რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ვინ და რატომ გამოუტანა ვაჟა-ფშაველას შვილს სასიკვდილო განაჩენი?

,,ეს ახალგაზრდა კაცი ლევან რაზიკაშვილია, მამასთან და დედინაცვალთან ერთად. ფოტო მაშინაა გადაღებული, როცა ის უმუშევრობით დათრგუნული, ჯერ კიდევ ჩარგალშია. მამამისი კი ყველა ნაცნობ მეგობარს მის დასაქმებას ამაოდ ეხვეწება! მალე, დედინაცვალზე განაწყენებული ლევანი გორში მიდის, ბიძებთან, სამსახურის და ბედის საძებნელად. მამის გარდაცვალების შემდეგ, კი უკვე ოჯახით ბრუნდება ჩარგალში და მხარის ერთ–ერთი ლიდერი ხდება. მენშევიკების მთავრობის დროს ის მხარეში არჩეული კომისარია, ბოლშევიკები მას თავიდან ხელს არ, თუ ვერ ახლებენ, მისი ავტორიტეტის გამო, ტიტულს უნარჩუნებენ, თუმცა მხარეში სხვა, თავიანთ კომისარსაც ნიშნავენ თავიანთი წესრიგის დასამყარებლად და რაზიკაშვილის მოსაშორებლად!
მისი საქმიანობა, მრწამსი და მიზანი ახალი ხელისუფლებისთვის ცნობილი იყო, თუმცა ადვილი არ იყო ვაჟა–ფშაველას შვილისთვის ბრალის წაყენება, დაპატიმრება და სასიკვდილო განაჩენის გამოტანა!
ეს საქმე გამოცდილმა ბოლშევიკმა, თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარემ, სერგო სურგულაძემ ითავა და მოიყვანა კიდეც სისრულეში. სურგულაძე ბოლშევიკთა იმ გჯუფს ეკუთვნოდა, რომელიც პირადად ვლადიმერ ლენინმა შეკრიბა რუსეთის სხვადასხვა კუთხეებიდან და საქართველოში გამოუშვა ხელისუფლების გასამყარებლად. სერგო სურგულაძეს ერთ–ერთი ყველაზე რთული რეგიონი, დამოუკიდებლობისთვის ქაქუცასთან ერთად მებრძოლი ფშავ–ხევსურეთი ერგო! ის პირნათლად იხდიდა ბოლშევიკურ ვალს თიანეთის მაზრაში.
1922 წლის 30 სექტემბერს, პირადად სერგო სურგულაძის მოხსენების საფუძველზე წაუყენეს სასიკვდილო ბრალი ლევან რაზიკაშვილს, მისი დაპატიმრებისა და ქალაქში გადაყვანის ოპერაციასაც პირადად ხელმძღვანელობდა…
სურგულაძის ბრალის საფუძველზე, 1923 წლის თებერვალში, ლევან რაზიკაშვილი დახვრიტეს. თიანეთის მაზრის თავკაცი კი დიდი მონდომებით აგრძელებდა დასმენა –დახვრეტებს, სანამ 1923 –ში, ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, მას და მის რაზმს, ფშავში სადამსჯელო ოპერაციაზე მიმავალს, ხელაშვილი არ ჩაუჯდა მაღაროსკარის ახლოს, ტყეში!
ამბობენ, სურგულაძე ხეობაში შემოიტყუესო, მისთვის სპეციალურად გაუთამაშებიათ ვითომცდა ფშავ–ხევსურების დაპირისპირება, იმისთვის, რომ თავად წამოყოლოდა საგანგებო დავალებაზე წამოსულ რაზმს.
ხოდა, ჩაუჯდა ხელაშვილი და ჩაუტარა მისი ცნობილი ფანდი, აი ისეთი, თავად რომ წერდა:
,, შავვარდი მაღაროსკართა, როგორც მშიერა მგელია,
სამოცი დამხვდა ყაზახი, სამოცივ კავალერია,
სამოცსავ თოფებ ავყარე, მაუკალ კამისერია…” და ა.შ.

არავინ იცის გამოსროლილ ტყვიებს ატანდა თუ არა თავისი ძმობილების სახელებს ხელაშვილი, ეს რაზიკაშვილისთვის, ეს მისრიაშვილისთვისო, მაგრამ იმას კი ყვებიან, რომ, მისი ყვირილი ტყეს ძრავდა, ,, იქედან მოუარეთ, აქეთ არ გაგასწრონ, მისდიეთ და არ დაინდოთო”.. და ამისთანები, ანუ ერთი კიარა ვარ, მთელი რაზმი ვართო! ისე კი უდრიდა თავად ერთ რაზმს!

ამხანაგი სურგულაძე დიდი პატივით გააცილეს უკანასკნელ გზაზე. საზეიმოდ გამოწყობილმა ბოლშევიკებმა, წითელი კომისარი, გამოსამშვიდობებელი გასროლების კაკანში მიაბარეს მიწას… დიდუბის პანთეონში!
იმ პანთეონში, სადაც იმ დროს ჯერ კიდევ ესვენა ვაჟა–ფშაველა და ბოლშევიკების ხელით დაჩეხილი თედო რაზიკაშვილი! ძმები რაზიკაშვილების პირველი სიხარულის, ძმებში პირველი ვაჟის, საამაყო და ლამაზი ბიჭის, ლევანის მკვლელი, მამა–ბიძებს გვერდით მიუწვინეს…

…50 იან წლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტის კომენდანტი, ვინმე ვალოდია კარგიშვილი, ერთ ფშაველ სტუდენტს პოეზიაზე გამოელაპარაკება და ხელაშვილზე ჩამოუგდებს სიტყვას. მისი ლექსები თუ იციო, უკითხავს. სტუდენტმა იცის, რომ კომენდანტი ყოფილი და დამსახურებული ბოლშევიკია, სწორედ მისი ღვაწლისთვის ინახავენ კომენდანტად და ცოტა კი შეფიქრიანდება, მაგრამ მერე თამამად ეტყვის კი, მისი ბევრი ლექსი ვიციო.
…ხოო, გაუქნევია თავი კარგიშვილს–,, მეც იქ ვიყავი სურგულაძე რომ მოკლაო. დაღამებამდე ხიდის ქვეშ ვიმალებოდითო, თავი არ გამოგვაყოფინა ტყვიების ისეთი წვიმა დაგვაყარაო. მხოლოდ ღამეშიღა გამოვძვერით და გამოვიყვანეთ მიცვალებულიო…
არადა რას წარმოვიდგებდით, რომ რაზმით კი არა, მარტო ყოფილაო!”

რაზიკაშვილების ოჯახის ეს საინტერესო ისტორია ვაჟა-ფშაველას მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლელა რაზიკაშვილმა განათავსა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close