კომპიუტერულმა ვირუსმა Petya-მ საქართველოს პარლამენტის IT სისტემას პრობლემები შეუქმნა. ვირუსის გამო დაიბლოკა პარლამენტარების სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის მისამართები. დეპუტატები რამდენიმე დღეა ელფოსტებს ვერ ამოწმებენ.

როგორც imedinews-ს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, ჰაკერული თავდასხმის გამო პარლამენტის შიდა ელექტრონული ფოსტა ვირუსისგან გაწმენდისა და თავდაცვის მიზნით გათიშეს, რის გამოც დეპუტატებს წერილებზე წვდომა ამ დრომდე არ აქვთ.

კიბერშეტევა მოხდა ფოთის ნავსადგურის ერთ-ერთ ტერმინალზეც. ეს ის ვირუსია, რომელმაც ბოლო ორი დღის განმავლობაში ევროპაში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს დიდი ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს ფოთის პორტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. ნავსადგურზე თავდასხმის შედეგად შექმნილი პრობლემის გამოსასწორებლად სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ევროპის ქვეყნები და აშშ-ის რამდენიმე შტატი კიდევ ერთი კომპიუტერული ვირუსის კიბერშეტევის მსხვერპლნი გახდნენ. ვირუსმა Petya-მ ესტონეთის, პოლონეთის, უკრაინის, საფრანგეთის, დანიის, რუსეთისა და პენსილვანიის შტატში კომპიუტერულ სისტემებში შეაღწია და გათიშა. კიბერთავდასხმის ავტორები სისტემის განბლოკვას გამოსასყიდის გადახდის შემდეგაც არ აპირებენ.

ვირუსმა Petya-მ დიდი ზიანი მიაყენა ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა სარეკლამო გიგანტი WPP, ფრანგული სამშენებლო მასალების მწარმოებელი Saint-Gobain და რუსული ნავთობკომპანიები Evraz და Rosneft.

პირველი თავდასხმა უკრაინაზე მოხდა, როდესაც დაიბლოკა სახელმწიფო სტრუქტურების, ბანკების, კიევის აეროპორტისა და მეტროს კომპიუტერული სისტემები, მათ შორის ჩერნობილის ატომური სადგურის კომპიუტერებიც.

ბოლო თვის განმავლობაში ევროპასა და ამერიკულ ორგანიზაციებზე განხორციელებული ეს უკვე მეორე კიბერშეტევაა. 12 მაისიდან ვირუსი Ransomware WannaCrypt/WannaCry ვრცელდებოდა. ჰაკერებმა 150-ზე მეტი ქვეყნის 200 000-მდე ობიექტი დააზიანეს. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კომპიუტერულ სისტემებს დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, თურქეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, ინდონეზიაში, იაპონიასა და ფილიპინებზე.

კომენტარები
Загрузка...