,,ივანიშვილის გარიგებას ალიევთან, ეწირება ჩვენი და ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე”
ლეიბორისტებმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, დავით გარეჯას ოკუპაცია-ანექსიის პროცესი გააპროტესტეს. პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას, არ გაბედოს დელიმიტაციის რაიმე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა.
,,მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო უმძიმეს ეტაპს გადის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შაჰ-აბაზისეულად კვლავ ჩაგვცა ზურგში დაშნა და პუტინის დავალებით აგრძელებს გარეჯის ოკუპაცია-ანექსიის პროცესს. ვაფრთხილებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომლის გარიგებას ალიევთან ეწირება ჩვენი და ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმნიდე, არ გაბედონ დელიმიტაციის რაიმე ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემა.
ხელისუფლების შეცვლისთანავე, რომელიც ძალიან მალე მოხდება, ყველა ხელშეკრულება, რომელთა თანახმადაც, დავით გარეჯის თუნდაც ერთი ქვა დარჩება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე, იქნება გაბათილებული და ანულირებული, ისე როგორც ხელისუფლების შეცვლისთანავე შეიცვლება გზის, ნავთობის, ტვირთა გადაზიდვის ტარიფები, რომელთაგან აღებული მილიარდები, დღეს ივანიშვილის და ალიევის ჯიბეში მიდის და ეს თანხა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ბიუჯეტში წავა. ამ ვერაგული ქცევით, დიქტატორი ალიევის რეჟიმი არა მარტო ამაგრებს პუტინის შემოტევებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთო ოკუპაციის პროცესს, არამედ უთხრის ძირს ქართულ-აზერბაიჯანულ მეგობრობას და ამ მიზანს , რა თქმა უნდა, ვერ მიაღწევს. ამის გარდა, გადაიხედება ყველა დელიმიტაციაზე დადებული ხელშეკრულება (162კმ-ზე), რომელიც ასევე მოღალატეობრივად იქნა გაფორმებული ჩვენი ხელისუფლების წარმომადენელთა მხრიდან. ასევე, გადასაწყვეტია საინგილოს საკითხი, რომელიც უკანონოდ გადაეცა აზერბაიჯანს 1921 წელს, სადაც მიდის ქართველთა გენოციდი, გადაშენება, ყოველი ქართულის დევნა-აკრძალვა, ქართულო სამლოცველოების დახურვა. ამ მდგომარეობის ასე დარჩენა შეუძლებელია. ეს არის სერიოზული იარა ორი მოძმე ხალხის ურთიერთობაში. ასეა, როცა ჩუმად ხარ და არ ამბობ, რაც წაგართვეს, მერე მტაცებელს სხვა პრეტენზიები უჩნდება. ჩვენ უნდა ვუთხრათ მთელ მსოფლიოს, რანი ვიყავით და რანი დავრჩით ამდენი მომხდურისა და მტრის გადამკიდე.“_ განაცხადა აქციაზე შალვა ნათელაშვილმა