სამართალი და კრიმინალი

ლევან მაყაშვილს აშშ-ს სასამართლომ გირაო შეუფარდა

​ნიუ-იორკში დაკავებულ ქართველი სპორტსმენს, ლევან მაყაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებულის მეუღლემ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” განუცხადა.
​როგორც თათა შავლაყაძე ამბობს, თანხის შეტანა დაგვიანდა და ამიტომ ვერ მოხერხდა მისი გათავისუფლება. ის გირაოს ოდენობას არ აკონკრეტებს.
„გირაოს შეტანა გვიან მოხდა და რადგან პარასკევი იყო, გამოშვება ვერ მოესწრო, ამიტომ ლევან მაყაშვილს ორშაბათს გაათავისუფლებენ“, – განაცხადა თათა შავლაყაძემ.
მეუღლის სასამართლო პროცესს შავლაყაძე გუშინ პირადად დაესწრო. მისი ინფორმაციით, დარბაზში 4 ქართველის საქმე ერთად განიხილებოდა. როგორც შავლაყაძე ამბობს, ამ ოთხი ქართველიდან ის მხოლოდ ავთანდილ ხურციძეს იცნობს, სხვა ბრალდებულების გვარები კი არ ახსოვს. დაკავებულის მეუღლის ინფორმაციით, ამერიკის სასამართლო ლევან მაყაშვილთან დაკავშირებით, გირაოზე მანამდეც თანახმა იყო, თუმცა თავად ლევანი ამბობდა უარს იმ მიზეზით, რომ გირაო გაუსვლელობის პირობას მოიცავდა, სპორტსმენს კი სხვადასხვა ქალაქში ჰქონდა ბრძოლები დაგეგმილი. საუბარია მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, რომელიც გირაოს კიდევ ერთი ქართველი მოკრივის, ავთანდილ ხურციძის შემთხვევაშიც დათანხმდა, თუმცა ხურციძეს გირაო ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობით შეუცვალა, მაყაშვილის შემთხვევაში კი მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მაყაშვილის მეუღლის ინფორმაციით, დარბაზში მყოფი ოთხი ქართველიდან, ხურციძის გარდა, ყველას გირაო შეეფარდა. ლევან მაყაშვილი UFC-ს შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია. ის უკვე 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. საქართველოში მყოფი ოჯახის წევრების ინფორმაციით, ლევანი ავთანდილ ხურციძესთან მეგობრობდა, რადგან სპორტსმენები პერიოდულად ერთად ვარჯიშობდნენ. ოჯახი ბრალდების შინაარსზე არ საუბრობს, თუმცა ორივე მათგანს, საქმის მასალების მიხედვით, ამერიკელი სამართალდამცველები რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, რეკეტსა და ფინანსური თაღლითობის დაგეგმვას ედავებიან. ხურციძის წინააღმდეგ ბრალდების დეტალები სასამართლოდან გახდა ცნობილი, რაც უცნობია მაყაშვილის შემთხვევაში – ინფორმაცია მის უშუალო კავშირზე შულაიასთან, სამართალდამცველებს არც თავდაპირველად გაუვრცელებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close