სხვა

„მას შემდეგ ბურნუთას მეძახიან“

ვახტანგ ფანჩულიძე: „ფარაჯანოვმა მითხრა, შენ ქართველი რომეო ხარო“

მსახიობი ვახტანგ ფანჩულიძე ფართო საზოგადოებამ გიორგი შენგელაიას ფილმით, „სიყვარული ყველას უნდა” გაიცნო. მისი კინოში ნათლობა კი რეზო ესაძის ფილმით მოხდა. თავის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ბატონი ვახტანგი ,,გზასთან“ ყვება:

.

– ხელოვნებაში ბატონი რეზო ესაძის წყალობით მოვხვდი, ფილმში პირველად მან გადამიღო. მე-4 სკოლაში ვსწავლობდი. გამოსაშვები გამოცდების პერიოდი იყო. ბიჭები ხიდთან ვიკრიბებოდით, ვთამაშობდით, ანეკდოტებს ვყვებოდით, ვერთობოდით. იყო ასეთი თამაში – “ნამიოკობანა”, როცა მეწყვილეები ჟესტიკულაციით უხსნიან ერთმანეთს ფილმს. სწორედ იმ დროს, როცა ჩემს პარტნიორს “შესანიშნავ შვიდეულს” ვუხსნიდი, ესაძემ დამინახა. დიდხანს გვიყურებდა დაჟინებით და გვაკვირდებოდა. თურმე ფოტოებსაც გვიღებდა. ჩვენი ყურადღებაც რომ მიიქცია, წამოვიდა. დავიბენით, გაგვიკვირდა, ზოგიერთი გაიქცა კიდეც… მე დაველოდე. ბატონი რეზო მოვიდა და მითხრა, – რეჟისორი ვარ, ახალი ფილმისთვის გმირს ვეძებ და ვფიქრობ, იმ პერსონაჟს შეესაბამები, შენ გგავსო.

– შენსავით თმახუჭუჭა და გრძელწამწამააო?..

– ჰო (იღიმის). მერე მთხოვა, თამაშის დროს ფილმის ახსნის პროცესი გამემეორებინა. გოგონებთან მორიდებული და შებოჭილი ვიყავი, ბიჭების “კამპანიაში” – თამამი და გახსნილი, ამიტომ ბატონ რეზოსთან იმავეს გამეორება არ გამჭირვებია. მოვეწონე, ფოტოები გადაიღო და 1 კვირის შემდეგ სინჯებზე დამიბარეს. ეს იყო “ერთი ნახვით შეყვარება”. ამ დროს 18 წლის ვიყავი, ჩემი გმირი კი – 17-ის. ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ სერგო ფარაჯანოვი კინოსტუდიის დერეფანში შემხვდა და მითხრა: შენ ქართველი რომეო ხარო. ერთგან ინტერვიუშიც თქვა, – ჩვენ შეგვიძლია შექსპირის “რომეო და ჯულიეტას” გადაღება, რადგან უკვე გვყავს რომეო ვახტანგ ფანჩულიძის სახითო. მოგვიანებით, როცა ის “სურამის ციხეს” იღებდა, თავისი სცენარი მაჩუქა, ყდის შიდა მხარეს რუსული წარწერით: “ახალგაზრდებს შორის, უდიდეს მსახიობს ვახტანგს. მისი საყვარელი მეგობრისგან, სერგო ფარაჯანოვისგან”. დღემდე ძვირფასია ეს ნივთი ჩემთვის.

-ვინ მოგმართათ პირველად თქვენი პერსონაჟის, ბურნუთას სახელით?

–  ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ გიორგიმ მითხრა, – შენი სახელი დაივიწყე, იცოდე, აწი ყველა ფილმის პერსონაჟის სახელით მოგმართავს, წლები გავა და ხალხს მაინც ეხსომებიო. ასეც მოხდა. თბილისში ფილმის პრემიერის შემდეგ, მეორე დღიდან ვიგრძენი ხალხის ყურადღება, ქუჩაში თვალის გაყოლება. ყვავილებიანი პერანგი, რომელიც ფილმში მაცვია, ძალიან მომწონდა, ბატონ გიორგის ვთხოვე და წამოვიღე. ხანდახან მეცვა ხოლმე. ფილმი 1 კვირის გამოსულია, ვდგავარ ეზოში, მოდის ქალი მე-5-6 კლასელ ბიჭთან ერთად. ბავშვმა დამინახა და დედას ჩემზე ანიშნა. მომიახლოვდნენ და შეჩერდნენ. ქალბატონი გამომელაპარაკა და როცა გაიგო, მართლა ის ვიყავი, ვინც მის შვილს ვეგონე, ბავშვს ძალიან გაუხარდა, შემომახტა და ჩამეხუტა. მაშინ ვიგრძენი, რა ბედნიერებაა მსახიობობა. მას შემდეგ ნახევარი საქართველო “ბურნუთას” მეძახის, დიდ სიამოვნებას განვიცდი. ვახტანგი მეხამუშება.

რაც შეეხება პირადს, მომავალი მეუღლე, ირინა კოხტაშვილი მეგობრის ბანკეტზე გაიცნო. ერთად იცეკვეს, მოეწონა და მეორე დღეს შეხვედრა შესთავაზა. ამ დროს “სიყვარული ყველას უნდა” ჯერ არ იყო გადაღებული, თუმცა კინოში პირველი როლი უკვე შესრულებული ჰქონდა. 1978 წელს რეზო ესაძის ფილმთან დაკავშირებით შეხვედრა იმართებოდა კინოს სახლში და იქ მსახიობმა საცოლეც მიიწვია. ბატონ რეზოს უკვე სცოდნია, რომ ვახტანგი შეხვედრაზე საცოლესთან ერთად მივიდოდა და უქია და უქია თავისი მსახიობი… წყვილს ერთი შვილი ჰყავს – ექიმი-სტომატოლოგი თემურ ფანჩულიძე.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close