მსოფლიო

ირაკლი კობახიძე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრას გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სავარაუდოდ, დღეს და ხვალ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. მან ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს უპასუხა, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებების რიგგარეშე სხდომაზე განხილვამდე, წინასწარი კონსულტაციები მოითხოვა.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სხდომებისთვის ვემზადებით. იყო მოლოდინი და ჩემი მხრიდან არაერთგზის შეთავაზება, ვიდრე საკონსტიტუციო ცვლილებების ეს პაკეტი გავიდოდა სხდომაზე, მანამდე განხილულიყო ის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად. ოპოზიციური სპექტრი არ ვართ მხოლოდ ის პარტიები, ვინც საპარლამენტო ფრაქციებს წარმოვადგენთ. არსებობს პოლიტიკური კლასი პარლამენტს მიღმა – კვალიფიციური პარტიები და ცალსახად უნდა ითქვას, წარმოდგენილ ცვლილებებთან მიმართებაში არ არსებობს კონსენსუსი. მე ვხედავ ქვეყანაში, ჯერ პარლამენტის დონეზე, პოლიტიკური კრიზისის ნიშნებს. ძალიან არ მინდა, გამწვავდეს ეს პოლიტიკური კრიზისი, მოედოს სხვა შტოებსაც და პროცესი პარლამენტის დარბაზიდან გადავიდეს სხვა სივრცეში. ის ცვლილებები, რაც წარმოდგენილია, ინტერპრეტირებული აღქმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების, ოპოზიციური პარტიების დადანაშაულება იმაში, თითქოს ჩვენ არაკონსტრუქციულად ვმონაწილეობდით ამ განხილვების პროცესში, სამწუხაროა. ძალიან მძიმე პროცესის წინაშე ვდგავართ. კიდევ არის დღეები დარჩენილი იმისათვის, რომ ოპოზიცია კი არ დაადანაშაულოს უმრავლესობამ დესტრუქციაში, არამედ ეს ორი დღე გამოვიყენოთ წინასწარი კონსულტაციებისთვის“ – განაცხადა ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა.

პასუხად თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ოპოზიციურ სპექტრთან კონსულტაციების გამართვა დაგეგმილია.

„მე რამდენადაც ვიცი, თავმჯდომარე გეგმავს როგორც საპარლამენტო, ასევე, არასაპარლამენტო პარტიებთან შეხვედრას. ნაწილთან დღეს და ნაწილთან ხვალ. ვენეციის კომისიის მხრიდან ნამდვილად პოზიტიურად იქნა მიღებული კანონპროექტი. დანარჩენი, რაც არის პოლიტიკური მოლაპარაკებების და კონსენსუსის ნაწილი, მე მგონი ბევრი არა, მაგრამ გარკვეული დრო გვაქვს, რომ ასეთი შეხვედრები გავმართოთ“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

რიგგარეშე სესიის გამართვა, რომელზეც საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი უნდა განიხილონ, 21 ივნისს იგეგმება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close