რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ილია II : თუ მოინანიებს, მზად ვარ, ყველაფერი ვაპატიო

ქართველი მეცნიერების მილოცვა:

„2017 წელი საიუბილეოა სრულიად საქართველოსათვის. წელს საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის მამამთავრად დადგინების 40 წლისთავი.
საქართველოს ეკლესიის უკანასკნელი ასწლოვანი მატიანე თავის თავში მოიცავს როგორც დიდ ამაღლებას, ასევე განსაცდელებს და ტკივილს. XX საუკუნის ჩვენი დიდი პატრიარქების ცხოვრება და მოღვაწეობა ესაა გოლგოთისა და დიდების გზა. წამებულად აღესრულენ უწმიდესი პატრიარქები კირიონ II და ამბროსი. ათეისტურმა ხელისუფლებამ დედა ეკლესიას ჩამოართვა იურიდიული სტატუსი, საეკლესიო ქონება, ადმინისტრაციული წესით დახურა ათასობით ეკლესია, იძულებით განმოსა, დააპატიმრა და ფიზიკურად გაანადგურა ასობით სასულიერო პირი. იყო ისეთი კრიტიკული წლები, როდესაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, საკათალიკოსო საბჭოს წევრთა უმრავლესობა საპატიმროებში გამოამწყვდიეს. დღეს თითქმის დაუჯერებელია, მაგრამ დანგრევის საფრთხე დაემუქრა მეტეხის ღვთისმშობლის, ქაშუეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიებს. ადმინისტრაციული წესით დახურვა ელოდა თბილისის სიონის და მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრებს. საზოგადოების უმრავლესობა იძულებით განეშორა ეკლესიას, ამ მწარე რეალობამ ათქმევინა პატრიარქ ეფრემ II-ს: ,, ჩვენ, ძველები, მივდივართ ახლები არ ჩანს, რატომ ეკიდება ასე გულგრილად ქართველი ახალგაზრდობა დედა-ეკლესიას? ნუთუ იმიტომ, რომ მას ასე დიდი ღვაწლი აქვს ქართველი ერის წინაშე?“.

თუ 1921 წლის მონაცემებით საქართველოში მოქმედი იყო 1450 ეკლესია, 70 მონასტერი, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 1600-ზე მეტი სასულიერო პირი, 1977 წელს მოქმედი იყო 50 ეკლესია, სადაც ღვთისმსახურებას ეწეოდა 70-მდე სასულიერო პირი, 15 მოქმედ ეპარქიას მხოლოდ 7 მღვდელმთავარი ჰყავდა.
საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიის ისტორიაში ახალი ერის დაწყება უკავშირდება 1977 წლის 23-25 დეკემბერს, როდესაც მეთორმეტე საეკლესიო კრებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (ღუდუშაურ-შიოლაშვილი) უწმიდესი და უნეტარესი ილია II. ,,საოცრებამდე უსაზღვროა განგება ღვთისა, არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი – ასე დაიწყო თავისი პირველი მამამთავრული სიტყვა 44 წლის ახალგაზრდა საჭეთმპყრობელმა – ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენს წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამამთავრისა. მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და ამავე დროს საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს ღვთის ამ წმიდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა… თავს ვხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის, ქართველი ხალხის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და გონება“…
ახალგაზრდა პატრიარქისათვის მთავარი პრობლემა იყო იმ ხელოვნური გაუცხოების კედლის დანგრევა, რომელიც, ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ეკლესიასა და საზოგადოებას შორის აღიმართა. პირველი რიგის ამოცანა იყო ახალგაზრდა სასულიერო პირების კურთხევა, ფიქტიურად, არსებული ეპარქიების აღორძინება. სულ მალე წმიდა სინოდის წევრთა რაოდენობა 6-დან გაიზარდა 15-მდე. 2017 წლის მონაცემებით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მოქმედ ეპარქიათა რიცხვი 47, წმიდა სინოდის წევრია 46 მღვდელმთავარი, 2100-ზე მეტი მოქმედი ეკლესიით და 2300-ზე მეტი სასულიერო პირით. უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ბათუმისა და ლაზეთის, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის, დმანისისა და ლორე-ტაშირის, დედოფლისწყაროსა და ჰერეთის, დასავლეთ ევროპის, გერმანიისა და ავსტრიის, ბელგიისა და ჰოლანდიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და კანადის ქართული სამრევლოები და ეპარქიები, რომლებიც დაარსდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის, ლაზეთის, საინგილოს, ევროპის და ამერიკის კონტინენტზე დროებით გასული ჩვენი თანამემამულეებისათვის, რათა ისინი არ მოსწყდნენ თავიანთ მშობლიურ ფესვებს და შეინარჩუნონ სულიერი კავშირი დედა სამშობლოსთან, დედა ეკლესიასთან. ,,განსაკუთრებული სიყვარულით და მხურვალე გრძნობით მოგმართავთ თქვენ, ჩვენო ძმებო, მცხოვრებნო სამშობლოს საზღვრებს გარეთ, მოგმართავთ თქვენ, მუსლიმანებო და ქრისტიანებო, ჩვენ სისხლით და ხორცით ერთნი ვართ, მიუხედავად განსხვავებული რელიგიური შეხედულებისა. გახსოვდეთ, რომ თქვენი წინაპრები განისვენებენ საქართველოს წმიდა მიწაზე, ნუ დაივიწყებთ, ვინ ხართ, გახსოვდეთ ქართული ტრადიციები. ჩვენ მარად გვახსოვხართ და დღედაღამ ვლოცულობთ თქვენთვის, ჩვენი ერის გამთლიანებისთვის“, – ამ სიტყვებით მიმართავს პატრიარქი საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ ჩვენ თანამემამულებს.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის დამსახურებაა ჩვენი ეკლესიის მოციქულებრივი წარმომავლობის წინ წამოწევა. პატრიარქმა ჩვენი ქრისტიანობის ემბაზს – სვეტიცხოველს – დაუბრუნა თავისი ისტორიული ბრწყინვალება. აღადგინა მღვდელმთავრების და წმიდა მირონის სვეტიცხოველში კურთხევის ტრადიცია. პატრიარქის მთავარი საზრუნავი იყო ჩვენს ეკლესიას დაემკვიდრებინა ღირსეული ადგილი ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. 1917 წლის 12(25) მარტის აღდგენილ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებდნენ მართლმადიდებელ ეკლესიათა უმრავლესობა. ჯერ კიდევ შემოქმედელი ეპისკოპოსობის ჟამს, იგი აქტიურად შეუდგა თავის გარშემო ცნობილი მეცნიერების შემოკრებას და მოამზადა საქართველოს ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალიის მტკიცებულების დოკუმენტები, დაგზავნა ისინი ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებთან. ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას და მოიწვია მათი ლიდერები საქართველოში. ეს მიზანმიმართული მუშაობა წარმატებით დაგვირგვინდა 1990 წლის 4 მარტს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიული ავტოკეფალია, მისი საპატრიარქო ღირსება. ქართულ მხარეს გადმოსცა მისი მტკიცებულების სიგელი.
უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იყო სასულიერო განათლების აღორძინება. ჩვენი ეკლესიის წინაშე არსებულ გამოწვევებს ვეღარ პასუხობდა მცხეთის სასულიერო სემინარია. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1988 წელს მოხერხდა თბილისის სასულიერო აკადემიის დაფუძნება, რომელიც დღეს სასულიერო განათლების გამორჩელი კერაა, აკადემიამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია, 2013 წელს მოიპოვა თეოლოგიის სფეროში სადოქტორო სადისერტაციო საბჭოს შექმნის უფლება. აღდგა გელათის სასულიერო აკადემია, დაარსდა გელათის მეცნიერებათა აკადემია (1995 წ.) გაიხსნა ახალციხის, ნეკრესის, ფოთის, ბათუმის, გორის, სასულიერო სემინარიები. პატრიარქის ღვაწლით დაფუძნდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, რომელმაც ღირსეული ადგილი დაიკავა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, წმიდა თამარ მეფის სახელობის და ხიჭაურის წმიდა აბუსერიძე ტბელის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, ,,ახალი საქართველოს“ უნივერსიტეტი ქ.ფოთში.
XX საუკუნის 20-60 იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საეკლესიო კალენდრის გარდა თითქმის არანაირი ბეჭდვითი ორგანო არ ჰქონდა. უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით 1978 წელს გამოვიდა საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური ჟურნალი ,,ჯვარი ვაზისა“. ამჟამად გამოდის 100-ზე მეტი სასულიერო შინაარსის ჟურნალ-გაზეთი. 1989 წელს დაიბეჭდა თანამედროვე ქართულ ენაზე ,,ბიბლია“, ასევე სასულიერო შინაარსის მრავალი, მეცნიერულად გამართული, წიგნი.
უწმიდესის სახელთანაა დაკავშირებული საეკლესიო არქიტექტურის, ქართული ხელწერის, საეკლესიო მხატვრობის, საეკლესიო გალობის, ტიხრული მინანქრის ტრადიციების აღორძინება. უწმიდესის ღვაწლით ფუნქციონირებს საპატრიარქოს რადიო ,,ივერია“ და ტელევიზია ,,ერთსულოვნება“.
უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით აღსდგა ურთიერთობა საზღვარგარეთ ქართულ სამონასტრო ცენტრებთან (ათონი, პეტრიწონი, იერუსალიმი, ჯვრის მონასტერი).
1987 წელს ჩვენმა ეკლესიამ ერისა და ეკლესიის წინაშე დიდი ღვაწლისათვის ილია ჭავჭავაძე წმიდანად შერაცხა და მკაფიოდ გზავნილით აუხსნა ყველას თუ რატომ შეირაცხა იგი წმინდანად. ,,ილია ჭავჭავაძე ღვთის განგებით მოგვევლინა, როგორც წინასწარმეტყველი, როგორც ,,ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“, როგორც სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, როგორც მქადაგებელი და წინამძღვარი… მან აღასრულა უფრო მეტიც, მხოლოდ თავისი ჯვარი კი არა, მთელი ერის ჯვარი იტვირთა“. ეს იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დიდი სტიმული. ამის შემდეგ ჩვენმა ეკლესიამ არაერთი ღირსეული მამულიშვილი შერაცხა წმინდანთა დასში.
საქართველოს უახლეს ისტორიაში არა ერთხელ დადგა ისეთი კრიტიკული მომენტები, როდესაც ქვეყნის ერთიანობისა და სტაბილურობის ჩამოშლის რეალური საფრთხე სახეზე იყო ამ დროს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხელმძღვანელობით იყო ჩვენი ერთიანობის სიმბოლო და ყველა დაპირისპირებული ძალის გამაერთიანებელი. საოცრად შემწყნარებელი და მიმტევებელია პატრიარქი უკომპრომისოა, როდესაც საქმე ჩვენს სამშობლოს, ეკლესიას ეხება: ,,მკაცრი იშვიათად ვარ, მაგრამ, თუ ეს შეეხება სამშობლოსა და ეკლესიის ბედს, შეუვალი ვხდები. ღვთისა და ერის მოღალატეს მკაცრი სასჯელი შემიძლია დავადო, მაგრამ ამავე დროს, სულ ველოდები მისგან სინანულს და თუ მოინანიებს, მზად ვარ ყველაფერი ვაპატიო“ – ბრძანებს იგი.
გლობალიზაციის ამ ურთულეს პერიოდში თანამედროვე საქართველოს შვილებს დიდი სულიერი სიმტკიცე და ნებისყოფა სჭირდებათ. უწმიდესი გვაფრთხილებს: ,,იმის საშიშროებაც აშკარაა, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება მიპყრობილია ტექნიკური, ეკონომიკური და ფინანსური ეფექტების მიღწევაზე, ურთიერთობის ზნებრივი მხარე კი დავიწყებულია“.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დიდი ღვაწლით 2002 წლის 14 ოქტომბერს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმდა კონკორდატი, რომლითაც სახელმწიფომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში და თანამედროვე პირობებში.
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2004 წელს თბილისში დასრულდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელიც პატრიარქის სიტყვით, ,,სიმბოლურად არის გამაერთიანებელი მთელი ქართველი ხალხის. მთავარი ის არის, რომ ქართველმა ერმა ამით შექმნა ავტოპორტრეტი და ყველას უჩვენა, თუ შინაგანად როგორი ძლიერი ყოფილა“.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავისი დიდი სულიერებით, კაცთმოყვარეობით, დიდადაა დაფასებული მსოფლიოში, მის სიტყვას დიდი წონა აქვს, როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე სხვადასხვა ქვეყნის სულიერ ლიდერებში, რაც არა ერთხელ დაუდასტურებიათ მათ: ,,ეკლესიისადმი შეწირული თქვენი მოღვაწეობის ნაყოფი ხილული და ნათელია. მას მომავალი თაობები ოქროს ასოებით ჩაწერენ სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლებზე, ისევე როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში“ – ასე შეაფასა ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოს I-მა უწმიდესი და უნეტარესი ილია II-ის ღვაწლი. ,, მე საქართველოში ორი სიურპრიზი დამხვდა, ერთი – თავად საქართველო, მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი ქრისტიანული რწმენით სავსე ასეთ ადგილს: ჩემი მეორე აღმოჩენა საქართველოს პატრიარქი იყო, ადამიანი უდიდესი და ძალიან ღრმა რწმენით, ის არის ღვთისკაცი. მე შემძრა პატრიარქის გაცნობამ და ეს გრძნობა მქონდა მასთან ყოველი შეხვედრისას. დავტოვე გრძნობით, რომ მე ვიპოვე ნამდვილი ღვთისკაცი“. კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე შეიხ ალაჰ შუქურ ფაშაზადე უწმიდეს პატრიარქ ილია II-ს კავკასიის ხალხთა სულიერ ლიდერს უწოდებს…
უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II ბრძანდება ქართული მეცნიერების, ინტელიგენციის დიდი ქომაგი და დამფასებელი, ქართული მეცნიერების გულისნადები კარგად გამოხატა პროფესორმა კალისტრატე სალიამ: ,,თქვენო უწმიდესობავ, თქვენ ბრძანდებთ წინამძღვარი ისტორიით დატვირთული ქართული ეკლესიისა, რომლის მეთაურთა ტავს ხშირად ედგა მოწამის გვირგვინი და აკვირვებდნენ სამყაროს შეუდრეკელობით, მხნეობით, გამძლეობით, თავგანწირვით სჯულისა და სამშობლოს დასაცავად. დიდება თქვენ და იმ წმიდა გვირგვინს, რომლის ტარება ბედმა და ქართველმა ერმა მოგანდოთ“.
ხალხმა გული რომ გაგიხსნას და შეგიყვაროს, ამისათვის ღვთისგან რჩეული უნდა იყო და მადლმოსილი. ღმერთი უნდა უძღოდეს წინ საქმეებს შენსას და მისი ტკბილი სიყვარული გზას გინათებდეს. ჩვენს პატრიარქს თავის 40-ე მზიან ღამეს სწორედ ღმერთი უნათებს გზას.
უწმიდესი და უნეტარესი ილია II თავის ეპისტოლეში ბრძანებს: ,,სულიერება ხალხში თავდაპირველად გზას იკვლევს ცალკეულ მადლმოსილ პიროვნებათა წყალობით, შემდეგ ეს ნიჭი ეფინება მთელ ერს, აღამაღლებს მას. ამიტომაც პიროვნების როლი ქვეყნის ცხოვრებაში უდიდესია. არიან ადამიანები, ღვთის ნიჭით გამორჩეულნი, რომლებიც თესენ სიყვარულს, სათნოებას, ქმნიან, აშენებენ, თვითონ იწვიან და სხვას გზას უნათებენ“. დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ურთულესი გამოწვევების წინაშეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს, რომელმაც ურთულესი მდგომარეობიდან, თავისი სიმშვიდით, რწმენით და შორსმჭვრეტელობით, არაერთხელ გამოიყვანა ქვეყანა და დედა ეკლესია.

აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე – საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
აკადემიკოსი როინ მეტრეველი – საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
პროფესორი გიორგი შარვაშიძე – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
პროფესორი სერგო ვარდოსანიძე – საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი
პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია – სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი
აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე
აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა
აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე
აკადემიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე
აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია
აკადემიკოსი ეთერ ქემერტელიძე
აკადემიკოსი ელგუჯა ხინთიბიძე
აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი
აკადემიკოსი ნანა ხაზარაძე
აკადემიკოსი მზექალა შანიძე
აკადემიკოსი ოთარ ნათიშვილი
აკადემიკოსი ჯონი ხეცურიანი
პროფესორი ედიშერ ჭელიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close