თიკა მახალდიანი ოჯახის ტრაგედიაზე
„იმ ადამიანს სახლში მიადგნენ და რომ უთხრეს, ადამიანი მოკალიო, თურმე შოკში ჩავარდა“

თბილისში, კოვიდპანდემიის დროს, როცა კომენდანტის საათი მოქმედებდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა, 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომა დღეს, საღამოს, 9 საათზე, ვაჟა-ფშაველაზე, მრავალსართულიან კორპუსში, მე-7 სართულზე, ბინის ერთ-ერთ ოთახში მყოფი თამარ ანთელავა, სახლში ფანჯრიდან შევარდნილმა ტყვიამ შეიწირა. ტყვია კეფაში მოხვდა. უცნაურ ხმაურზე ოთახში შესულ ოჯახის წევრებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
საბედისწერო გასროლის ამბავმა მთელი ქვეყანა შეძრა. 52 წლის გარდაცვლილი ქალბატონი მომღერალ თიკა მახალდიანის დედა გახლდათ. თიკა მახალდიანი ამ ტრაგედიას ამბები.ჯი-ისთან იხსენებს:
.
– 2020 წლის 19 აპრილი იყო, აღდგომა და პანდემიის გამო ჩაკეტილები ვიყავით. მე, ჩემი ქმარი და შვილი ცალკე ვცხოვრობთ და ჩვენთან სახლში ვიყავით. დედა, მამა, ჩემი ძმა და ბებია ერთად იყვნენ იმ სახლში ვაჟა-ფშაველაზე, სადაც გავიზარდე. დედა მანამდე 2 თვე არ მყავდა ნანახი, პანდემიაში მათთან კონტაქტს ვერიდებოდი. ხომ გვეუბნებოდნენ, არავინ ნახოთ, სახლში იყავითო და ამას ვითვალისწინებდით. დედაჩემს ჩემს შვილზე სული ელეოდა, გიჟდებოდა, ამიტომ რომ ვერ მივდიოდით მათთან, ერთმანეთს ხშირად ვურეკავდით, – სულ ვიდეოზარები გვქონდა. იმ ლოკდაუნის დროს ძირითადად ასე ვურთიერთობდით. ჩემი შვილიც სულ თამუნა, თამუნას გაიძახოდა და თვითონაც ურეკავდა ხოლმე… ბავშვი რომ ვერ ვანახე და ახლა ცალკე ამას ვერ ვინელებ… დედა 19-ში, აღდგომას დილიდან რაღაცებს ამზადებდა, ჩვენთვის რომ გამოეგზავნა და კურიერის საშუალებით გამოგვიგზავნა კიდეც…
– მისი ასეთი უეცარი გარდაცვალება როგორ გაიგეთ?
– 19-ში საღამოს ბავშვს დასაძინებლად ვამზადებდი და სალომე ბაკურაძემ დამირეკა – რას შვრებიო. ცოტა გამიკვირდა, რადგან მანამდე ველაპარაკე, ერთმანეთს აღდგომა მივულოცეთ. ხმა ოდნავ შეშფოთებული ჰქონდა. ზუსტად არა, მაგრამ რაღაც იცოდა, მე საერთოდ არაფერი. როდესაც მიხვდა, რომ არაფერი ვიცოდი, მითხრა, – ჩემს მეუღლეს შენს მეუღლესთან საქმე აქვს, დაუძახე და ტელეფონი გადაეციო. მეც ტელეფონი გადავეცი. ის იქით ოთახში გავიდა და რაღაცას ლაპარაკობდა. რომ შემობრუნდა, თქვა, – შენს სახლთან, ეზოში, რაღაც სროლა ყოფილა, ვიღაცებმა იჩხუბეს, თამუნა ფანჯრიდან იხედებოდა, ტყვია მოხვდა და საავადმყოფოშიაო.
მათაც ასეთ დონეზე ჰქონდათ ინფორმაცია. ამის გაგების მერე არაფერი მახსოვს. გავგიჟდი, ეზოში სროლა იყო, მეშვიდე სართულზე ტყვია როგორ ავარდა-მეთქი?!. მერე ვიღაცები რეკავდნენ, იყო ამბავი, როგორც ჩანს, ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გაიგო და მითხრა, ჩაიცვი, მივდივართ, თან კორსიზს მაძლევდა, – დალიეო. აგონიაში ვიყავი, ამიტომ მთხოვდა, ბავშვი კარგად დაიჭირე ხელში, მივდივართო.
ჩემს სახლთან რომ მივედით, დაურეკეს, საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალაო, მაგრამ სანამ ეზომდე არ მივედით, მე ეს საშინელი ამბავი არ ვიცოდი. იქ კი უკვე ჩემით მივხვდი, რა უბედურებაც მოხდა… ეზო ხალხით იყო სავსე, პოლიცია და სხვადასხვა სამსახურები ტრიალებდა. ფილმებში რომ გინახავს, ისეთი ამბავი იყო. სიტყვებით ვერ ავხსნი, რას განვიცდიდი, რა მჭირდა, – აზროვნება მიჭირდა, მქონდა შოკი, ტკივილი, გაურკვევლობა, ელდა – ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა. მერე ჩემმა დაქალმა სახლში წამიყვანა და მძიმე მდგომარეობაში მყოფი მასთან ვიყავი. ჩემით ვერ ვმოძრაობდი, ხალხს დავყავდი, ვერ ვაზროვნებდი. შემდეგ ისიც გაირკვა, რომ ტყვია არც ისე ახლოდან, კორპუსიდან იყო ნასროლი – ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველაზე და სახლში შემოვარდა…
-დედა იმ დროს რას აკეთებდა?
– სავარძელზე იჯდა და კომპიუტერში რაღაცას უყურებდა… სახლში შემოვარდნილი ტყვია კეფაში მოხვდა. სხვა ადგილას რომ მოხვედროდა, შეიძლება გადარჩენილიყო. თან გამჭოლი არ იყო.
– იმ პერიოდში დედასთან ერთად ვინ იმყოფებოდა?
– მამა, ჩემი ძმა და ბებიაჩემი. დედა და ბებია ერთ ოთახში იყვნენ. ბებიაჩემი ტელევიზორს უყურებდა და წინ იჯდა, მამაჩემი და ჩემი ძმა სხვა ოთახში იყვნენ. ჯერ უდიდესი მსხვრევის ხმა გაიგეს და ეს იყო აივნის შუშა, რომელიც ჩამოიმსხვრა. ამ ხმაზე გამოცვივდნენ, ოღონდ თავიდან ვერავინ მიხვდა, რა მოხდა.
– თუ მოასწრო დედამ რამის თქმა?
– არა, ვერაფრის. ბებია ამბობდა, ვუძახდი, – თამო, თამო – ხმას არ მცემდაო. ძალიან მალე გაარკვიეს და დაადგინეს ტყვია, საიდან იყო ნასროლი და იმ ადამიანს პირდაპირ სახლში მიადგნენ. ეძინა და რომ უთხრეს, ადამიანი მოკალიო, – თურმე შოკში ჩავარდა. ალბათ ეგონა, რომ ის ყველაფერი ესიზმრებოდა. პოლიციელი იყო, აღდგომას მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა. 9 საათისკენ სტუმრები გააცილა, რადგან ლოკდაუნის გამო უკვე სახლში უნდა ყოფილიყვნენ. რომ შემობრუნდა, ნასვამი იყო, იარაღი ისროლა, დაწვა და დაიძინა… დაიჭირეს..
– სად არის ახლა?
– თუ მართლა დამიჯერებთ, არ ვკითხულობ მის შესახებ არაფერს. არ მინდა, ვიცოდე, სად არის, გამოვიდა თუ ისევ სასჯელს იხდის…
– ამ ტრაგედიამდე რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონია?
– რამე რომ ეგრძნო, ისეთი იყო, არც მეტყოდა, რომ არ მენერვიულა. 2 დღით ადრე ასეთი ეპიზოდი იყო, რაც ძალიან ცუდად ჩამრჩა. ბავშვს რომ ელაპარაკებოდა, ერთი ჩაილაპარაკა, – ვაიმე, ასე მგონია, ვეღარასდროს ვეღარ ვნახავო. ეს პანდემიის ჩაკეტილობა რომ იყო, ამას მოაყოლა, მაგრამ ცუდად მახსოვს… კი ვუთხარი, რას ლაპარაკობ-მეთქი. მერე გაიცინა… ისეთი დაძაბულები ვიყავით, ალბათ იფიქრა, კორონა დამემართებაო. სხვა რა უნდა ეფიქრა. ამას ვინ წარმოიდგენდა?!ჯანმრთელი იყო, არაფერი აწუხებდა.
ამბები.ჯი