მსოფლიო

კანადაში მდინარე 4 დღეში გაუჩინარდა

პირველად თანამედროვე ისტორიაში, მეცნიერები მომსწრენი გახდნენ ფაქტისა, თუ როგორ გაუჩინარდა მთლიანი მდინარე სულ რაღაც 4 დღეში. 

ფენომენი, რომელსაც მდინარის მეკობრეობა ეწოდება, ხდება მაშინ, როდესაც ერთი მდინარის ნაკადს მეორე მიიტაცებს. როგორც ისტორიული მტკიცებულებები მეტყველებს, ამ პროცესს ათასობით წელი სჭირდება, მაგრამ ამ შემთხვევაში, კანადის მდინარე სლიმსი, სულ რაღაც ოთხ დღეში გაუჩინარდა. მკვლევართა განცხადებით, დროის ეს მონაკვეთი „გეოლოგიურად მომენტალურია და სავარაუდოდ მუდმივი“.

„გეოლოგებმა მდინარის მიტაცების ფაქტი იხილეს. ამ მოვლენის უშუალოდ ნახვის შესაძლებლობა ადამიანისთვის შეუძლებლად მიიჩნდეოდა“, — ამბობს ვაშინგტონ-ტაკომის უნივერსიტეტის გეოლოგი დენ შუგარი.

„როგორც წესი, ათასობით და მილიონობით წლის წინანდელ გეოლოგიურ მასალებს ვაკვირდებით და არა 21-ე საუკუნისას, როდესაც ეს მოვლენა ჩვენ ცხვირწინ მოხდა“.

გასული წლის აგვისტოში, შუგარი და მისი კოლეგები მდინარე სლიმსზე საველე სამუშაოების ჩასატარებლად ექსპედიციაში გაემართნენ. თუმცა, როდესაც ისინი იქ მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მდინარე, რომლის დინების საშუალო სიგანეც 480 მეტრი იყო — მთლიანად გაუჩინარებულიყო.

„ეს აღარ იყო დინება. ჩვენ წინაშე გადაჭიმულიყო გრძელი, სუსტი ტბორი“, — ამბობს შუგარი.

„დავაბიჯებდით ძველი მდინარის დანალექებზე, რომელშიც თანდათან ვეფლობოდით. დღითი-დღე ვხედავდით თუ როგორ იკლებდა წყლის დონე“.

როგორც მდინარის ზომა მიუთითებდა, წყლის დონე მკვეთრად უნდა შემცირებულიყო 2016 წლის 26-29 მაისის მონაკვეთში. იმის გასარკვევად თუ სად წავიდა ამდენი წყალი, ჯგუფმა ტერიტორია დრონებითა და ვეტმფრენით დაათვალიერია, რის შედეგადაც ადვილად დადგინდა მდინარის ქურდობაში დამნაშავე.

ბოლო 300-350 წლის განმავლობაში, მდინარე სლიმსი კანადის ერთ-ერთი უდიდესი მყინვარის, კასკავულშის ნადნობი წყლით იკვებებოდა.

თუმცა, ბოლო წლებში, გლობალური დათბობის გამო, მყინვარი შემცირდა, ინტენსიური დნობის პერიოდში ნადნობი წყლის ნაკადმა ყინულის ახალ არხში გადაინაცვლა და ნაკადი სამხრეთის მიმართულებით, მდინარე კასკავულშში წავიდა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლუანეს ტბის გავლით ბერინგის ზღვაში ჩადინების ნაცვლად, ნადნობი წყალი ამჟამად სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით მიდის და თანდათან აღწევს წყნარ ოკეანეს.

ეს გახლავთ მასიური შემობრუნება არა მხოლოდ იმიტო, რომ ეს მდინარის მიტაცების ასე სწრაფად განვითარების პირველი ფაქტია, არამედ იმიტომაც, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერთა აზრით, ფენომენი ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილების შედეგად მოხდა.

„ეს მოვლენა ცოტა იდიოსინკრეზულია, გამომდინარე იმ თავისებური გეოგრაფიული სიტუაციიდან, რომელშიც ის მოხდა. მაგრამ უფრო ფართო გაგებით, იგი წარმოაჩენს უზარმაზარ ცვლილებებს, რასაც მთელი მსოფლიო მასშტაბით განიცდიან მყინვარები გლობალური დათბობის გამო“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯონ კლაგი.

მიუხედავად იმისა, რომ მდინარე სლიმსის მიმდებარე ტერიტორია ადამიანებით დიდად დასახლებული არაა, მკვლევართა თქმით, მისი მარშრუტის შეცვლას უზარმაზარი შედეგები ექნება ბუნებრივ ეკოსისტემაზე და შესაძლოა რეგიონის წყალმომარაგებაც შეაფერხოს.

„ალბათ იფიქრებთ, რომ იუკონში, ერთ-ერთი მდინარის კურსის შეცვლა სულაც არაა დიდი ამბავი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მყინვარის ნადნობი, წყლის წყაროა მრავალი ადამიანისთვის“, — უთხრა The New York Times-ს დედამიწის მეცნიერმა რაკელ ჰიდლიმ.

„დანალექებსა და მკვებავ ნივთიერებებს, რომელთაც მყინვარული მდინარე ატარებს, შეუძლია გავლენა მოახდინოს სანაპიროსა და მის მოშორებით არსებულ ეკოლოგიურ გარემოზე, ასევე სოფლის მეურიენობაზე“.

კასკავულშის მყინვარის განსაკუთრებული მდებარეობიდან გამომდინარე, ჯგუფი ვარაუდობს, რომ დნობასთან ერთად, ზუსტად იგივენაირად მოიქცევიან და მდინარეებს კურსს შეუცვლიან სხვა მყინვარებიც.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ფენომენი კიდევ ერთი მძლავრი შეხსენებაა იმისა თუ რამდენად დრამატული და ძნელად პროგნოზირებადი მოვლენები შეუძლია გამოიწვიოს გლობალურმა დათბობამ და მისმა ეფექტებმა.

„სხვათა შორის, მრავალი სამეცნიერო შრომა, რომელიც მყინვარებსა და გლობალურ დათბონბას ეძღვნება, ფოკუსირებულია ზღვის დონის აწევაზე; ჩვენმა კვლევამ კი აჩვენა, რომ მყინვართა დნობას სხვა, მოულოდნელი ეფექტების გამოწვევაც შეუძლია“, — ამბობს შუგარი.

კვლევა Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close