პოლიტიკა

,,ის, რაც მიტინგის კულუარებში ხდება, არის მზაკვრული, გარედან დაკვეთილი…” _ ინტერვიუ თემურ შაშიაშვილთან

,,მიტინგებით ქვეყნის მართვა  – ეს ყალბ,  გაკოტრებულ და  სოროსის სკოლაგავლილ პოლიტიკოსთა გზაა!” _ განაცხადა ჩვენთან საუბარში პოლიტიკური მოძრაობა – ,,თეთრები”-ს ლიდერმა, თეიმურაზ შაშიაშვილმა.
 მოგეხსენებათ, რუსთაველზე უკვე 12 დღეა, ყოველ 19  საათზე, ახალგაზრდები მართავენ პერმენტულ აქციებს, რომელთაც შეუერთდა ზოგიერთი ოპოზიციური პარტია. მათ აქვთ ერთადერთი მოთხოვნა: გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია და აცხადებენ, სანამ ჩვენს მოთხოვნას ხელისუფლება არ შეასრულებს, არ დავიშლებითო.
თემურ შაშიაშვილი:
_ კაცობრიობამ იცის, რომ მიტინგი არის  პროტესტის ყველაზე  მდაბიო ფორმა, არაცივილიზებული და სრულიად მიუღებელი დღევანდელი მსოფლიოსათვის. კაცობრიობის გამოცდილება ადასტურებს, რომ  მიტინგი არის უმცირესობის აზრის მოხვევა  უმრავლესობის სწორი  აზრის დასათრგუნად. გავიხსენოთ და გავაანალიზოთ, თუ რატომ ლაპარაკობენ ყოველ მიტინგზე მთელი საქართველოს სახელით და რატომ ამტკიცებენ ყოველ მიტინგზე, რომ მიტინგი არ ემსახურება რომელიმე პარტიის და  მით უფრო, რომელიმე ე.წ. ბელადის ინტერესებს.
დიდი ანალიზი არ არის საჭირო დარწმუნდე იმაში, რომ ყოველი მიტინგი სწორედ იმის საწინააღმდეგოა, რასაც მისი ორგანიზატორები ხალხს და საზოგადოებას უმტკიცებენ და ამის ტირაჟირება ხდება ფულზე გაყიდული ტელევიზიების საშუალებით.
   _ მე ვიცი, რომ მიტინგი ეს არის ხელისუფლების გარკვეული წნეხი, მასზე ზემოქმედების მექანიზმი, ხალხის ხმა… ასე არ არის? 
   _  საქართველოს ნგრევა დაიწყო მაშინ, როცა მიტინგებმა საერთო-სახალხო რეფერენდუმის ფუნქცია აიღეს. არადა, აშკარად და პირდაპირ ჩანს, რა გადაწყვეტილებასაც ხალხის სახელით აცხადებენ მიტინგზე, სრულიად სხვაა, ვიდრე ამას რეალური რეფერენდუმი დაადგენდა.
რეფერენდუმი  რომ  ჩატარებულიყო, დღეს საქართველოში  საპარლამენტო კი არა, ის საპრეზიდენტო მმართველობა იქნებოდა, რომელიც ნამდვილად ეროვნულმა და დამოუკიდებლობის აღმდგენმა პარლამენტმა  მიიღო, და არა ის, რომელიც ჩუმად, მიტინგების განწყობით შეცვალეს  ჯერ „ნაციონალებმა“ და მერე „ქართულმა ოცნებამ“. რეფერენდუმით რომ მიგვეღო საქართველოს კონსტიტუცია, დღეს გვექნებოდა ხალხის ინტერესების დამცველი და გამომხატველი და არა ზეპარტიული კონსტიტუცია, რომლის გაგრძელებაა ის, რაც დღეს არსებული კონსტიტუციის მიღების შემდგომ ხდება ქვეყანაში.
დღეს  რომ რეფერენდუმი ჩატარდეს, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს დაუჭერს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსების  გაუქმებას, დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას და ხალხისთვის, მის  მიერვე არჩეული დეპუტატისთვის გაწვევის უფლების მინიჭებას,  პარტიების კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ სუბიექტებად დაყოფის გაუქმებას, წინააღმდეგი იქნება რუსეთის ასეთი ლანძღვა-გინების, არა იმიტომ, რომ რუსეთს თანაუგრძნობს, არამედ იმიტომ რომ საქართველო უყვარს, ქვეყნის მომავალზე ფიქრობს და იცის, რუსეთის ასეთი ლანძღვა-გაღიზიანება  საზიანოა ჩვენი სამშობლოსთვის, ეს აწყობს რუსეთის ხელისუფლებას – აძლევს მას ყველა მზაკვრული ჩანაფიქრის განხორციელების საბაბს… ეს იცის მთელმა მსოფლიომ და ამიტომაა, რომ თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველი ყოველი ხელისუფლება და ოპოზიცია სიფრთხილით და უმაღლესი პასუხისმგებლობით ეკიდება რუსეთთან ურთიერთობას.  ჩვენი უპასუხისმგებლობის შედეგი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, მეტიც, მოაზროვნე საზოგადოებამ იცის, რომ თუ ასე გაგრძელდა,  საბოლოოდ  დავემშვიდობოთ სოხუმსა და ცხინვალს, კიდევ უარესი, 2-3 წელიწადში, შესაძლოა ისევ დავკარგოთ ტერიტორიების 20-30 პროცენტი.
აქ განსაკუთრებულად მინდა შევეხო პროპორციული არჩევნების სისტემას. ეს სისტემა რომ არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას, აირჩიოს და არჩეულ იქნას – ეს ფაქტია. პროპორციული საარჩევნო სისტემა გამორიცხავს დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატის არსებობას, ანუ თუ პარტიულ სიაში ვერ შეხვალ, ისე კენჭს ვერ იყრი. ეს თავისთავად,  ქვეყნისთვის საჭირო ბევრ ადამიანს უკარგავს არჩევნებში მონაწილეობის სურვილს. არ ჩაეწერება პარტიულ სიაში. ეს მისთვის ღირსების შელახვაა, რადგან სახეზე გვაქვს, რომ   პოლიტიკურ პარტიებში დღეს ზნეობის დეფიციტია და ზნეობრივ ადამიანებში – პარტიების მიუღებლობა.
_ რა შეიძლება იყოს პროპორციული არჩევნების ყველაზე ცუდი შედეგი? 
  _ პროპორციული არჩევნების ყველაზე საშინელი შედეგი შეიძლება იყო პარტიების შექმნა რეგიონების მიხედვით და პარტიების შექმნა ეროვნული პრინციპით, კიდევ უფრო უარესი, პარტიების შექმნა რელიგიური პრინციპით. აქ გვეტყვიან, რომ პარტიას საქართველოს ყველა რეგიონში უნდა ჰქონდეს ოფისი, და რა პრობლემაა ეს? ამის რეალური სიმწარე ნახა უკვე საქართველომ. ასლან აბაშიძის „აღორძინებით“  გაღიზიანებული არაერთი იმერელი (მათ შორის ერთ-ერთი, ვინც გავრილოვს თავს დაესხა), მთხოვდა დაგვეფუძნებინა პარტია იმერეთში ცენტრით – ქუთაისში და საქართველოს ყველა ქალაქში შეგვექმნა 5-10 კაციანი დანაყოფი. ამაზე მეტი სეპარატიზმი გინახავთ?!
ამ სეპარატისტული განწყობის გაძლიერებას იძლევა სწორედ პროპორციული სისტემა. მეტიც, საქართველო იცლება ქართველებისგან, სამაგიეროდ, უამრავი შემოვიდა ისეთი ქვეყნებიდან, რომელთაც, არ არის გამორიცხული, რომ თავიანთი მზაკვრული მიზნები ჰქონდეთ. ვინმე აცნობიერებს დღეს, რომ შესაძლოა შენიღბული წესით შეიქმნას პარტიები რელიგიური და ეროვნული პრინციპით?! გარწმუნებთ, თუ ეს პოლიტიკა გაგრძელდა, უახლოეს პერიოდში საქართველოს პარლამენტსა და, ზოგადად, ხელისუფლებაში, ქართველზე მეტი სხვა ეროვნებები იქნებიან.
გაიხსენეთ მე-20 საუკუნის დასაწყისი, ვის ხელში იყო თბილისი და საქართველოს არაერთი რეგიონი. საერთოდ, ვაცნობიერებთ კი, რომ კავკასია დღეს მთელი მსოფლიოს დაინტერესების ცენტრია   და საქართველო დღეს ძირითადად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მონდომებით, ყველაზე დესტრუქციულ როლს ასრულებს კავკასიის ერთიანობის საქმეში, მაშინ როცა დღევანდელობა საპირისპიროს ითხოვს. ანუ საქართველომ უნდა შეასრულოს, (შეუძლია კიდეც) ყველაზე კონსტრუქციული როლი კავკასიის შეკვრის თვალსაზრისით. გარე ძალებს აწყობთ დასუსტებული ამიერკავკასია, უპირველესად,  მასში შემავალ სახელმწიფოთა დასუსტებით. ჩვენ  გვჭირდება გლობალური და ეროვნული აზროვნების ერთმანეთთან დაკავშირება და არა დაპირისპირება.
 მე არ ვამბობ იმას, რომ ამას მაჟორიტარული არჩევრები სრულად უზრუნველყოფს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ პროპორციული არჩევნები  მხოლოდ სირთულეებს შექმნის.
  _ გამოდის, რომ  ჩვენ მხოლოდ საპრეზიდენტო მმართველობაზე გადასვლა გვაწყობს…
  _ ეს რომ ასეა, კარგად იციან მიტინგის მოყვარულმა პოლიტიკოსებმა, მაგრამ თუ მას არგააკეთებენ,  რასაც აკეთებენ, ანუ თუ დესტრუქციულები არ იქნებიან, დაფინანსებას ვერ მიიღებენ იმათგან, ვინც ამას უკვეთავს და ვისაც აწყობს ის, რაც დღეს ხდება საქართველოში..
საუბარია სოროსსა და მასონურ წრეებზ, რომელთათვისა აუტანელია ცივილიზაციის სათავეებიდან მომავალი, ტრადიციებისა და რელიგიისადმი  პატივისცემელი ქვეყნები (ისინი განსაკუთრებულად ებრძვიან მართლმადიდებლობას) მათ  საქართველოს ძლიერება კა არ აინტერესებთ, არამედ მისი დამონება და გამოყენება, როგორც მართლმადიდებლობის, ქართული ცნობიერების, რაც მთავარია, რუსეთის წინააღმდეგ..
 პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბმოკიბვის გარეშე ვამბობ:ეს მიტინგი დღეს აწყობს რუსეთს.. ნახეთ ჩვენთან „რუსეთი ოკუპანტია“ – ს  ძახილის ფონზე,  მისი ორი  ძლიერი საერთაშორისო გამარჯვება, მხარდაჭერილი იმ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც სიტყვით  მეგობრობას გვიმტკიცებენ და გვეფიცებიან,  რუსეთი დაბრუნდა ევროპარლამენტში  და აშშ და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა,  შედგა და აღიარებაც მიიღო.    გულწრფელად გამიკვირდა ერთიც და მეორეც,  მით უფრო, რომ ეს ჩვენმა მეგობრებმა გააკეთეს.  მეტიც,  პრესაში დასახელდა სახელმწიფოები, რომელთა შესახებაც ისაუბრეს ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. როგორც ჩანს, საქართველო საერთოდ არ ყოფილა მათი საუბრის დღის წესრიგში.
კარგად დავაკვირდეთ და სერიოზული ანალიზი გავაკეთოთ რუსეთის ევროპარლამენტში დაბრუნების კენჭისყრისა, მე ბევრმა რამემ შემაშინა და ჩემთვის რუსთაველზე მიმდინარე მიტინგის არაერთი მოთხოვნა გახადა ნათელი.  ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე.
კიდევ ერთხელ  და მეტი დარწმუნებით ვამბობ: ყველაფერი ის, რაც ჩვენთან ხდება, რომ რუსეთს აწყობს, ამას მიტინგების სულისკვეთებაც ადასტურებს  და ისიც,რომ  მთავარ ფიგურათა  შორის ვხედავ არაერთს, რომელთაც არასდროს ქართული საქმე არ უკეთებიათ, რუსულისთვის კი სახედამალულად  ბეჭი აქვთ შედგმული. ვხედავ ე.წ.პოლიტიკოსს, პარტიის თავმჯდომარეს,  რომელიც 2011 წლის მაისში ,ჩრდილოეთკავკასიაში საქართველოში შემოსაჭრელი რაზმების მომზადებას ხელმძღვანელობდა და რომ „სახალხო კრებას“ მიგვეღო გადაწყვეტილება ავლაბარში მათ მიერ დანიშნულ მიტინგთან მიერთებისა, რუსეთის სპეცსამსახურებით შეიარაღებულ-გამაგრებული ეს რაზმები საქართველოს წალეკავდნენ.
დღეს დამაფიქრებლად ვიხსენებ იტალიის ერთ-ერთი უდიდესი რეგიონის (მასში რომიც შედის),  ლაციოს პრეზიდენტის სიტყვებს,  ვენეციაში ევროპის რეგიონთა ასამბლეის საბჭოს სხდომაზე, ჩემ მიერ რუსეთის უმკაცრესი კრიტიკის შემდეგ რომ მითხრა: „არ დაიღალეთ, თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით“ დააკვირდით,  რუსეთის უმკაცრესი კრიტიკა საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებად ჩამითვალა. მეტიც, მითხრა: სერიოზული პოლიტიკოსი მეგონეო. ადრეც და მით უფრო ამ იტალიური გაკვეთილის შემდგომ, ეჭვით ვუყურებ ყველას, ვინც რუსეთს ლანძღვა-გინებით აღიზიანებს და რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ ისინი საქართველოს ებრძვიან  და რუსულ  საქმეს აკეთებენ საქართველოში.
 ყველამ იცის, რომ სააკაშვილი ყველაზე მეტად აკრიტიკებდა და დღესაც აკრიტიკებს რუსეთს. სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს, ყველა სტრატეგიული  ობიექტი რუსეთის ხელში აღმოჩნდა და „კაგებე“-ს გენერალ გენერალოვის ხელისბიჭი ნაყოფია არა მარტო ამ მთავარ სიმდიდრეთა მფლობელია, არამედ მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის მთავარი დამფინანსებელი, მეტიც, სწორედ მისი ოჯახი ფლობს რუსეთის ყველაზე მეტად მლანძღავ-მაგინებელ „რუსთავი 2“ -ს აქციების საკონტროლო პაკეტს,  და ამ დროს ,   რუსეთში გამდიდრებული და რუსეთის მოქალაქის მფლობელობაში მყოფი „რუსთავი -2“, დემოკრატიის შუქურად სწორედ რუსეთის ლანძღვის გამოა აღიარებული. მე არ მახსოვს ჯერ დასავლური  სახელმწიფოთა მიერ  პროტესტი იმ ბილწსიტყვაობისა და კანიბალური განცხადებების  გამო, რომლითაც გამორჩეულია „რუსთავი 2“-ს  დირექტორი, ვის მიმართაც საზოგადოების სამართლიანი აღშფოთებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად ასაღებენ.
კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ. დავფიქრდეთ, ვინც გამსახურდიას რიგებში რუსეთის მიმართ უსასტიკეს სიტყვებს გამოიყენებდა, უმეტესობას დღეს რუსეთის ხელისუფლებისგან მხარდაჭერილი ბიზნესი აქვს რუსეთში.
არ გვაფიქრებს, რომ ძმები ბერძენიშვილები გამსახურდიას ეძახდნენ „კაგებე“-ს აგენტს,   რუსეთიდან ჩამოსულ მილიარდერთან  კომფორტულად გრძნობდნენ თავს ერთ პარტიაში და როცა ივანიშვილმა ისინი საარჩევნო სიაში აღარ შეიყვანა, უკვე მათთვის ივანიშვილია რუსეთის აგენტი.
ან არ გვაფიქრებს ის, რომ ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი და დღეს უკვე ამ პარტიის თავმჯდომარე იყო პიროვნება, რომლის მოღვაწეობა თავიდან ბოლომდე რუსეთთანაა დაკავშირებული და დიპლომატიურ და სამხედრო ვერტიკალში ისეთი პოსტები ეჭირა,რომ ეს „კაგებე“ -სთან თანამშრომლობის გარეშე, წარმოუდგენელია. მით უფრო, მისი პირველი მეუღლე ჯერ კიდევ კომუნისტური რუსეთის სახელისუფლებო კარის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ბანკირის ოჯახიდან იყო.
ხალხს, პრაქტიკულად არავითარი ინფორმაცია არ გააჩნია. რამდენიმე ტელევიზიის მიერ ზომბირებულია ქართული საზოგადოება და აშკარაა, რომ რაც მეტია ტელევიზია და გაზეთი, მით უფრო დააბნიეს ხალხი და დაიკარგა სიმართლე.
_ ბატონო თემურ, თქვენ მიტინგზე არასდროს ყოფილხართ?
 _ მე დღეს სინანულით  ვამბობ, რომ გულწრფელად ვიდექი  2011 წლის 26 მაისს მიტინგზე და დღეს, როცა ვაცნობიერებ,  თურმე რა ხდებოდა მიტინგს მიღმა, მომავალში არავის , არც მტერსა და არც მოყვარეს  არ ვუსურვებ მიტინგზე დგომასა და მიტინგთან კავშირს საერთოდ. მით უფრო, სწორედ იმ პიროვნებებს ვხედავ მიტინგზე,  უკვე პოლიტიკოსთა და პარტიათა თავმჯდომარეების რანგში,  რომლებიც იმ მზაკვრულ  პროგრამას ედგნენ  შემსრულებლებად  2011 წლის  26 მაისისთვის და რომ არა დიდი ქალბატონის – ნონა გაფრინდაშვილის და „სახალხო კრების“ მთავარი საბჭოს ეროვნული განწყობა, ძნელი წარმოსადგენია, მოვლენები  როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო, მით უფრო,  რომ  მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი არასერიოზული, გაუწონასწორებელი და ქვეყნისთვის საშიში პიროვნება იყო, რაც მან უკვე დაადასტურა 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დღეებში.
  ვიმეორებ, მიტინგი არ არის ის, რასაც მიტინგზე გამომსვლელები საუბრობენ. ეს ის ნაწილია, რომელიც ხალხს მოსწონს. მაგრამ ხალხმა არ იცის, რომ მიტინგი არის ის, რაც მის კულუარებში ხდება. და სწორედ ის, რაც მიტინგის კულუარებში ხდება, არის მზაკვრული, გარედან დაკვეთილი, უკვე კარგად გამოწვრთნილი სპეცების შესრულებით.  არასრული ინფორმაციით, რევოლუციების მოწყობის სპეციალური სწავლება საქართველოდან 2000 – ზე მეტ კაცს აქვს გავლილი. ეს ხალხი უარესია, ვიდრე ყბადაღებული „კაგებე“ – ს აგენტი.  ორთავე ერთად და კიდევ უამრავი სხვა ქვეყნის  სპეცსამსახურებთან ერთად – ეს დამანგრეველი ძალაა. მით უფრო, რომ მათ ფულის და დაფინანსების პრობლემა არ აქვთ. ეს კარგად სჩანს იმის  მაგალითზე, რა ფული იხარჯება მიტინგებზე და რა ფული ილექება მიტინგების ორგანიზატორთა ჯიბეებში.
_ იქნებ უფრო კონკრეტულად გვესაუბროთ?
   _ ეს დიდი თემაა. მინდა გავიხსენო 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუცია“ , რომელიც არნახულად დააფინანსეს სოროსმა და მასონურმა წრეებმა. ეს ყველაფერი გამჟღავნდა , მაგრამ ბევრი რამ ხალხამდე არ მივიდა. ზოგიერთი რამ კი, ხალხს დაავიწყდა. ერთს ხომ ყველანი ვხედავთ: ერთი სახელმწიფო მიწებს გვართმევს, მეორე სახელმწიფოდან დიდი ნაწილის ინტერესებიდან გამომდინარე , ე.წ. ულტრალიბერალული, ხაზს ვუსვამ, ულტრალიბერალური, ანუ დამახინჯებული ლიბერალური ძალების ინტერესებიდან გამომდინარე, ქართულ ცნობიერებას ანგრევს, ქართულ სულს ართმევს ხალხს და ქვეყანას.
2003 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები დიდი  ნიშანსვეტი გახდა, გაასმაგებული მასშტაბები მიეღო საქართველოში ბინძურ პოლიტიკას. იმ არჩევნებმა პრაქტიკულად, უარი უთხრა „მოქკავშირსა“ და მის ნაგლეჯებს, ამოცანა იყო რევოლუციის გზით ულტრალიბერალებისგამარჯვება. ეს ფუნქცია შეასრულა 2003 წლის ე.წ. „ვარდების რევოლუციამ“ .
 პარალელი დღევანდელთან: დიდი ანალიზი არ არის საჭირო იმ დასკვნის გასაკეთებლად, რომ ხალხს არც „ქოცები უნდა და არც  ნაცები.  სწორედ  ეს არის შემაშფოთებელი  მათი გარე პატრონებისთვის. აქედან იკვეთება მიმდინარე პროცესების მიზანი: საქართველოში საერთოდ დასამარდეს ეროვნული განწყობა, დასრულდეს ეროვნული სულისკვეთების პოლიტიკოსები, ვისაც მოისყიდიან და გადაიყვანენ თავიანთ ბანაკში, მათ სასათბურე პირობებს შეუქმნიან, დანარჩენები განწირულია პოლიტიკური ტყვიისთვის. ამიტომ ასრულებს ეს მიტინგი პოლიტიკური ტანკის როლს . ჩემთვის სასაცილოა საუბარი იმ მოთხოვნებზე, რომელიც ჰქონდათ მომიტინგეებს და დარჩათ გახარიას  გადადგომა. ყველაფერი რომ ისეთი გულწრფელი იყოს, როგორი გულწრფელობითაც მომიტინგეთა 90% დგას ქუჩაში, ისეთვე გულწრფელობა რომ იყოს მიტინგის კულისებსა და კულუარებში, გახარია მოსახსნელია (და არა უნდა გადადგეს), ისევე როგორც დასაჭერია  ის პოლიტიკოსები, რომელთაც სახელმწიფო გადატრიალების მოწოდებები გააკეთეს.  და, გადასაწყვეტია მთავარი: ბიძინა ივანიშვილი რეალურად წავიდეს პოლიტიკიდან. მისი პოლიტიკაში ყოფნა მასაც ვნებს და ქვეყანასაც.
მაგრამ დღეს ამისი დრო აღარ არის. დღეს იმის დროა, რომ გონება დავაბრუნოთ ქვეყანაში და გავაკეთოთ როგორც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, ასევე მსოფლიო პროცესების სერიოზული, მასშტაბური, მართლაც, მეცნიერული ანალიზი.  ჩვენ დღეს ჰაერივით გვჭირდება კარდინალური ცვლილებები როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. და რაც მთავარია, შესაცვლელია ქვეყნის მართვის სტილი.

Related Articles

Back to top button
Close