რედაქტორის გვერდისაზოგადოება

იდუმალებით მოცული ტბა, რომელმაც ერთ ღამეში 1700 ადამიანი მოკლა

   1981 წლის 21 აგვისტოს, ჩრდილო-დასავლეთ კამერუნში, ვულკანური კრატერის თავზე წარმოქმნილ ტბასთან, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და საიდუმლოებით მოცული ბუნებრივი კატასტროფა მოხდა. ყოველგვარი წანასწარი ნიშნების გარეშე, ნიოსის ტბიდან ამოიტყორცნა 300 000 ტონიდან 1,6 მლნ ტონამდე ტოქსიკური ნახშირორჟანგი.
  ჩუმი სიკვდილი დაახლოებით 100 კმ-ზე გავრცელდა და რამდენიმე წუთში გაგუდა დაახლოებით 1 746 ადამიანი და 3500-ზე მეტი შინაური მსხვილფეხა ცხოველი. ეფექტი გამანადგურებელი იყო მისი სისწრაფის გამო; ტბიდან 25 კმ რადიუსში, ცოცხალ არსებებს სრულად მოესპოთ ჟანგბადი. მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მრავალი ადამიანი ძილში გაიგუდა. ზოგიერთ მათგანს პირისა და ცხვირის მიდამოები სისხლით ჰქონდა მოსვრილი. როდესაც რამდენიმე გადარჩენილმა გაიღვიძა, შენიშნეს მხოლოდ გვამები, ყოველგვარი ძალადობისა და არეულობის კვალის გარეშე. დახოცილი იყო ფრინველებიც. თვითმხილველების განცხადებით, რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ამ ტერიტორიაზე ნეიტრონული ბომბი იყო აფეთქებული.
   ჯოზეფ ნკვაინმა, რომელმაც კატასტროფიდან 3 საათის შემდეგ გაიღვიძა, მომხდარის შესახებ პლიმუთის უნივერსიტეტის მკვლევარს, არნოლდ ტეილორს მოუყვა: „ლაპარაკი არ შემეძლო. გონებას ვკარგავდი. ვერც პირს ვაღებდი, რადგან რაღაც საშინელი სუნი იდგა. მესმოდა, როგორ ხრიალებდა ჩემი გოგონა… როდესაც მის საწოლთან მივვარდი, ჩავიკეცე… მკლავებზე ჭრილობები გამიჩნდა, თუმცა არ ვიცი, როგორ. ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ ვეღარ ვსუნთქავდი… ჩემი ქალიშვილი უკვე მკვდარი იყო“.
 ეს გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბუნებრივი მოვლენა თანამედროვე ისტორიაში. მისი გამომწვევი მიზეზების გარკვევას მენიერები დღემდე ცდილობენ. „ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული კატასტროფა, რაც კი ოდესმე მეცნიერებს შეუსწავლიათ. ტბები უბრალოდ არ იწევენ და ათაოსბით ადამიანს არ ხოცავენ“, — უთხრა 2005 წელს The Guardian-ს მიჩიგანის უნივერსიტეტის ეკოლოგმა ჯორჯ კლინგმა. რა ვიცით ამ მოვლენის შესახებ? ამ დროისათვის, მკვლევრებმა უკვე დაადგინეს, რომ ადგილობრივი დროით საღამოს 9 საათისთვის, ნიოსის ტბიდან ამოიტყირცა დიდი ოდენობით CO2. იქიდან გამომდინარე, რომ CO2 ჰაერში არსებულ სხვა აირებზე მძიმე იყო, იგი სწრაფად დაეშვა დაბლა, ხეობაში და ყველაფერი 50 მ სისქის ტოქსიკურ აირში გაეხვა. ჩვეულებრივ, ეს ასობით ათასი ტონა CO2 ტბის შემცველობაშია დაკონსერვებული, თუმცა იმ დროს, მას ამოტყორცნისკენ რაღაცამ უბიძგა.
 როგორც Scientific American-ი წერს, ტბის ფსკერიდან ამოსული ვულკანური გაზები დაიშალა და ღრმა წყლებს შეერია, ტროპიკულმა ტემპერატურამ კი ამ ცივი წყლების თავზე, თბილი წყლის ერთგვარი „ხუფი“ წარმოქმნა. უცნობია თუ რამ განაპირობა ამ „პლომბის“ გატეხვა, რამაც ღრმა, დაბინძურებულ წყალს მაღლა ამოსვლის საშუალება მისცა. შესაძლოა ეს იყო მიწისძვრა, მეწყერი, ვულკანის ამოფრქვევა ან ისეთი მარტივი რამ, როგორიცაა წყლის დონის აწევა. გამომწვევი მიზეზი უჩუმარი იყო, მაგრამ შედეგები კატასტროფული აღმოჩნდა.
წყარო: პირველი არხი (მიხეილ ჭაბუკაშვილი)
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close