საინტერესო

,,ირანიდან შემოსული რძე-პასტა გაიწოვება იატაკქვეშეთში, საიდანაც საზრდოობს კვების ბევრი ობიექტი…”

რუსუდან გიგაშვილი, ,,მომავლის ფერმერი”-ს ხელმძღვანელი:

_ მიხარია და იმედია, ყველაფერი ისე იქნება, როგორი ოპტიმიზმიც გაჩნდა, მოლოდინი მეც დიდი მაქვს. თუმცა, მაქვს გარკვეული კითხვები.
როგორც გავიგე ირანიდან იმპორტზე რაიმე მორატორიუმი ან მსგავსი რამ არ მოხდება და სავარაუდოდ, ეს მასა სულ მინიმუმ ისევ გაიწოვება იატაკქვეშეთშიც, საიდანაც საზრდოობს ბევრი ობიექტი და ზოგადად, ბაზრის დიდი ნაწილი. თემა – მრგვალია, თეთრია, ყველია – კვლავ აქტუალური იქნება. საკანონმდებლო ცვლილებები გვჭირდება ჰაერივით, რომელიც ყველა ისეთ აკრძალვას დააწესებს, რაც ყველთან ასოციაციას იწვევს, მათ შორის, კონკრეტულ დასახელებებზე, ფორმაზეც შეიძლება ფიქრი. ტექნიკურ რეგლამენტში რა ცვლილებები შევა?! უნდა დაიდოს სასწრაფოდ! ვისურვებდი სახელმწიფოს ადგილობრივი რძის სასარგებლოდ კონკრეტული პოზიცია ქონოდა ირანული რძის თემაზე.
ესტონეთის მაგალითი არ გვაწყენდა, როცა სახელმწიფომ იგივე ჩინურ რძესა და რძის პროდუქტებზე გარკვეული შეზღუდვები დააწესა, რადგან ადგილობრივი მერძევე ფერმერებს სწორედ ის დაემართათ, რაც ახლა ჩვენებს ჭირთ. მთავრობამ საგანგებო კომისია შექმნა და ეს საკითხი მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადაწყდა. ესტონეთსაც ჰქონდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ვალდებულებები, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და საერთაშორისო ვაჭრობის სტანდარტებსაც საკმაოდ კარგად იცავს, მაგრამ როცა საქმე საკუთარ ფერმერს და მის კეთილდღეობას ეხება, როცა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას ეხება, იქ ყოველთვის აქვს სათადარიგო გეგმა, თუ როგორ დაიცვას მეწარმე არაჯანსაღ კონკურენციაში შემოსული პროდუქციისგან. ასეთი გეგმები გვინდა ჩვენ ყველგან.
იატაკქვეშა ბიზნესის გამოვლენას აქტიურად დავიწყებთო. კეთილი და პატიოსანი, ან აქამდე სად ვიყავით, მაგრამ აქაც მიჩნდება კითხვა – სააგენტოს არ აქვს უფლებამოსილება არარეგისტრირებული საწარმოები ეძებოს, ეს ფინანსთა სამინისტროს საქმეა. რაიმე ერთობლივი უწყებათაშორისო ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომელიც ამ საქმეს ერთობლივად მიხედავს? ინსპექტირების მასშტაბები გაიზრდებაო, ესეც გადასარევი, სააგენტოს არც აქამდე ჰქონდა მცირე მაჩვენებლები, მაგრამ ბაზარი ისეთი დიდი და რთულია, ვერ აუდის საკუთარი მწირი კადრებით. აპირებს სააგენტო საკადრო პოლიტიკის გადახედვას? ადამიანური რესურსის დამატებას? ბიუჯეტი გაიზარდა? აქაც მეტი კონკრეტიკა გვინდა მეტი ოპტიმიზმისთვის!
მომხმარებლის ცნობიერების ამაღლება მართლა უპირველესია, მაგრამ ასე საუბრით არა, აქაც კონკრეტული სტრატეგია გვინდა, კონკრეტული სამოქმედო პირებით, ფუნქციებით, ვადებით. ისე ფონს ვერ გავალთ. აქ როგორ გვაქვს საქმე? სამწუხაროდ, აქაც ცუდად. მარტო მომხმარებლის არა, 2020-ის 1 იანვრიდან ფიზიკური პირების კონტროლზე როგორ ვართ ფერმერთა ცნობიერების მხრივ?! ყველა ეს საკითხი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ამიტომაც გვინდა კომპლექსური მიდგომა, დარგის სწორი პოლიტიკა. ანუ საქმე ბევრია, რთულია, მაგრამ ერთობლივი და მიზანმიმართული მუშაობით შედეგი მიღწევადია.
და მაინც, მე ველოდები განთიადს!

Related Articles

Back to top button
Close