლარი, წამლებში არ გვყოფნის. მეუღლე დავარდნილი, სარეცელზეა მიკრული, ვერ დადის, არ სძინავს. ჩემი ბიჭი უმუშევარია… ტყუილები ჩამიწერეს, ბებო. 46 ათასი ქულა მქონდა და 21 ათასამდე ჩამოიყვანეს,“- გვიამბო ქალბატონმა ჟუჟუნამ.

როგორც გაირკვა, ყოველ მოსვლაზე ახალ-ახალ საბუთს სთხოვდნენ და ამიტომ დღემდე არ აღუდგენიათ სოციალური დახმარება.

ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში გამოვიკითხეთ ათეული ადამიანი, უმრავლესობა მათგანმა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, მიზეზად კი ასახელებდნენ შესაძლო პრობლემის შექმნას სამინისტროს მხრიდან.

რამდენიმე მათგანის იქ ყოფნის მიზეზი კი იყო წამლებისა და შშმ პირისათვის ეტლის შესაძენად საჭირო თანხით უზრუნველყოფა.

ასევე, შევხვდით ქალბატონს, რომელიც მეორედ იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროში, რათა დაეფინანსებინათ მისი შვილისთვის გულის ოპერაციისათვის საჭირო თანხით, 17 ათასი ლარის ოდენობით.

ჩვენს მიერ მოყვანილი კონკრეტული ადამიანების გარდა, კიდევ უამრავია მსგავს სიტუაციაში, რომლებიც ყურადღებასა და დახმარებას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან.

გვიამბეთ თქვენი პრობლემების შესახებ და euronews.ge გააშუქებს მათ.

დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 579 260 960 – თაკო კვარაცხელია.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close