,,ექსპერტიზამ თქვა, რომ გაზის ნამწვმა გამოიწვია დედა-შვილის სიკვდილი, მაგრამ …”
გორში, ჭალის დასახლებაში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს, თავიდან გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვას ასახელებდნენ, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ოჯახს გაზი შეყვანილი არ ჰქონდა. ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია, გარდაცვალების გამომწვევ მიზეზად გაზის ნამწვი სახელდება, რომელმაც მეზობლის სახლიდან შეაღწია. ადგილზე კვლავაც მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები:
“წინა საღამოს მარიამი შეუძლოდ იყო, სახლში იყვნენ ილია (მარიამის საქმრო), მარიამი და თამარი (მარიამის დედა). ილია სახლში დაახლოებით 10 საათისთვის მოვიდა, მარიამი ჩვენ წინა კორპუსში იყო, რომ წამოვიდა, მარიამს ეძინა.
დილით მიწერა ილიამ, რომ ნახავდა, სანამ თბილისში წამოვიდოდა. ადრე იყო და მარიამმა რადგან არ უპასუხა, იფიქრა ილიამ, რომ ეძინა. მოგვიანებით კვლავ სცადა დარეკვა, დიდი ხნის განმავლობაში ურეკავდა მარიამსაც და მის დედასაც. რომ არ უპასუხეს, ილიამ ძმაკაცებს დაურეკა, რათა მისულიყვნენ და ენახათ რა ხდებოდა, ვერავინ შეძლო მისვლა და ილია თბილისიდან ისევ გორში დაბრუნდა. რომ მივიდა, მას ნიკას (მარიამის ძმის) ძმაკაცი დაეხმარა. ის ბიჭი გადავიდა ფანჯრიდან მეორე სართულზე, შეამტვრია კარი და ილიას დაუძახა, რომ სასწრაფო გამოეძახებინა. რომ ვნახე, უკვე ორივე გარდაცვლილი იყოო, როგორც ილია ამბობს. ექსპერტიზამ დღეს თქვა, რომ გაზის ნამწვმა გამოიწვია მათი სიკვდილი და ამ დრომდე ათვალიერებენ კომპანიის წარმომადგენლები,” – აღნიშნა გარდაცვლილთა ახლობელმა.
ახლობლის თქმით, გაუგებარი და უცნაურია რამდენიმე გარემოება, კერძოდ ის, რომ გოგონა ძირს ეგდო, ხოლო დედამისი სავარძელში იყო. მისი თქმით, გოგონა რომ გაზით გარდაცვლილიყო, საწოლიდან ადგომას, წესით, ვერ შეძლებდა. ამასთან, მისივე თქმით, უცნაურია, რომ დასკვნა იმავე დღეს ვერ დაიდო. გოგონას სახელი მარიამ ხოხაშვილია, იგი 22 წლის იყო, ხოლო დედა – თამრიკო ავალიშვილი – 54-ის. როგორც ცნობილია, გარდაცვლილები სოფელ ქიწნისში გადაასვენეს.