საზოგადოება

თამარ იოვაშვილი ,,პატრიოტთა ალიანსი”-ს წინააღმდეგ განცხადებას ავრცელებს

 ,,უმუშევართა კავშირი”-ს თავმჯდომარე თამარ იოვაშვილი განცხადებას ავრცელებს:

,,მეგობრებო ! ჩვენი ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებული სოციალური საკითხებითაა დაკავებული. უსახლკაროთა უფლებებისთვის ბრძოლა მესამე წელია რაც მიმდინარეობს. ჩვენ შეჩერებას და ფარ-ხმალის დაყრას არ ვაპირებთ. გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ყველა ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნებში, უსახლკაროები ღირსეულ საცხოვრებლებს მიიღებენ. სწორედ ჩვენმა აქტივობამ განაპირობა ის, რომ გასულ წელს ხელისუფლება იძულებული გახდა ახალი კონსტიტუციის პროექტში ჩაეწერა მცნება „ღირსეული საცხოვრებელის“ შესახებ.

სწორედ ჩვენმა ბრძოლამ მოიტანა ის შედეგი, რომ თბილისის მერიამ უსახლკაროთა რეგისტრაცია დაიწყო. ამ მომენტისთვის მე არაერთხელ გავაკეთე განცხადება, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ი. ინაშვილი უარს აცხადებს „უსახლკაროთა შესახებ“ ჩვენი კანონპროექტის ინიცირებაზე, რომელსაც ელოდებოდა და ელის თბილისის 4500-ზე მეტი უსახლკარო ოჯახი.

ქალბატონი ირმა „ნეოლიბერალური“ და დესტრუქციული ძალების ნებას დაყვა, ისეთების, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველოა“. „პატრიოტთა ალიანსი“ ამ საქმეში კიდევ უფრო შორს წავიდა და უსახლკაროთა უფლებებისთვის მებრძოლთა დისკრედიტაციას მიჰყო ხელი.

გუშინდელი დღიდან დაწყებული სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ნინო ჩხეიძის განცხადება, რომელიც ორგანიზაცია „სოციალურად დაუცველთა ეროვნულ ლიგას“ ხელმძღვანელობს. სადაც ეს ქალბატონი აცხადებს, რომ ის იბრძვის ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანების უფლებებისთვის. ამ ინფორმაციას „პატრიოტთა ალიანსის“ ქოლ-ცენტრის თანამშრომლები და ე.წ. „ფეიკები“ აქტიურად ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებული ორგანიზაცია სოციალურად დაუცველთა აღრიცხვას აწარმოებს და თითქოსდა კანონპროექტებსაც წერს.

მინდა გამცნოთ, რომ ნ. ჩხეიძე ჩვენი ორგანიზაციისთვის ცნობილია როგორც აფერისტი და გამომძალველი. 2 წლის განმავლობაში იგი მოდიოდა ჩვენს ოფისში და გაჭირვებულ ადამიანებზე ინფორმაციის სანაცვლოდ, ჩვენგან ფულს ითხოვდა. საუბარია 50-დან 100 ლარამდე თანხებზე. ჩვენ ჩვენის მხრივ, ასეთ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს სრულიად უსასყიდლოდ ვეხმარებოდით. ეს ძირითადად პენსიონერები იყვნენ, რომელთაც ჩვენამდე მოსაღწევი თანხებიც კი არ გააჩნდათ და რომელთაც სოცდახმარებები გაუქმებული ჰქონდათ. ეს ქალი დილიდან საღამომდე იჯდა ხოლმე ჯანდაცვის სამინისტროს მისაღებში, გაჭირვებულ ადამიანებთან შედიოდა კონტაქტში, შემდეგ კი მათ პრობლემებს ჩვენზე ყიდდა. მას სოციალურად დაუცველის სტატუსი გააჩნია, იცნობენ ნაძალადევის გამგეობაში, სარგებლობს უფასო სასადილოს მომსახურებით. ჩნდება კითხვა და მივმართავ ბატონ ზ. სოფრომაძეს, რატომაა, რომ მოქალაქე ნ. ჩხეიძე, რომელსაც აქვს ხელფასი (700 ლარი), გააჩნია ძვირდღირებული პლანშეტი, შესანიშნავად იცვამს და სტილისტების მომსახურებითაც სარგებლობს, ადგილს იკავებს უფასო სასადილოში, რომელიც მოშიმშილე და გაჭირვებული ხალხისთვისაა განკუთვნილი ? რატომაა, რომ ეს თაღლითი ადამიანი სახელმწიფოსგან დახმარებას ღებულობს? მიაქციეთ ამ ფაქტს ყურადღება.

ახლა კი ფინალი – აი როგორი თანამშრომლები ჰყავთ „პატრიოტთა ალიანსში“, როგორ კადრებს გვიმზადებენ სამომავლოდ ი. ინაშვილი და დ. თარხან-მოურავი. ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მიზანი კვლავაც არის და რჩება „უსახლკაროთა შესახებ“ კანონის მიღება. ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის მიესალმება ჯანსაღ ინიციატივებს, რომლებიც ხალხის საკეთილდღეოდ იქნება და მათ მოემსახურება. თუმცა, ზემოხსენებული ფაქტი, რაზეც წერილში ვსაუბრობ, ასეთი შემთხვევა ნამდვილად არ არის. ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი მონაცემები შესაძლოა პარტიული ინტერესებისთვის იქნეს გამოყენებული. მიგიპატიჟებენ პარტიულ ღონისძიებებზე, ნინო ჩხეიძე კი შეეცდება „პარტიულ მონებად“ გაქციოთ და რაც შეიძლება სარფიანად გაგყიდოთ”.

,,ევრონიუს ჰოლდინგი” ირმა ინაშვილთან დაკავშირებას ცდილობდა, მას ესემესშეტყობინებაც გაუგზავნა, მაგრამ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არ გვიპასუხა. 

  ასევე, დავუკავშირდით ,,პატრიოტთა ალიანსი”-ს პრესამსახურს. ქალბატონმა მარიამმა გვითხრა, რომ დაგვიკავშირდებოდა, მაგრამ მას შემდეგ აღარ შეგვხმიანებია.

 რაც შეეხება ქალბატონ ნინო ჩხეიძეს, ,,ევრონიუს ჰოლდინგმა” მასთან დაკავშირება შეძლო. ჩხეიძემ გვითხრა, რომ ქალბატონმა თამარ იოვაშვილმა მას თავად შესთავაზა თანხა დაახლოებით წელიწადნახევარი, ორი წლის წინ. ,,მე უნდა მიმეყვანა მისთვის სოციალურად დაუცველი ადამიანები, უსახლკაროები და ამ ყველაფერში ის გადაიხდიდა 150 ლარს.  2010 წელს დავასრულე მკურნალობა, ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი, რამდენიმე სერიოზული დაავადებით და არ შემიძლია ფიზიკურად მუშაობა. გაჭირველ მდგომარეობაში ვიყავი, როცა დავთანხმდი ამ საკითხზე. მე, როგორც ფიზიკური პირი ყველას ვეხმარებოდი, ვისაც სოციალური დახმარება მოხსნილი ჰქონდა. თვითონ ამ ხალხის ინიციატივა იყო, რომ ყველაფრისთვის ოფიციალური სახე მიმეცა. რამდენიმე წელი ვიყავი სოციალურად დაუცველთა აუდიტის მრჩეველი.  შემიძლია ყველა კონკრეტულ ადამიანთან მიგიყვანოთ, ვისაც ნამდვილად ვეძებდი. ვსარგებლობ უფასო სასადილოს პროგრამით. ძირითადად ეს გაჭირვებული ხალხი ჩემთან მოდიოდა, მაგრამ იოვაშვილმა არ მომცა ის დაპირებული თანხა”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close