საზოგადოება

,,ირაკლი ღარიბაშვილი ომის პარტიაა”

,,მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ მოითხოვოს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა"

ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვიტა, რომ წერტილი დაუსვას საქართველოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული განვითარების პროცესს.
ნიკა მელიას დაპატიმრებითა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის დარბევით მან მხოლოდ “სამართალი კი არ აღასრულა”, არამედ ქართულ საზოგადოებას შესთავაზა კონფრონტაციისა და შეუწყნარებლობის პოლიტიკა;
განსხვავებული შეხედულებების, პოლიტიკური ოპონენტების, კრიტიკული მედიის მიუღებლობა არის ავტორიტარიზმის პოლიტიკა და სწორედ ამას დაუჭირა მხარი საქართველოს პარლამენტის 89 დეპუტატმა, როდესაც აირჩია ღარიბაშვილი პრემიერად. ეს ფორმალურად არის ნდობის ვოტუმი, მაგრამ არ არის საერთო-სახალხო ნდობა;
დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება მშვიდობა და სამოქალაქო თანხმობა. ირაკლი ღარიბაშვილი ომის პარტიაა. იგი დარწმუნებულია, რომ სწორედ აგრესიული რიტორიკითა და ქმედებით გააძლიერებს თავის ავტორიტარიზმს.
გუშინაც ასე ვფიქრობდი, როდესაც მას პარლამენტი ნიშნავდა პრემიერ-მინისტრად, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმომედგინა, თუ მეორე დილითვე შეუქმნიდა უკვე პრემიერი ღარიბაშვილი საქართველოს ასეთ სერიოზულ პრობლემებს და გაწირავდა პოლიტიკური კრიზისისა და საერთაშორისო იზოლაციისთვის.
დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საზოგადოებამ გაიაზროს ეს რისკები და მოითხოვოს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა;
დღეს მნიშვნელოვანია საერთაშორისო საზოგადოების და დემოკრატიული წრეების მხარდაჭერა, რომ არ გაიწიროს ჩვენი სახელმწიფო;
დღეს მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა, თუ მას შერჩენია პოლიტიკური ინტუიცია და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, გადააყენოს გუშინ დანიშნული პრემიერი ღარიბაშვილი თანამდებობიდან.
სხვა შემთხვევაში, ქართული სახელმწიფო შედის ისეთ ჩიხში, სადაც იკარგება დამოუკიდებლობაც და დემოკრატიული განვითარებაც. ამ სტატუსით არ ვარკვევ, დამოუკიდებლად მივიდა ირაკლი ღარიბაშვილი ასეთ პოლიტიკამდე თუ სხვისი დავალებით. ფაქტია, რომ იგი დღეს პირისპირ დგას საქართველოს დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების დაკარგვის საფრთხესთან.
ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
Close