“ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო”_პატრიარქი ემიგრანტებს მიმართავს
საპატრიარქოში დემოგრაფიული ფორუმის ფარგლებში, სრულიად საქართველო კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრაზე ფორუმის დამაარსებლებსა და სტუმრებს პატრიარქმა მიმართა.
ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მათ შორის შვედეთსა და ესპანეთში მცხოვრებ იმ ემიგრანტებს მიმართა, რომლებიც შეხვედრაში ვიდეომიმართვის მეშვეობით ჩაერთნენ და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
„ჩემო ძვირფასო სულიერო შვილებო, უცხოეთში მცხოვრებლებო, გულითადად მოგესალმებით. ერთი შემთხვევა იყო, ქართველმა ადამიანმა უცხოეთში მომმართა, ისე მიყვარხარ, როგორც საქართველოო. მეც მინდა გავიმეორო ეს სიტყვები, ისე მიყვარხართ, როგორც საქართველო. ჩვენ გელოდებით სამშობლოში, თქვენ ჩვენთვის დიდი საუნჯე ბრძანდებით, სულიერი საუნჯე, ეროვნული საუნჯე.
მე გულითადად მივესალმები მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას მიტროპოლიტ აბრაამს, ჩანს, რომ კარგად მუშაობს ჩვენს ქართველებთან. დალოცვილი იყავით და გახარებული, ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ილია მეორემ დემოგრაფიულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, პრობლემა აქტუალური და იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ერის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.
„დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ჩვენთან, ეს უდიდესი საკითხია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავძლიოთ დემოგრაფიული პრობლემა. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, მარტო თეორიულად ამისი განხილვა არ კმარა და, ალბათ, ყველამ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რათა გამოინახოს ასეთი მოქმედი ნაბიჯები“, – აღნიშნა პატრიარქმა.