მთავრობის კანცელარიასთან მისვლამდე ერთ- ერთ დაზარალებულს შევხვდი გზად. სიტყვაძუნწი ქალბატონი აღმოჩნდა, ეტყობოდა, არ სურდა თავისი ამბის მოყოლა, თუმცა შიგადაშიგ იტყოდა ერთ-ორ სიტყვას და მერე, ოხვრა აღმოხდებოდა…

კანცელარიასთან რამდენიმე ადამიანს მოეყარა თავი. მათ ჯგუფს  ხალხი ნელ-ნელა ემატებოდა. ძალიან ცხელოდა, ამიტომ ყველას ქოლგა და წყლით სავსე ბოთლი ეჭირა ხელში. ამასობაში ბანერებიც გაშალეს, ხალხმა კანცელარიის წინ მოიყარა თავი და დაიწყო აქციაც.

აქციაზე შეკრებილები იყვნენ მიკროსაფინანსო კომპანია ,,საქართველო”-ს დაზარალებული მეანაბრეები, რომლებიც თავიანთი თანხის დაბრუნებას, უკვე მე-8 თვეა მოითხოვდნენ. ასევე, ისინი ითხოვდნენ პრემიერ- მინისტრთან შეხვედრას. როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, სულ დაზარალებულია 2 300-ზე მეტი ადამიანი. მათი თქმით, ყველა ორგანიზაციას მიმართეს, საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, თუმცა უშედეგოდ. არ გამორიცხავდნენ იმასაც, რომ ეს საქმე შეიძლება სტრასბურგამდე მივიდეს.

.

კითხვაზე: რით მოიპოვა თქვენი ნდობა ამ კომპანიამ, დაზარალებულმა, გიორგი მეგრელიშვილმა გვიპასუხა: ,,კომპანია ისეთ გრანდიოზულ რეკლამებს აკეთებდა, შეუძლებელი იყო, რამეში ეჭვი შეგპარებოდა. ისეთი ადამიანი, როგორიცაა უდიდესი ხელოვანი ქ-ნი ნანი ბრეგვაძე თავისი ოჯახის წევრთან, ეკა მამალაძესთან ერთად რეკლამას რომ უკეთებს პროდუქტს, იქ, ალბათ რაიმე ეჭვზე და არასანდოობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ამის შედეგად დავრჩი ასე ხელმოცარული. გამოხმაურება ნული, მიმდინარეობს გამოძიება- ნუ, რა არის ამდენი გამოძიება? ადვოკატების გაჩუმება იოლია მთავრობისგან, ვინაიდან ეს დიდი თანხაა და როგორც ჩანს, საკმარისად გადაინაწილეს ზოგიერთმა ჩინოვნიკებმა”.

,,არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!”, ,,მთავრობა ყრუ-მუნჯია!”, ,,სიკვდილის აღმასრულებელი მინისტრი კვირიკაშვილი!” – ამ შეძახილებით გამოდიოდნენ ,,ტრიბუნაზე” აქციის მონაწილები. სიცხის მიუხედავად ქოლგით ხელში, ყველა მათგანი მაინც მხნედ გამოიყურებოდა. იმედი ჰქონდათ, რომ კანცელარიიდან ვინმე გამოეხმაურებოდათ. ჩვენთან საუბარში ბევრმა შეიკავა თავი ვინაობის დასახელებისგან. მეტიც, ერთმა გვითხრა, სახლში არც იციანო: ,,ევროპა კი არა, დაუნები არიან. მე არ მაქვს იმედი, დაგვიბრუნებენ ამ თანხას?! საზიზღარი და დამპალი მთავრობაა. აი, არ ვიცი რა ვუწოდო…ჩემები მეუბნებოდნენ, არ შეიტანოო, მაგრამ არ დავუჯერე. ახლა მათ არ იციან ეს ყველაფერი…”

ხალხი კანცელარიაში შესვლასაც შეეცადა, თუმცა პოლიციელებმა ისინი არ შეუშვეს და მათ, 10 მეტრის რადიუსზე მიახლოებაც კი აუკრძალეს. ვერც გაამტყუნებ, ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ. კანცელარიიდან მათ არც ამჯერად გამოხმაურებიან. ხალხი ლოდინით დაიღალა. ბოლოს, დაზარალებულების ადვოკატი, მამუკა ტუსკაძე გამოვიდა და მიმართა მონაწილეებს:

,,მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, უნდა გავერთიანდეთ. არ შეიძლება, რაღაცა ჭორების აყოლა და ამაზე რაღაც მეცნიერული ნაშრომების აგება. სპეციალური ჯგუფი, ქუთაისიდან დაბრუნების შემდეგ, დადებს დასკვნას პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის სახელზე, რათა შეიქმნეს უწყებათაშორისო კომისია. მსგავსი სამუშაო ჯგუფები მთავრობის წარმომადგენლებით იქნება დაკომპლექტებული. აგვისტოს თვეში შესაძლებელია, დაიწყონ თქვენი პრობლემების მოგვარება. მეც თქვენთან ერთად მოვუწოდებ მთავრობას, რომ გამოყონ ადამიანები, პრემიერ-მინისტრმა პირადად და ჩვენს საინიციატოვო ჯგუფთან მოხდეს შეხვედრა”.

აქციაზე ქალებმა გააჟღერეს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული, წელს ზემოთ გაშიშვლდებიან და ისე გააპროტესტებენ ამ უსამართლობას. ეს იდეა ბევრს არ მოეწონა და რამდენიმემ ისიც დასძინა ხუმრობით, გასაშიშვლებელი რამე რომ მქონდეს, აქ არ ვიდგებოდიო. დაზარალებულებმა, ადვოკატთან ერთან, დაწერეს განცხადება და შეაგროვეს ხელმოწერებიც. ასევე, მათ გადაწყვეტილი აქვთ აიყვანონ სისხლის სამართლის ადვოკატი.

,,2016 წელს 6 თვიანი ვადით შევიტანე ფული. ჩამოვედი საქართველოში, გამოტანა მინდოდა და მითხრეს, თუ გაიტანთ ბევრს ინანებთო, იმიტომ რომ ვიპ-კლიენტი არ იქნებითო. კარგ ცხოვრებაზე უარს არავინ არ ამბობს, ასე თვალთმაქცურად ჩანთაში ჩადებული ფული ამოვიღე…”- განგვიცხადა კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ნესტან შერვაშიძემ.

ხალხს მოთმინება დაეკარგა. მითუმეტეს, ასეთი მცხუნვარე მზის ქვეშ. რამდენიმემ დატოვა კიდეც აქცია. ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, შიმშილობა მაინც დაანონსეს. შეგროვდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც რიგრიგობით იშიმშილებენ. ამ განცხადების შემდეგ, თითქმის ყველა დაიშალა, ბანერებიც აალაგეს. ამ დროს პატარა ბავშვები გამოჩნდნენ და საყვირებს სთხოვდნენ ორგანიზატორებს. როდესაც უარი მიიღეს, უკმაყოფილო სახეებით თქვეს- ,,ნეტა კვირიკაშვილი არ დაეხმარებოდეს ამათ”-ო. ერთმა ისიც თქვა- ,,აქ რომ დამდგარან 100 ლარისთვის, წავიდნენ და იმუშაონ”-ო.

.

უცებ, საიდანღაც ქალების კივილი მოისმა, ყველა იქით გავიქეცით. ერთ-ერთ ქალბატონს გული  წაუვიდა. დარეკეს სასწრაფოში, თუმცა მათ მოსვლამდე მოასულიერეს გულწასული. საშიში არაფერი იყო… დაზარალებულები მიმოიფანტნენ, მზეც ნელ-ნელა გადაიწურა. მიუხედავად იმისა, რომ აქციამ ვერ გამოიღო სასურველი შედეგი, დაზარალებულები მაინც იმედიანად დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

თაკო კვარაცხელია

კომენტარები
Загрузка...