საზოგადოება

,,ეს არის დედაქალაქი სიკვდილსაშიში კორპუსებით, უსახო არქიტექტურითა და მტაცებლური განაშენიანები”_წერილი მერს

სამშენებლო ლიგის თავმჯდომარე, ტექნიკიურ მეცნიერებათა დოქტორი ანზორ საკანდელიძე თბილისის მერს, კახი კალაძეს სოციალური ქსელით კიდევ ერთხელ მიმართავს .

,,თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს!

ბატონო კახა, ცნობილმა ქართველმა მშენებლებმა, დამპროექტებლებმა და მეცნიერებმა, ყურად იღეს რა ჩვენი თხოვნა, მოგწერათ ღია წერილი, რომელიც ამ წერილს თან ერთვის და გამოქვეყნდება პრესაშიც. აქვე გვინდა მოგახსენოთ, რომ ჩვენს მიერ სამეცნიერო-მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული „თბილისისა და თბილისელების გადარჩენის მეგაპროგრამა“ ახალი წლის წინა დღეებში მერიის არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლებთან და ექსპერტებთან ოფიციალური შეხვედრის დროს, მისივე თხოვნით დავუტოვეთ ქალბატონ ნინო ტალახაძეს.
ამ მეგაპროგრამის რეკომენდაციებიდან განსაკუთრებით გადაუდებლად აუცილებელია მიწისძვრების წინასწარი პროგნოზირების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების დროულად დასრულების რეკომენდაციების სასწრაფოდ განხილვა, რადგან თბილისელების სიკვდილ-სიცოცხლის ტოლფასი ეს სამუშაოები ამჟამად უსახსრობის გამო შეჩერებულია. არადა, ამ უნიკალური პროგნოზირების ქართველი ავტორები, რომელთა სამეცნიერო შრომები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, აპირებენ საქართველოს დატოვებასაც კი, თუ გაგრძელდება დღევანდელი აბსოლუტური უყურადღებობა. ამან კი მომავალში შეიძლება ასეული ათასობით ქართველის სიცოცხლე შეიწიროს.
ბატონო კახა, გთხოვთ დააჩქაროთ ამ მეგაპროგრამის განხილვა და ეს საკითხი აიყვანოთ პირად კონტროლზე.

პატივისცემით
მშენებელთა ლიგის თავმჯდომარე
ექსპარლამენტარი, ტექნ.მეცნ.დოქტორი ანზორ საკანდელიძე

ქართველ მშენებელთა ღია წერილი
თბილისის მერს
ბატონ კახა კალაძეს
ბატონო კახა,
100 დღეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისელებმა დიდი ნდობა განოგიცხადათ და აგირჩიათ თბილისის მერად. სამწუხაროდ, მდგომარეობა ყველა მიმართულებით მძიმეა, მაგრამ განსაკუთრებით უმძიმესია სამშენებლო მიმართულებით, რასაც ადასტურებს თქვენი ხშირი კომენტარები მშნებელობის ნეგატიურ საკითხებზე.
ძირითადი პრობლემაა თბილისელების სიკვდილ-სიცოცხლის რისკებთან უშუალოდ დაკავშირებულ სამშენებლო დარგში დღეს გამეფებული სრული ქაოსი, განუკითხაობა, უკანონობა, უმართაობა და უკონტროლობა, რის შედეგადაც მივიღეთ დამახინჯებული თბილისი სიკვდილსაშიში მაღლივი საცხოვრებელი კორპუსებით, უსახო არქიტექტურითა და მტაცებლური განაშენიანებით.
უდაოდ დანაშაულია, რომ 26 წელიწადია მერიის მიერ მიღება-ჩაბარების აქტებით ექსპლუატაციაში მიღებული არც ერთი შენობა არ არის შემოწმებული თბილისისათვის დაკანონებულ 8-ბალიან სეისმომედეგობაზე და იმ აუცილებელი სამშენებლო ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, რომელთა დაუცველობით დღეს მსოფლიოში იღუპება გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი.
ბატონო კახა, თბილისელების მართლაც სასიკვდილო რისკების შემცველი ამ პრობლემების სწრაფად და ორგანიზებულად მოგვარებისათვის გირჩევთ ასეთი კატასტროფული რისკების შემცველი ყველა სამსახური (მშენებლობის ნებართვების გაცემა, არქიტექტურა, ურბანიზაცია, ტექნიკური ზედამხედველობა, სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება-ჩაბარება) მოექცეს ერთი დიდი სამსახურის, ვთქვათ, მშენებლობის დეპარტამენტის ქოლგის ქვეშ და ამ დეპარტამენტის თავმჯდომარე იყოს თქვენი ერთ-ერთი მოადგილე.
ბატონო კახა, ძირითადად ამ თემაზე ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, სადაც ყოველივე ჩვენს ნააზრევს მოგახსენებთ უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად. პატივისცემითა და მომავალი შეხვედრის იმედით

ნოდარ მეძმარიაშვილი – ყოფილი მშენებლობის მინისტრი
ჯაბა კუბლაშვილი – ყოფილი ადგილობრივი მრეწველობის მინისტრი, სახმშენის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ომარ კიკნაძე – ყოფილი მშენებლობის მინისტრის მოადგილე და მთავართბილმშენის უფროსი
გურამ გაბრიჩიძე – ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, აკადემიკოსი
თამაზ ჭელიძე – გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი
თამაზ შილაკაძე – საქართველოს შპს „გზა-მეცნიერების“ გენდირექტორი, ტრანსპორტის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი, ტექ.მეცნ.დოქტორი, პროფესორი
რამაზ ქაცარავა – თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტის დირექტორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი
რევაზ თოფურია – ყოფილი საქსახპროექტის ინსტიტუტის დირექტორი
ბესარიონ ჭიჭინაძე – თბილისის ყოფილი არქმშენინსპექციის უფროსი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close