2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარმა სტიქიამ თბილისში, სვანიძის ქუჩაზე ბიზნესმენისა და ქველმოქმედის, თამაზ ელიზბარაშვილის მრავალმინიონიანი ქონება გაანადგურა. ამ ქონების სანაცვლოდ, რომელიც ვაკეში მდებარეობდა, მას სამგორის რაიონში, კაიროს ქუჩაზე მისცეს საცხოვრებელი ფართი.

ყველას კარგად მოეხსენება, როგორ უყვარს თამაზ ელიზბარაშვილს ცხოველები. უკვე წლებია, თავის კერძო ტერიტორიაზე იფარებს  მიუსაფარ და ავადმყოფ ძაღლებსა და სხვა ცხოველებს. მათ კვებავს, გამოაჯანმრთელებს, მერე პატიოსან და გულთბილ პატრონებსაც უძებნის და მათ ჩუქნის ან ისევ ქუჩაში აბრუნებს. ბიზნესმენი თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს მიუსაფარი ცხოველების მოვლაში ხარჯავს. თამაზ ელიზბარაშვილს ძაღლების მოვლისთვის არასოდეს მიუღია გრანტი ან რაიმე სახის დახმარება და ცხოველებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ჯიბით კვებავს და მკურნალობს. ახლაც, კაიროს ქუჩაზე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში მიუსაფარი ცხოველები ჰყავს შეკედლებული.

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისმა” თამაზ ელიზბარაშვილს, კაიროს ქუჩაზე მოხმარებული გაზის გადასახადი გაუორმაგა და საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახლა როგორც იურიდიულ პირს, ისე ახდვინებს გადასახადს. არადა, გაზის გაყვანილობა მხოლოდ იმ ოთახებს მოიცავს, რომელსაც ელიზბარაშვილების ოჯახი საცხოვრებლად იყენებს. ძაღლები კი ეზოში ბინადრობენ და მათ გაზის მოხმარება სულაც არ სჭირდებათ. ჭამით, ცხოველების მოყვარული ბიზნესმენის მიერ შეძენილ ძაღლის მშრალ საკვებს მიირთმევენ, რომელიც დამზადებული იყიდება და გაცხელებასაც კი არ საჭიროებს.

თამაზ ელიზბარაშვილმა “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გააპროტესტა, რომელმაც მომხმარებლის უფლებების დაცვის მაგივრად, “ყაზტრანსგაზს” აუბა მხარი.

“ჩემს კერძო ტერიტორიაზე ვეხმარები უპატრონო ცხოველებს. ამის გამო, “ყაზტრანსგაზი” შემომედავა და კომერციული ტარიფით მახდევინებს გადასახადს. არადა, გაზი მხოლოდ ჩემს საცხოვრებელში მაქვს შეყვანილი, რომ ჩაი დავლიო თუ წყალი გადავივლო. სხვაგან გაზის გაყვანილობა არ არის. მე იქ არ მაქვს არც შპს, არც არასამთავრობო ორგანიზაცია და მხოლოდ და მხოლოდ ჩემი კეთილი ნებაა, რომ ჩემს კერძო საკუთრებაში, ღია ცის ქვეშ გავაკეთე სადგომები უპატრონო ცხოველებისთვის, რომლებსაც გაზი საერთოდ არ სჭირდებათ.

მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას მივმართე, “ყაზტრანსგაზი” ჩემზე ძალადობს და დაიცავით ჩემი უფლებები, როგორც საქართველოს მოქალაქის, რადგან ეს თქვენი მთავარი მოვალეობაა-მეთქი, მაგრამ ამ ორგანიზაციამ მომწერა, ორმაგი ტარიფით უნდა დაიბეგრო, რადგან “ყაზტრანსგაზმა” მომწერა, რომ შენ იქ ცხოველებს ეხმარებიო. მსგავსი ცინიზმი გაგიგიათ?! ორგანიზაცია, რომელმაც ჩვენი ინტერესები უნდა დაიცვას და ამაში იღებენ მისი თანამშრომლები ძალიან მაღალ ხელფასებს, მასხრად გვიგდებს! ისინი ჩვეულებრივი ყაჩაღები არიან! წარმოიდგინეთ, მიუსაფარი ადამიანი ან ცხოველი სახლში რომ წაიყვანოთ და დააპუროთ, ამის გამო უნდა დაგბეგრონ?! ზუსტად ამას ვაკეთებ – მიმყავს უპატრონო ცხოველი, ვაპურებ, ვუვლი და მერე ან ქუჩაში ვუშვებ, ან გულისხმიერ პატრონს ვაბარებ. ეს ხომ კომერციული ორგანიზაცია არ არის და როგორც ფიზიკური პირი, ისე ვეხმარები ცხოველებს და არა როგორც იურიდიული პირი?! საჯარო რეესტრის მიხედვითაც, ეს ტერიტორია ჩემი კერძო საკუთრებაა და იქ რასაც და ვისაც მინდა, იმას მივიყვან და დავეხმარები. მოგეხსენებათ, რამდენ ქველმოქმედებას ვეწევი და არც იმის გაჭირვება მაქვს, რომ გაზის თუნდაც გაორმაგებული გადასახადი გადავიხადო, მაგრამ მე თუ ახლა ხმა არ ავიმაღლე ამ უკანონობის წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყანა სამართლიანობის გზაზე ვერასოდეს დადგება! ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებ ამ უკანონობის წინააღმდეგ და აუცილებლად გავიმარჯვებ!” – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.

 

კომენტარები
Загрузка...