იმერეთი დაღუპულ ბავშვებს გლოვობს
„ჩემს შვილებს ვეძებდი, ყველა კლინიკა და მორგი მოვიარე, ჩემი და ჩემი მეუღლისთვის ყველაზე კოშმარული ღამე იყო“

-ჩვენი მაცხოვრებელია დათო აბშილავა, ის სოფელ ობჩაში ცხოვრობდა. 39 წლის იყო, კარგი ადამიანი. როგორც ვიცი, დათოს მანქანა რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა და ამბობენ, მანქანაც გაუმართავი იყოო.
„კორსას” მარკის ავტომობილით მოძრაობდნენ, საჭესთან დათო მჯდარა, მანქანას წინა სავარძელში მისი მეუღლე, ცირა ხოზრევანიძე და ცირას ორი მცირეწლოვანი შვილი. დათოს ეს გოგო ახალი მოყვანილი ჰყავდა ცოლად, 6 თვეა, როგორც ვიცი, ერთად ცხოვრობენ. გარდაცვლილი ბავშვები მისი მეუღლის შვილები არიან. გოგო აჭარელია.
მანქანაში უკან კიდევ მჯდარა სამი ბავშვი და მიდიოდნენ მანქანით ყველანი ობჩადან ხარაგაულში, დათოს დასთან.დისშვილი მიჰყავდათ თურმე და ამ დროს მოხდა ეს საშინელი ავარია. ის სამი ბავშვი, რომელიც უკან ისხდნენ მანქანაში, გადარჩნენ, კლინიკაში იყვნენ, მაგრამ ამბობდნენ, სასიკვდილო არაფერი სჭირთო. არ ვიცი, რა გახდა ავარიის მიზეზი. ჩემი ძმაკაცი არის იქიდან და ავარიის შემდეგ მისულა იქ, მითხრა, მსგავსი საშინელი ავარია არ მინახავსო, ისე იყო ყველაფერი ერთმანეთში არეული, გავგიჟდიო. როგორც ვიცი, ტაქსის დაეჯახა. ტაქსის მძღოლი ამბობს, რომ შევხედე, მივხვდი, მეჯახებოდა და მაქსიმალურად გავწიე მანქანა, გავაჩერე და გადავედიო, ჯერ მანქანას დაეჯახაო და მერე ხეს შეეჯახაო.
ერთი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, მეორე გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. იქვე ამბობდნენ ექიმები, ტყუილად ვაწვალებთ, ისეთი დაზიანებები აქვს ვერ გადარჩებაო. იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო ბავშვი. დათოსთვის ეს მეორე ქორწინება იყო. მას ჰყავს პირველი ქორწინებიდან ორი ბიჭი, ისინი მის ყოფილ მეუღლესთან სამტრედიაში ცხოვრობენ.
თვითონ კარგი ადამიანი იყო, შრომობდა, ლავაშებს აცხობდა. ღმერთის წყალობით სხვა ბავშვები გადარჩნენ. როგორც ვიცი, მანქანა ისეა დაზიანებული, იქ გადარჩენა შეუძლებელი იყო. გარდაცვლილი ბავშვების დედა გადარჩა, მოტეხილობები ჰქონდა და ორი დღე კომაში იყო. ჩაუტარდა ოპერაციები და გადარჩებაო“, – ამბობს ადგილობრივი ამბები.ჯი-ისთან.
ცირა ხოზრევანიძის დის ქმარი, ხვიჩა ჩაგალიძე ამბები.ჯი-ისთან ამბობს:
„ჩემი ტყუპი გოგონები, 7 წლის ბავშვები სტუმრად იყვნენ დეიდასთან წასულები სოფელ ოფჩაში. წინა დღეს ველაპარაკე დათოს და მითხრა, რომ პარასკევს ბავშვებს ჩამომიყვანდა გურიაში. ხუთშაბათს ეს საშინელი ამბავი მოხდა. მე ხუთშაბათს გვიან გავიგე, 12 საათი ხდებოდა და მას შემდეგ ჩემი შვილების ადგილსამყოფელს ვეძებდი. საშინელი დღეები გამოვიარეთ, დიდხანს ვეძებდით ბავშვებს. როგორც გავიგე, დათოს დისშვილიც ჰყოლია სტუმრად და დასთან მიჰყავდა ხარაგაულში და წაიყვანა ყველანი ერთად.
სულ 5 ბავშვი იჯდა მანქანაში. რა მოხდა, რატომ მოხდა ეს ავარია, ვერ გავიგე. არც არავის აქვს სურვილი, მითხრას დეტალები და უფლება მაქვს, ვიცოდე, რადგან დაზარალებული ვარ. ვეძებდი ჩემს შვილებს, საპატრულო პოლიციისგან გავიგე, რომ ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი, მაშინ დავიწყე ძებნა ჩემი შვილების და თითქმის ყველა კლინიკა და მორგი მოვიარე. ჩემი და ჩემი მეუღლისთვის ყველაზე კოშმარული ღამე იყო. როგორც მერე გავიგეთ, ჩემი ბავშვები გამვლელ ცოლ-ქმარს აუყვანია და წაუყვანია თბილისში, იაშვილის კლინიკაში და იქ მივაგენით.
ავარიის დეტალებზე არც ვესაუბრები ბავშვებს. არ მინდა, მივაყენო ტრავმა. სიჩქარე რომ იყო ერთი მიზეზი ფაქტია, რადგან ძალიან დაზიანებულია მანქანა. ჩემი შვილები შეჯახების შემდეგ უკანა საქარე მინიდან არიან გადმოვარდნილები. ორივე დასისხლიანებული ყოფილა და იქ დასახლებული ადგილი ყოფილა, ის დაეხმარა ბავშვებს. ბავშვი ამბობს, ვიღაც დეიდამ მოგვაქცია ყურადღება, შაქარწყალი დაგვალევინეს, სახე მოგვბანეს სისხლით ვიყავით დასვრილებიო“.
საქმე მიმდინარეობს გამოძიება.
ამბები.ჯი