მსოფლიო

ლონდონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ლონდონის საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, 30 კი ჰოსპიტალიზებულია.

BBC-ს ინფორმაციით, გარდაცვლილთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ლონდონის სახანძრო-სამაშველო სამსახური ფატალურ შემთხვევას ადასტურებს.

საავადმყოფოში მოთავსებული მოქალაქეების უმრავლესობას კვამლით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნება. დასავლეთ ლონდონში მდებარე 24-სართულიან სახლთან 200-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ხანძარმა შენობა იმდენად დააზიანა, რომ კორპუსი შეიძლება ჩამოინგრეს. მოსახლეობა ევაკუირებულია, თუმცა თვითმხილველთა განცხადებით, ვიწრო ქუჩა, სადაც კორპუსი მდებარეობს, მეხანძრეებს სტიქიასთან გამკლავებაში ხელს უშლის.

ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში პირველი შეტყობინება ადგილობრივი დროით 01:16 საათზე შევიდა.

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ლონდონში ხანძრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close