13-14 ივნისის სტიქიის შედეგად ყველაზე  მეტად დაზარალებულ სვანიძის ქუჩაზე, უკვე ოთხი დღეა საშინელი ანტისანიტარია ტრიალებს.  საქმე იმაშია, რომ ქუჩის ბოლოს კანალიზაციის ცენტრალური მაგისტრალი გასკდა და ფეკალიები და ნაგავი პირდაპირ ქუჩაზე მოედინება. ქუჩის მოსახლეობას სუნთქვა უჭირს, იქვე მდებარე სასაფლაოზე კი  ჭირისუფალი პირდაპირ ფეკალიებში ეფლობა.
        “სვანიძის ქუჩის დაზარალებულთა კომიტეტის” თავმჯდომარემ, თამაზ ელიზბარაშვილმა უკვე მრავალჯერ მიმართა შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ამაოდ.

.

        “ამ გახეთქილ, საკმაოდ დიდი მოცულობის მაგისტრალში, მოედინება მთელი წყნეთისა და ბაგების კანალიზაცია. უკვე მეოთხე დღეა, მთელი ქუჩა, ფეკალიებთან ერთად, პამპერსებითა და ათასი სიბინძურით ივსება. საშინელება ხდება! 4 დღეა ვრეკავთ მერიაში, ძაღლის ყბა გამოვიბით… მერია გვპასუხობს, წყალკანალის გასაკეთებელია ეგ მილიო. ვრეკავთ წყალკანალში, მოდიან და ამბობენ, რომ ვერ გააკეთებენ, რადგან თანხებთან არის დაკავშირებული და თუ გამგეობამ ფული არ გამოუყო, ისე ვერაფერს იზამენ. 4 დღეა ქუჩაზე ტბები დგას და ყარს აქაურობა. ღამე განსაკუთრებით აუტანელია – ბევრად უფრო მძაფრად იგრძნობა ეს სუნი. მთელი ეს ფეკალიები და ნაგავი მდინარე ვერეში ჩაედინება. მდინარე ვერე კი, აქედან მერე მთელ თბილისს გაივლის. აქვე მდებარე საბურთალოს სასაფლაოზე მიცვალებიული დაკრძალეს და ავტომანქანებიდან გადმოსული ჭირისუფლები პირდაპირ ამ ბინძურ სითხეში აღმოჩნდნენ.

        სტიქიის დროს, ამ ქუჩაზე 8 ადამიანი დაიღუპა და ჩვენ რომ არ მივხმარებოდით ერთმანეთს, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა, რადგან მთავრობას ხელი არ გაუნძრევია ჩვენს დასახმარებლად. ახლა კი, 4 დღეა ვეუბნებით, ფეკალიები გვახრჩობსო და კაციშვილი პატრონი არ გვყავს! დედაქალაქის მთავრობა სტიქიას გადარჩენილ მოსახლეობას ახლა ფეკალიებში გვახრჩობს და სულ არ აინტერესებს ჩვენი და ჩვენი შვილების პრობლემები და ჯანმრთელობა.
        მე თამაზ ელიზბარაშვილი, მოვუწოდებ დედაქალაქის მთავრობას, სასწრაფოდ მიიღონ ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეპიდემია გარდაუვალია, რაზეც ყველა პასუხისმგებელი პირი სასტიკად დაისჯება ხალხის მიერ!” – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი.
კომენტარები
Загрузка...