საზოგადოება

ვის ინტერესებში შედის ჩხოროწყუში სამშობიარო სახლის დახურვა?

,,ჯანდაცვის სამინისტრომ ცუდი გამოსავალი იპოვა. როგორ შეიძლება ისეთ დიდ რაიონში, როგორიც ჩხოროწყუა, სამშობიარო სახლი დაიხუროს? ზუგდიდამდე სანამ მოხდება მშობიარეთა ტრანსპორტირება, შეიძლება ყველაფერი  სავალალო შედეგით დამთავრდეს. ასევე, მედპერსონალი უმუშევარი რჩება.

გაუგებარია ჩვენი ორგანიზაციისთვის რატომ მიანიჭეს  ზუგდიდს პრივილეგიები? სხვა რეგიონთა ინტერესების იგნორირებით სამედიცინო საქმიანობის კუთხით რატომ მოხდა ეს? საკითხავია, ვის ინტერესებში შედის აღნიშნული კლინიკის დახურვა? მფლობელი ,,ბლოკ ჯორჯიას” ინტერესებში ხომ არ, რომელიც ეკუთვნის კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ბანდიტურ დაჟგუფებას? თუ კორუფციულ გარიგებასთან გვაქვს საქმე?

 ზოგიერთი უაზრო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსების ნაცვლად, ჯანდაცვის სამინისტროს ვურჩევთ, გამოყოს სახსრები და სამშობიარო სახლის სარემონტო სამუშაოები აწარმოოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმთა და პაციენტთა უფლებების დასაცავად ა/ო ექიმთა და პაციენთა უფლებებისთვის ყველა ღონეს მიმართავს, რომ დაიცვას ექიმთა და პაციენტთა უფლებები. ასევე, ცხოროწყუს სამშობიარო სახლმა გააგრძელოს ფუნქციონირება!!! იმედია, ჯანდაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს პაციენთა ინტერესებს, ასევე იმ სავალალო შობადობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია და სასწრაფოდ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას”, _ აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ექიმები, ექიმთა და პაციენტთა უფლებებისათვის”.

  საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კი ჩხოროწყუში სამშობიარო განყოფილების დახურვის მიზეზად გაუმართავ ინფრასტრუქტურას და სამშობიარო სახლისთვის შეუსაბამო პირობებს ასახელებს.

მათი თქმით, შემოწმების შედეგად ჩხოროწყუს სამშობიარო სახლში გამოვლინდა დარღვევები.

„სამეანო-ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის დონის მინიჭების პროცესის ფარგლებში, ,,ჩხოროწყუს ნ.მიქაიას სამშობიარო სახლის“ მონიტორინგი ორჯერ განხორციელდა. პირველადი მონიტორინგის შემდგომ გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად კლინიკას, რომელიც იმყოფება კერძო საკუთრებაში, გონივრული ვადა მიეცა. მიუხედავად ამისა, განმეორებითმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულების შენობა არის უკიდურესად ამორტიზებული, საჭიროებს კაპიტალურ რემონტს, ვერ აკმაყოფილებს სანებართვო პირობებს, კვლავ მოუგვარებელი რჩება მოთხოვნილ დონესთან შესაბამისობის სტანდარტები, როგორიც არის მოთხოვნები სამეანო და ნეონატალურ აღჭურვილობასთან, ლაბორატორიულ სერვისებთან დაკავშირებით. შესაბამისად არ არის უზრუნველყოფილი უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება ორსული ქალისათვის და ახალშობილისთვის.

   ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკამ ვერ დააკმაყოფილა პირველი დონის, ბაზისური პერინატალური სერვისის მოთხოვნები და ამიტომ იგი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ვერ გააგრძელებს დედათა და ბავშვთა მიმართულებით სერვისების მიწოდებას. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ სამედიცინო დაწესებულებას 2018 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით კვლავ არ ექნება დონე მინიჭებული, მას, სამეანო-ნეონატალური მიმართულებით აღარ ექნება საქმიანობის წარმოების უფლება,“ – აცხადებენ სამინისტროში.

ჩხოროწყუს გამგებლის ინფორმაციით, სამშობიაროში სერვისების შეწყვეტამ მშობიარეებს პრობლემები უკვე შეუქმნა. დავით გოგუას განცხადებით, უახლოესი სამშობიარო ზუგდიდშია, სადაც პაციენტის ტრანსპორტირება, უხარისხო გზის გამო, პრობლემურია. 

როგორც გოგუამ საზოგადოებრივს განუცხადა, ორი დღის წინ ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ჩხოროწყუდან ზუგდიდში გადაჰყავბდათ, გზაში იმშობიარა. ჯანდაცვის სამინისტროში კი ჩხოროწყუში მცხოვრები მშობიარეებისთვის პრობლემების შექმნას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი ზუგდიდში უპრობლემოდ გადაყვანა. „ამჟამად რეგიონში, კერძოდ ზუგდიდში ფუნქციონირებს მეორე დონის სამეანო-ნეონატალური დაწესებულებები, რომლებიც გეოგრაფიულად ხელმისაწვდომია ჩხოროწყუს მცხოვრებლებისთვის,“ – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

დაწესებულების დახურვას უკვე მოჰყვა მეან – გინეკოლოგების პროტესტი: მათ რამდენიმე კვირის წინ, გამგეობასთან აქცია გამართეს, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროს 10 მაისის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროსგან თანხების გამოყოფა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close