სხვა

ლიანა ასათიანის ტკივილი

„მაშინ ვთქვი, რომ ოჯახს არასოდეს დავანგრევდი“ - რას ყვებოდა მსახიობი

ლიანა ასათიანი 16 წლის იყო, როცა ფილმ ,,გიორგი სააკაძეში“ გადაიღეს და მას შემდეგ არაერთი სახე შექმნა  ქართული კინოში. ითამაშა ფილმებში –  „ჭრიჭინა”, „ჭირვეული მეზობლები”, „მაცი ხვიტია”, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, „დიდოსტატის მარჯვენა”, „ერთი ცის ქვეშ” და სხვა.

.

ლიანა ასათიანი „გზასთან“ ყვებოდა:

-16 წლის ვიყავი, როცა „გიორგი სააკაძეს” იღებდნენ. მთელ საქართველოში ეძებდნენ ხმელი ტანის გოგოს, ირიბი თვალებითა და არაბანალური სახით.

მე და ჩემი მეგობრები მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს ვესწრებოდით. ანტრაქტზე, ფოიეში, სურათების დასათვალიერებლად გავედით. უეცრად 2 სოლიდური პიროვნება მომიახლოვდა და ვინაობა გამომკითხა. მათ კინოსთვის სასინჯ გადაღებებზე დამიბარეს. სიხარულით ლამის გავგიჟდი.

რამდენიმე დღეში მიხეილ ჭიაურელთან გამოვცხადდი. უამრავი ხალხი დამხვდა, ერთი გაკნაჭული გოგო რომ დამინახეს, გაოცდნენ, მიხეილ ჭიაურელი კი აღფრთოვანებული შემომყურებდა. შემდეგ მომიბრუნდა და იქ მყოფთ ჰკითხა, – მოგწონთ თუ არაო? ყველამ თავი დაუქნია, ბუმბერაზ რეჟისორს უარს ვინ გაუბედავდა?!

მოგვიანებით შევიტყვე, რომ თეატრში ჩემთან მოსული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ბატონი მიშას ასისტენტი – ნატაშა გახლდათ, მეორე კი შალვა გედევანიშვილი – ფილმის მეორე რეჟისორი. გამიკეთეს გრიმი, ჩამაცვეს ლამაზი კაბა და გადამიღეს რამდენიმე საცდელი კადრი. საბედნიეროდ, ტელეგენური აღმოვჩნდი, ალბათ ბედი იყო.

ფილმი დასრულდა და ნიჭიერთა ათწლედიც დავამთავრე, მაგრამ არც მუსიკას გავყევი და არც სამსახიობოზე ჩავაბარე… სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე…

კომპოზიტორ დავით თორაძეს (გუგული) 1945 წელს, გადასაღებ მოედანზე შევხვდი, როცა ქვეყანა ომისგან მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა. ის ფილმისთვის მუსიკას წერდა; საკმაოდ სიმპათიური, ელეგანტური ახალგაზრდა იყო (ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი); მე 20 წლის გახლდით. გუგულის, როგორც ნიჭიერ მუსიკოსს, ქვეყანა იცნობდა. ის საქართველოში პირველ ჯაზორკესტრს ხელმძღვანელობდა. კარგი ხასიათი ჰქონდა, რთული არ იყო მასთან ცხოვრება, თუმცა სულ მუშაობდა და სტუმარიც უყვარდა, – ყვებოდა ლიანა ასათიანი.

მსახიობი თავის ბავშვობას გულისტკივილით იხსენებდა:

-13 წლის რომ ვიყავი, დედაჩემი მეორედ გათხოვდა; მეორე ქორწინებიდან შვილი შეეძინა, რომელიც მისთვის ყველაფერი იყო. მამაც მალე დაქორწინდა სოხუმელ ქალზე და 3 შვილი გაუჩნდა. მე და ჩემი ძმა კი ღვთის ანაბარა დავრჩით. ამიტომ ვთქვი, ოჯახი არ უნდა დაინგრეს, თორემ შემდეგ ვინ საით წავა, არავინ იცის-მეთქი. ძნელი იყო ჩემთვის მშობლებთან განშორება. დედა რომ წავიდა, თან წამიყვანა, მაგრამ სწორი იქნებოდა, მამასთან დავრჩენილიყავი. ის ცოლს აღარ მოიყვანდა და მეტ ყურადღებას დაგვითმობდა. მაშინ მივხვდი, რომ ცხოვრებაში მსგავს შეცდომას არასდროს დავუშვებდი – ოჯახს არ დავანგრევდი, – ყვებოდა ლიანა ასათიანი „გზასთან“.

მსახიობსა და კომპოზიტორს ორი შვილი შეეძინათ, ბიჭი და გოგონა. ლექსო თორაძე მსოფლიოში აღიარებული პიანისტი გახლდათ. სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ ამერიკაში გარდაიცვალა, სადაც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გაემგზავრა და დარჩა. მუსიკოსმა საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეძლო.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close