რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ვინ ქმნის ახალ პარტიას, რომელშიც ,,ქართული ოცნების” სახეები გაწევრიანდებიან?

ერთ დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, თანამებრძოლი და თანამოაზრე ინგა ბერიკაშვილი ახალ პარტიას ქმნის. ხელისუფლებაში ოცნების მოსვლის შემდეგ, ის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე აღმოჩნდა, თუმცა თანაგუნდელებს დაუპირისპირდა და სამსახურიც დაკარგა. ამის შემდეგ, მოღვაწეობა უფლებადამცველის რანგში გააგრძელა. ბერიკაშვილი euroneus.ge-თან აცხადებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მას ,,ქართულ ოცნებასთან” ურთიერთობა არ შეუწყვეტია.

ინგა ბერიკაშვილი:

_ ჩემი ურთიერთობა ,,ქართული ოცნების” ზოგიერთ მაღალჩინოსანთან (ამ ეტაპზე თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან) დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჩემთვის ცნობილი გახდა ,,ქართული ოცნების” სიაში მყოფი ნაციონალური მოძრაობის წევრებისა და მათი ნათესავების შესახებ. ასევე, გურჯაანის ინციდენტებში ბიძინა ივანიშვილზე და ჩვენზე თავდამსხმელი პირების, დავით ლიპარტაშვილის ბიძაშვილის – სონღულაშვილის ,,ქართული ოცნების” წევრობის შესახებ. ვაკონკრეტებ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს სასტიკად გამისწორდა სწორედ სონღულაშვილის ბიძაშვილი, ერთ-ერთი ზონდერი. როგორც არ უნდა უარყოს მან, რომ არა აქვს ურთიერთობა, მე ზუსტად ვიცი, დღე და ღამე ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არის და ერთად აკომპლექტებენ წამყვან პოზიციებზე კადრებს. ეს ყველამ იცის კახეთში და ამისი გადამოწმება ძალიან ადვილია. აქვე დავამატებ იმას, რომ სწორედ სონღულაშვილის დიდი აქტიურობით რკინიგზაში, წამყვან პოზიციაზე დაინიშნა შავკაციშვილი (ყვავი).

თუმცა მე მხოლოდ ჩემი ინციდენტის გამო არ ვაპროტესტებდი ამ ფაქტს. მათ აქტივისტები სცემეს კახეთის რეგიონში და მე ქართული ოცნებიდან ვიცავდი მათ უფლებებს წინასწარ დაკავების თუ სასამართლოში საქმის წარმოებისას. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენს მხარდამჭერს ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული ღვიძლზე. რადგან ის ნაციონალების დროს გამგეობამ დააფინანსა, სასტიკად ცემეს – ჩვენ გაგიკეთეთ ოპერაცია და ოცნებას რატომ უჭერ მხარსო. კიდე უამრავი ფაქტი იყყო ასეთი. სწორედ ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ყველა თავდასხმაში, სადაც ჩამოდიოდა ბიძინა ივანიშვილი და სადაც ვიყავით ჩვენ. დღეს ისინი წამყვან პოზიციებზე არიან დანიშნულნი და ამაში ძალიან აქტიურად ეხმარებათ ნაცების ნდობით აღჭურვილი ქართული ოცნების დეპუტატი, სონღულაშვილი. თუ სურვილი ექნება მას, ნებისმიერ დროს მზად ვარ, გადაცემაში დავუჯდე დებატებზე. მას მორალური უფლება არ აქვს, ხალხის სახელით ილაპარაკოს და მითუმეტეს, ოცნების სახელით.

ჩემი ბოლო, საჯარო გამოსვლა შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ იყო. განვაცხადე, რომ გვაქვს აუდიო-ვიდეო მასალა, სადაც ნათლად ჩანს, რომ კრიმინალ ძმებ დუნდუებს მფარველობს მინისტრი. დუნდუები თავს დაესხნენ ჩემს სტუმრებს რესტორანში და ფიზიკურად, სასტიკად გაუსწორდნენ. ისროდნენ იარაღს ქალაქის შუაგულში და პატრული ახლოს ვერ მიდოდა, რადგან ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ მინისტრის ახლობლები იყვნენ. ძალიან ბევრი დანაშაულის ჩამოთვლა შემიძლია ძალოვანების მხრიდან, მაგრამ ამას სამართლებრივად მივხედავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი წავიდეს თანამდებობიდან. თუ საჭირო გახდება, აქციებსაც დავიწყებთ, რადგან წინა ხელისუფლების დროს ჩვენ სწორედ ძალადობას ვებრძოდით და უკანონო დაკავებებს. შესაბამისად, მე კვლავ ქართული ოცნების მხარდამჭერი ვარ და არ გავჩუმდები.

მე ბიძინა ივანიშვილს არასოდეს დავუპირისპირდები, რადგან ქვეყნისთვის ამ ადამიანმა წარმოუდგენელი რამ შეძლო. 2012 წლის 1 ოქტომბერს მან სისხლიანი რეჟიმი მოგვაშორა. მე ძალიან მინდოდა, რომ ის დღემდე ყოფილიყო ქვეყნის სათავეში, რადგან მის დროს პრემიის აღებას ვერავინ გაბედავდა, ვერც ძვირად ღირებული ავეჯის შეძენას და ვერც მილიონიანი ქონების დაგროვებას, რადგან ის ძალიან ძლიერი პიროვნებაა და მისი შიში ყველას  ჰქონდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი აზრი, რა თქმა უნდა, რადგან დიდ პოლიტიკაში მე მისი წყალობით მოვედი და მომეცა საშუალება, ქვეყნის სამსახურში ჩავმდგარიყავი.

ჯანსაღი კრიტიკა არ ნიშნავს დაპირისპირებას, მაგრამ ფაქტია, რომ პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში.  მე არ მაქვს იმისი ილუზია, რომ რადიკალურად შეცვლის ჩვენი გუნდი რაიმეს. ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, სანამ ამაზე დავთანხმდებოდი ჩემს თანამოაზრეებს, მაგრამ 20 წლის განმავლობაში თუ სულ აქტიური ვიყავი და უჩემოდ არ ჩაუვლია არცერთ არჩევნებს, თუ ხალხის გარკვეული ნაწილის დიდი ნდობა მაქვს, რატომ არ უნდა მივცე თავს უფლება, რომ უფრო აქტიური გავხდე და ეს ნდობა გავამართლო?

 _ თქვენი პარტიის წევრები ცნობილი ადამიანები იქნებიან? 

_ პარტიაში ცნობილი პოლიტიკოსები და ძველი სახეები არ იქნებიან. ჯერ მხოლოდ ორი დღეა რაც საჯაროდ ვთქვი, რომ ვაპირებ პარტიის შექმნას. მას მერე უამრავი ზარი განხორციელდა ჩემს ტელეფონზე, როგორც ცნობილი სახეებისგან, ასევე მოქალაქეების მხრიდან. ყველა მზადაა დადგეს ჩვენს გვერდით. აქვე ვიტყვი, რომ თითქმის უმრავლესობა ქართული ოცნების მხარდამჭერი გაწევრიანდება პარტიაში.

_ ალბათ კოალიციაშიც შეხვალთ ,,ქართულ ოცნებსთან”… 

_ ჯერ ადრეა ჩემი მხრიდან კოალიციაზე საუბარი, რადგან პარტია ფიზიკურად ჯერ არ არსებობს, მაგრამ ქართულ ოცნებაში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც დღემდე ერთგულები არიან ქვეყნის და ხალხის. ასევე ძალიან  დიდ პატივს ვცემ და ვენდობი ირმა ინაშვილს, რადგან ცხრა წლიანი რეჟიმის დროს ჩვენ ძალიან მძიმე წლები გამოვიარეთ და ირმა ყოველთვის გვერდით გვედგა, როდესაც ვიცავდით ნაწამები თუ წამებით მოკლული პატიმრის უფლებებს. რადგან ჯერ სამზადისში ვართ, არასერიოზულია ჩემი მხრიდან ამ საკითხზე საუბარი. ასევე, ეს დამოკიდებულია მმართველი გუნდის მხრიდან გადადგულ ნაბიჯებზე – ეცდებიან თუ არა გამოსწორონ დაშცვებული შეცდომები და პასუხი აგებინონ იმ მაღალჩინოსნებს, ვის მიმართაც მკაცრ განცხადებებს ვაკეთებდით.

ჯერ მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჩვენ არ გვაქვს ფინანსები და ამიტომ, ადვილი არაა სწრაფი გააქტიურება. ვფიქრობ, შემოდგომიდან უკვე შევძლებთ პარტიის პრეზენტაციას და აქტიურადაც ჩავერთვებით  პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ 2020 წლის არჩევნებისთვის ვემზადებით, მანამდე კი გვინდა, ჩვენი აქტიურობით და საქმით დამატკიცოთ ჩვენი შესაძლებლობები.

ჩვენი კურსი იქნება ქვეყნის პროგრესული განვითარებისკენ მიმართული. უნდა დაიმსხვრეს „პრო“-ს სტერეოტიპი ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ და სხვა ქვეყნებთან უერთიერთობა ორმხივ დადებით ურთიერთობებზე უნდა იყოს დაფუძნებული. აუცილებელია დიალოგი ყველასთან, რადგან ჩვენ არ გავქვს იმისი ფუფუნება, რომ ძალისმიერი მეთოდებით ვაიძულოთ ვინმე, პატივი გვცენ ან დაგვიბრუნონ ოკუპირებული ტერიოტრიები. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ამაზე კომპეტენტური ადამაინები უნდა მუშაობდნენ. საკუთარ თავს ჩვენ იმის უფლებას არ მივცემთ, რომ ქვეყნის კურსზე ვისაუბროთ ამ ეტაპზე. მიმდინარეობს მუშაობა და როდესაც პარტია მზად იქნება აქტიური მუშაობისთვის, ამ დროისთვის ყველაფერი გაწერილი იქნება დეტალურად.

_ პარტიისთვის სახელი შერჩეული გაქვთ?

_ პარტიის სახელს ამ ეტაპზე არ გავაჟღერებ. მას პრეზენტაციის დღეს გავხდით საჯაროს.

_ რას ფიქრობთ, მოიპოვებს თქვენი პარტია საზოგადოების ნდობას არჩევნებისთვის?

_ საზოგადოებას ისე აქვს ნატკენი გული და ისეთი ნიჰილიზმია ქვეყანაში, რომ წინასწარ ამისი პროგნოზირება შეუძლებელია. ნდობის მოპოვება პარტიას მხოლოდ საქმიანობიდან გამომდინარე შეუძლია, რადგან ხალხი დაიღალა მხოლოდ საუბრებით და დაპირისპირებებით.  საზოგაოდების გარკვეული ნაწილის მხარდაჭერა მაქვს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის საზღვრებს გარეთ, სადაც ჩვენი ემიგრატები ცხოვრობენ.

14 წელია ადამიანის უფლებებს ვიცავ და საკმარისი მხარდამჭერები მყავს. ასევე, არიან ადამიანები ვინც საზოგადოებას უყვარს და რომელთაც აქვთ სურვილი, რომ დაგვიდგნენ გვერდში. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის არჩევნებისთვის. ძალიან სერიოზული იურისტთა ჯგუფი გვყავს, ასევე გვინდა ახალგაზრდები იყვნენ ჩართული ამ პროცესში, რადგან ძალიან ჭკვიანი და პროგრესულად მოაზროვნე თაობები მოდის. უბრალოდ, ამ ნიჭიერებას პოვნა უნდა და ისინი უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის სასიკეთოდ.

ლაპარაკს ჯობს, რომ ჩვენმა პარტიამ თავისი რეიტინგი საქმით აჩვენოს და ამას აუცილებლად შეძლებს შემოდგომიდან! როდესაც ხალხთან ახლოს ხარ და წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებ რაც შენს შესაძლებლობებშია, ამას ხალხი აფასებს.

ნინო შავერდაშვილი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close