პოლიტიკა

,,ვაფრთხილებ ამ უთავმოყვარეო მარიონეტებს: ცეცხლს ეთამაშებით!”

,,არასდროს უახლესი საქართველოს ისტორიაში, ასეთი აცდენა ხელისუფლების პოზიციასა და საზოგადოების განწყობას შორის არ ყოფილა"

რუსეთის აგრესია უკრაინაში არის ისეთი ფაქტი, როდესაც ძალიან ადვილია სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის, მართალის და მტყუანის, უდანაშაულოს და დამნაშავის გარჩევა. ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ ელემენტარული დონის სინდისი და საღი გონებაა საჭირო, იმდენად აშკარა და ცხადზე უცხადესია ყველაფერი.
ამ დროს საქართველოს ხელისუფლების წევრები და მხარდამჭერები ომის პირველივე დღიდან ძირითადად დაკავებულები არიან უკრაინის ხელისუფლების კრიტიკით, ტენდენციურად და შერჩევით აშუქებენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ამა თუ იმ განცხადებებს და წარმოაჩენენ მათ უარყოფით კონტექსტში, ცდილობენ დაამკვიდრონ აზრი, რომ სრულიად დასავლეთი არასაკმარისად ეხმარება უკრაინას და ფაქტობრივად გაწირული ჰყავს უკრაინელი ხალხი დასაღუპად (ბოლო დროს ამას მოუკლეს, მაგრამ მხოლოდ მოუკლეს, არ შეუწყვეტიათ), და, ასევე, ყველანაირად ცდილობენ უკრაინისადმი ქართული საზოგადოების მხარდაჭერა დაიყვანონ ნაცების პროვოკაციამდე და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობამდე. სამაგიეროდ ერთ აუგი სიტყვა არ დაცდენიათ რუსეთსა და პუტინზე და თან ამას თავხედურად გვტენიან როგორც სიბრძნეს და წინდახედულებას.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არცერთი ქვეყანა, თავად რუსეთის და ბელარუსის გარდა ასე არ იქცევა, მათ შორის ის ქვეყნებიც, რომლებიც უკრაინას დიდად მხარს არც უჭერენ. სხვა არავინ ახდენს დაქირავებული ტროლების ორგანიზებას უკრაინის პრეზიდენტის საგინებლად და არცერთი ქვეყნის ხელძღვანელი არ უწოდებს უკრაინისადმი მხარდამჭერ აქციებს ანტისახელმწიფოებრივს.
არასდროს უახლესი საქართველოს ისტორიაში ასეთი აცდენა ხელისუფლების პოზიციასა და საზოგადოების განწყობას შორის არ ყოფილა. მართალია, ჯერ კიდევ ბევრი იტყუებს თავს, მაგრამ ეს ხელისუფლება ისე იქცევა, რომ მაინცდამაინც დიდ საშუალებას თავის მოტყუებისთვის არ ტოვებს და თვითმოტყუებულთა რიცხვიც განუხრელად იკლებს და იკლებს.
გასაგებია, რომ მთელი სახელისუფლო რესურსი ერთი, პოლიტიკიდან ვითომდა წასული ადამიანის პოზიციებს და დამოკიდებულებებს ასახავს და პასუხისმგებლობაც მხოლოდ მის წინაშე აქვთ. მიუხედავად ამისა, მე როგორც პოლიტიკიდან მართლა წასული, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში ცოტა მათზე უკეთ გარკვეული ადამიანი, მაინც სრული სერიოზულობით ვაფრთხილებ ამ უთავმოყვარეო მარიონეტებს: ცეცხლს ეთამაშებით! შეუძლებელია ასეთი სხვაობა ხალხის განწყობასა და ხელისუფლების პოზიციას შორის ადრე თუ გვიან არ აფეთქდეს და მერე მართლა გვიან იქნება თითზე კბენანი. #ლავუაზიესკანონია
დავით ზურაბიშვილი, მწერალი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close