საზოგადოება

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი… _ ,,სამარცხვინო ლექსი თუ… სამარცხვინო პოზიცია”

ვალერი კვარაცხელია, ჟურნალისტი, ანალიტიკოსი:

,,სამარცხვინო ლექსი თუ… სამარცხვინო პოზიცია

კოლაუ ნადირაძის ერთი გახმაურებული ლექსი, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს ეძღვნება, ზოგიერთს პოეტური და მოქალაქეობრივი გმირობის ნიმუშად მიუჩნევია. სინამდვილეში რა “გმირობაც” დევს ამ ნაცოდვილარში, ამის უტყუარი დასტურია თვითონ კოლაუს დამოკიდებულება საკუთარი ლექსის მიმართ.

აქვე გთავაზობთ ამონარიდებს ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილი მწერლების გამოსვლებიდან მწერალთა კავშირში…

შ. ნ ი შ ნ ი ა ნ ი ძ ე: გუშინ ჩემთან, როგორც მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარესთან, მოვიდა პოეტი ნიკოლოზ ნადირაძე და, როგორც აღსარება, ისე გამანდო შემდეგი:

ნიკოლოზ ნადირაძის განცხადება: ცუდად გახმაურდა ეს ჩემი ლექსი, რომელიც, მართალია, 1966 წელს დავწერე, მაგრამ, დამიჯერეთ ამ ხნის კაცს, არც კი მახსოვდა. გამართლება არა აქვს ამ ფაქტს, მაგრამ მაინც აგიხსნით, რა ვითარებაში დაიწერა ეს ლექსი. იმ დღეს პაოლო იაშვილის თავის მოკვლის დღე იყო. რამდენიმე მწერალთან ერთად, შ. დემეტრაძეც იქ იყო. ქაშვეთში წავედით, გრიგოლ ორბელიანის საფლავი ვინახულეთ, მათი სულის მოსახსენიებელი დავლიეთ, კარგად შეზარხოშებულნი დავიშალენით. სახლში მიმყვა ეს განწყობილება, გამახსენდა ყრმობის დრო, პაოლოსთან ერთად გატარებული დღეები, ტირილი ამივარდა…

ასეთ კრიზისულ წუთებში დავწერე ეს ლექსი, ლექსად კი არ ვთვლი სინამდვილეში. წუთიერი სულიერი კრიზისი გადმოვანთხიე ქაღალდზე, ვაჩუქე შ. დემეტრაძეს, მივიწყებული მქონდა.

ვინც ეს ლექსი გამომცემლობაში მიიტანა, ის კაცი არის ყველაზე ბოროტმოქმედი, ავისმზრახველი როგორც ჩემ მიმართ, ასევე სახელმწიფოს მიმართ.
ბრალს ვდებ გამომცემლობას. მე რომ ცოცხალი ვარ, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ. ჩემი არქივი მე მაქვს, ვიღაც ავისგანმზრახველმა მიასწავლა მაგათ, რომ მუზეუმში ინახებოდა ეს ავტოგრაფი. თუ ფაქსიმილე სჭირდებოდათ, რატომ ჩემთან არ მოვიდნენ?

მე რომ თავად ცუდი განზრახვა მქონოდა, შემეძლო, მოდისიდენტო ჭკუანაღრძობი ხალხისათვის გადამეცა ეს ლექსი ან ამ თხუთმეტი წლის მანძილზე რაღაცას ჩავიდენდი საძრახისს…

შ. ნ ი შ ნ ი ა ნ ი ძ ე: ნ. ნადირაძე თვითონ ძალიან წუხს, სინდისი ქენჯნის, მაგრამ ეს ისეთი ფაქტია და ამას ვამბობ, როგორც მოქალაქე, თავმჯდომარე, თქვენი კოლეგა, ეს იმდენად ამაზრზენი ფაქტია, არავითარი გამართლება არა აქვს.

ის შეძრწუნება, ჭირის ოფლში გავლა, რაც დაკავშირებულია ამ ლექსის წაკითხვასთან, არასოდეს დაავიწყდება იმას, ვისაც ეს ფაქტი გაახსენდება.
ჩვენ ნ. ნადირაძეს ვთხოვეთ, მოსულიყო სამდივნოზე, მაგრამ 93 წლის კაცი ფიზიკურად დაუძლურებულია და სკლეროზიც მოჭარბებული აქვს. ეტყობა, ამიტომ ვერ გამოცხადდა.

ჩვენ, როგორც მის კოლეგებს, სრული მორალური უფლება გვაქვს, ასეთი დანაშაულის, შეცდომის გამო ნ. ნადირაძე ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე გავრიცხოთ მწერალთა კავშირიდან, მაგრამ შემოქმედებითი ინტელიგენციისადმი რესპუბლიკის ხელმძღვანელობის სათუთი და გულისხმიერი დამოკიდებულებით უნდა აიხსნას ის, რომ ამ ზომას არ მივმართავთ.

ვითვალისწინებთ რა ღრმა მოხუცის ზემოთ მოყვანილ აღსარების, მონანიების სიტყვებს, არ მივმართავთ ამ უკიდურეს ზომას.

ჯ. ჩ ა რ კ ვ ი ა ნ ი: მე აღვშფოთდი, როცა ეს ლექსი წავიკითხე. ისეთი იდეური პოეტისგან, რომელსაც აქვს ლექსები “ლენინი”, “მავზოლეუმი” და სხვა. არ მოველოდი ამგვარ პუბლიკაციას.

სკლეროზულ მოვლენებზე იყო ლაპარაკი. 77 წლის ასაკში, როცა ეს ლექსი დაიწერა, ცხადია, კარგად ვერ იქნებოდა ნ. ნადირაძე. ამასთან ერთად, ვფიქრობ, მთვრალ მდგომარეობაში ყოფნამ, სიყრმის მეგობარი პოეტის მწარე ბედის გახსენებით გამოწვეულმა აგზნებამ დააწერინა. იმასაც დავძენ: მუზეუმში უამრავი რამ ინახება, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიცეს. ისიც უნდა ითქვას: თავად საშინლად განიცდის ამ მდგომარეობას და ჩვენც მეტი რაღა უნდა ვუყოთ საცოდავ მოხუცს…

თ. ჭ ი ლ ა ძ ე: ჩემი აზრი ემთხვევა შოთასა და ჯანსუღის აზრს. ნ. ნადირაძე შემთხვევითი პიროვნება არაა. ისეთი იდეური ლექსების ავტორისაგან, როგორიცაა მისი “წითელი მოედანი”, “მავზოლეუმი” და სხვ. მართლაც საკვირველია ასეთი ლექსის დაწერა.

ეს არაა შეგნებული ნაბიჯი, რადგან მთელ მის ცხოვრებაში არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა. ვიზიარებ ჩემი მეგობრების პოზიციას.

დ ა ა დ გ ი ნ ე ს: მწერალთა კავშირის სამდივნო გამოხატავს რა მთელი ქართული მწერლობის აზრს, უკიდურეს გულისწყრომას გამოთქვამს ზემოხსენებული ფაქტის მიმართ და სასტიკად კიცხავს ნ. ნადირაძეს ჩვენი ასეთი შერცხვენისთვის. (უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივის ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების ფონდი@#8, ჩანაწერი #1, საქმე #3248, ფურცელი 30-33).”

შეგახსენებთ, რომ საუბარია კოლაუ ნადირაძის ლექსზე _

25 თებერვალი

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

ძილ-ღვიძლად იგო ქალაქი ჩვენი,

საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი –

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!

მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,

ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,

არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი.

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა,

მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს –

განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,

და უძრავ იყო თებერვლის ღამე.

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,

სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,

სად ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,

სად გმირთა სისხლით ნაპოხიერი,

თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, –

წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით

შემოდიოდა სიკვდილი ცელით!

თოვდა… და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close