რედაქტორის გვერდისაზოგადოება

ვინც ამ წერილს წაიკითხავს, პარტიულ მუშაობას დაიწყებს…- რა თანხებით ფინანსდებიან პარტიები?

  ვინც ამ წერილს წაიკითხავს, თუ უკვე არ აქვს გადაწყვეტილი პარტიულ მუშაობაში ჩაერთოს, ამ გზას აუცილებლად დაადგება. ეს არის გზა, რომელსაც ადამიანები ბიუჯეტის თანხებამდე მიჰყავს. მერე კი, ვინ რაში იყენებს მას, ამის განმკითხავი თითქმის არავინ არის.
     euronews.ge  – ს უფლებადამცველთა სახლის წამომადგენელი, ნატალია ხოხიაშვილი მოუყვა, რამხელა თანხები მიდის პარტიების დაფინანსებებში, თუმცა ზოგ მათგანს საზოგადოება არც კი იცნობს და ისინი, აქტიურობითაც არ გამოირჩევიან.
   ნატალია ხოხიაშვილი:
   _ საქართველოში პარტიების დაფინანსების წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი, რომლის 30-ე მუხლში ეს დეტალურად აღწერილია. 2016 წლის არჩევნებამდე გვყავდა 11 კვალიფიციური სუბიექტი. ამ შემთხვევაში არ მაქვს ისეთ კვალიფიციურ პარტიებზე საუბარი, რომლებიც პარლამენტში ან თვითმართველობებში არიან წარმოდგენილი, მუშაობენ და შესაბამისად, დაფინანსებასაც იღებენ. არიან ისეთი პარტიებიც, რომლებიც არ ჩანან საზოგადოებაში და არც არაფერს აკეთებენ.
  _ არაფრისმკეთებლებში რომელ პარტიებს გულისხმობთ?
  _ ტრადიციონალისტთა კავშირს, ,,თავისუფლებას”, რომელიც კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიას პარტიაა. ასევე საქართველოს ძალოვანთა და ვეტერანთა პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ვეტერანებს აერთიანებს. პოლიტიკური აქტიურობით ეს პარტიაც არ გამოირჩევა. ,,ახალი ქრისტიან-დემოკრატები” შექმნილია ,,ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიის ბაზაზე, მაგრამ არც მათი აქტიურობა ჩანს. აღნიშნული პარტიები ,,პატრიოტთა ალიანსი”-ს ბლოკში იყვნენ გაერთიანებული, ამ ბლოკით გადალახეს ბარიერი, გახდნენ კვალიფიციური სუბიექტები და დაფინასებაც მიიღეს.
   _ აღნიშნული ფინანსები მხოლოდ ბიუჯეტიდან გამოიყოფა?
   _ მათი თანხები გამოიყოფა ბიუჯეტიდან. ასევე, მიზნობრივი დაფინანსების კუთხით საარჩევნო სისტემების რეფორმებისა და განვითარების ცენტრისგან, რომლითაც უნდა დაფინანსდეს პარტიების კვლევები, კონფერენციები, მივლინებები, სამოქალაქო აქტიურობა. რაც ჩამოვთვალე, ეს ყოველივე ნაკლებად შეიმჩნევა ამ პარტიებში.
   სწავლების ცენტრისა და ბიუჯეტის დაფინანსება მათთვის საკმარისი უნდა იყოს, რათა პარტიები განვითარდნენ, აქტიურობა შეძლონ და კორუფციას მოეღოს ბოლო, მაგრამ იყენებენ თუ არა ისინი ამ თანხებს მიზნობრივად, რთული სათქმელია.
   პარტია ,,თავისუფლება” ერთი პერიოდი პარლამენტის წევრი იყო და ჰქონდა დაფინანსებაც. მან გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად გადალახა ბარიერი და შევიდა პარლამენტში, მაგრამ 4 წლის შემდეგ ის საერთოდ გაქრა. ოდესმე ეს პარტია პოლიტიკაში თუ დაბრუნდებოდა აღარ მეგონა, მაგრამ უცებ ისევ მოუნდა პოლიტიკა და დაბრუნდა. ასეთი რამ, როგორ შეიძლება?
 საუბარია პარტიების და არა ბლოკების დაფინანსებაზე, რომელიც არ არის მცირედი. არსებობს ყოველწლიური დაფინანსება, რომელიც სპეციალური ფორმულით განისაზღვრება. არის საბაზისო დაფინანსება 300 ათასი ლარით, თუ არჩევნებში პარტია 5 %-იან ბარიერს გადალახავს. ხოლო თუ გადალახა 6 % -იანი ბარიერი,  საბაზისო დაფინანსება ორმაგდება და ხდება 600 ათასი ლარი. თუ სამი პროცენტი მიიღო პარტიამ, ის პარლამენტში ვერ შევა, მაგრამ საბაზისო სტატუსს მიიღებს და გახდება 300 ათასი ლარის მფლობელი.
  პარტიები დაფინანსებებს იღებენ თვითმართველობის არჩევნებზეც. თვითმართველობის არჩევნებზე 3 % -იანი ბარიერია. ამ შემთხვევაშიც კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს და იგივე დაფინანსებას იღებენ. დაფინანსება აქვს პარტიას მაშინაც, თუ საპარლამენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და მათ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, დაახლოებით 10 % -იანი ბარიერი გადალახა. გარდა ამისა, პარტიები რომლებიც პარლამენტში მოხვდებიან, ერთჯერადად უნაზღაურდებათ საარჩევნო ხარჯები, არაუმეტეს მილიონი ლარისა.
   წარმოიდგინეთ, რამხელა თანხებზეა საუბარი. ასეთი პარტიები სახელმწიფოსგან მაქსიმუმ 600 ათასი ლარის დამატებით თანხას იღებენ სატელევიზიო პოლიტიკური რეკლამებისთვის.
  _ ახლა გასაგებია, რატომ იქმნება საქართველოში პარტიები სოკოებივით. ბიუჯეტს ღრღნიან, არა?
   _ სახელმწიფო ამ პარტიებს თანხებს განვითარებისთვის უხდის თანხებს, თუმცა რამდენად იყენებენ ისინი მიზნობრივად, სხვა საქმეა. მივესალმებით შემოთავაზებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, ბლოკების გაუქმებასთან დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, რომ 11 სუბიექტი იყო, ანუ 11 პოლიტიკური პარტია და გახდა 4 კვალიფიცური სუბიექტი.
 სამი ბლოკი იყო არჩევნებზე წარმოდგენილი: პატრიოტთა ალიანსი, ნინო ბურჯანაძე დემოკარტიული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალურ მოძრაობასთან შემავალი ბლოკი იყო ,,ევროპული საქართველო”. საბიუჯეტო დაფინსება მიიღო ,,პაატა ბურჭულაძის პარტიამაც”, რომელიც ვერ გახდა პარამენტის წევრი. ასევე, გიორგი ვაშაძის ,,ახალი საქართველო’-ც დააფინანსეს.
      სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ძალიან უხერხულია, როცა პარტიები არ აქტიურობენ და იღებენ დაფინანსებებს. ეს თანხები მიდის მხოლოდ  ხელფასებზე და პარტიების განვითარებას არ ხმარდება, ანუ იხარჯება არამიზნობრივად და ამ პროცესს აუცილებლად უნდა ჰქონდეს დასასრული. 
ნინო შავერდაშვილი
კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close