ინდური კოსმოსური ხომალდი, რომელმაც დედამიწასთან კონტაქტი რვა წლის წინ დაკარგა, მთვარის ორბიტაზე აღმოაჩინეს.  

ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაციის (ISRO) ციცქნა ხომალდმა  Chandrayaan-1-მა, ჩვენი პლანეტა 2008 წელს დატოვა და მთვარის ორბიტაზე გავიდა, თუმცა 2009 წელს მასთან კონტაქტი შეწყდა. ამჯერად, ხომალდის სიგნალი დედამიწაზე განთავსებულმა NASA-ს რადარებმა დააფიქსირეს.

შესაძლოა იფიქროთ, რომ მთვარის ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის პოვნა არც თუ ისე რთული საქმე იყოს, მაგრამ ყველაფერი არც ასე მარტივადაა.

დაკარგული ობიექტების პოვნას ოპტიკურ ტელესკოპებს განსაკუთრებით ურთულებს მთვარის სიკაშკაშე.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამგზავრი Chandrayaan-1 სიგრძეში 1,5 მეტრია და შესაბამისად, დედამიწიდან იგი ციცქნა წერტილზე პატარა უნდა ჩანდეს.

ფაქტია ისიც, რომ მთვარეზე არსებობს ე. წ. მასკონი რეგიონები, ანუ მასის კონცენტრაცია, რომელთაც საშუალოზე მაღალი გრავიტაცია აქვთ და ხანდახან იწვევენ თანამგზრების ორბიტიდან მოწყვეტას, ზოგჯერ მთვარის ზედაპირზე დანარცხებასაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ Chandrayaan-1-ის სიგნალი ბოლოს მთვარის ორბიტიდან მივიღეთ, 8-წლიანი რადიო-დუმილის შემდეგ, არ არსებობდა არანაირი გარანტია, რომ ის კვლავ იქ იყო და შესაბამისად, დაკარგულის სტატუსიც მიენიჭა.

თუმცა, დაკარგული ხომალდის საპოვნელად NASA-მ ახალი რადარი გამოიყენა და ასევე დაამტკიცა, რომ მას შეუძლია განსაზღვროს საკუთარი აქტიური ორბიტერის — Lunar Reconnaissance Orbiter-ის ზუსტი მდებარეობაც.

„ჩვენი ორბიტერის პოვნა შედარებით ადვილი იყო, რასაც ვერ ვიტყვით  Chandrayaan-1-ზე, რომელთანაც კავშირი ბოლოს 2009 წლის აგვისტოში შედგა“, — ამბობს NASA-ს რადარების მეცნიერი მარინა ბროზოვიჩი.

Chandrayaan-1 ინდოეთის პირველი მისია იყო მთვარეზე და მას ქიმიური და გეოლოგიური კარტირება უნდა მოეხდინა.

ხომლდს მიმაგრებული ჰქონდა სპეციალური იმპაქტორი, რომელიც მთვარის ზედაპირს 2008 წლის ნოემბერში დაეცა და გამოიწვია დიდი ოდენობით მტვრის ამოფრქვევა, რომელიც შემდეგ მეცნიერებმა შეისწავლეს და პირველი მტკიცებულება გახდა მთვარის ზედაპირზე წყლის ყინულის არსებობისა.

10 თვის შემდეგ, Chandrayaan-1-მა მისია დაასრულა და როგორც დაგეგმილი იყო, დედამიწასთან კონტაქტი გაწყვიტა.

არავინ იცის თუ როგორ გამოიყურება ის ახლა იქ, კოსმოსის ცივ სიღრმეებში, თუმცა ნამდვილად სასიამოვნოა იმის ცონდა, რომ იგი ჯერ კიდევ იქაა.

2018 წლის დასაწყისისთვის, ინდოეთი მთვარეზე მეორე მისიის — Chandrayaan-2-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც მოიცავს ორბიტერს, ზონდსა და მავალს.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

კომენტარები
Загрузка...