კარანტინის პერიოდში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა თბილისში
ხვალ, 14 ივლისს, 18:00 სთ-ზე, მშრალი ხიდის მიმდებარედ, კაფე-ბარ ,,არტ კაფეში” მოეწყობა ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა „ჩემები“.
„წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ნამუშევრები – გრაფიკული და ფერწერული ნახატები, ასევე ხელნაკეთი ნივთები, სამკაულები, რომლებიც ჩვენი ჯგუფის წევრებმა კარანტინის პერიოდში, სახლებში ყოფნისას შექმნეს. გამოფენა იმითაცაა საინტერესო, რომ ბევრ ნამუშევარში პანდემიასთან დაკავშირებული განცდებია გადმოცემული. თქვენ ნახავთ ერთ-ერთი მხატვრის მიერ შექმნილ სერიას, რომელზეც ასახულია ერთი წყვილის ისტორია. ნახატების სერიის პერსონაჟები ეპიდემიას გაურბიან და რეტრო, პანდემიისგან თავისუფალ რეალობაში მოგზაურობენ. გამოფენაზე ასევე გაიყიდება ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მიერ გამოყვანილი ყვავილების ნერგები“-აცხადებს ღონისძიების ორგანიზტორი მაკა ჭაჭიაშვილი.
მაკა ჭაჭიაშვილის თქმით, გამოფენა-გაყიდვის იდეა გაჩნდა ფეისბუქჯგუფში – „ჩემები“, სადაც ჯგუფის წევრები კარანტინის დროს თავიანთი ნამუშევრების ფოტოებს ერთმანეთს უზიარებდნენ. სწორედ ამიტომ დაერქვა გამოფენას „ჩემები“.
გამოფენა მოეწყობა ღია სივრცეში, ცოცხალი მუსიკით, ყველა რეგულაციების გათვალისწინებით.
მისამართი: მშრალი ხიდის მიმდებარედ, 9 მარტის ბაღი გალერეა დემასთან. წარმოდგენილი იქნება ირინა მელიქიშვილის, სოფიო სალუქვაძის, მარიკა ხიდირბეგიშვილის, მაია მაჭავარიანის, ირმა ვიბლიანის, ნატალია ფორჩხიძის, ლელა მეშველიანის, ნუცა დუჩიძის, ნინო გურჯიშვილის, ნინო შუბლაძის ნამუშევრები.