სიღნაღის ამბები

ერთ ნისლიან დღეს, ისტორიული ქალაქიდან, ბორკილებდადებულ მაღალჩინოსნებს წაიყვანენ

სიღნაღის სახელისუფლებო მაფხროვის სკანდალური ამბავი

   სიღნაღის სახელისუფლებო მაფხროვის ამბავი უნდა გიამბოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ გაციებულა. ამბობენ, დასასრული წინ არის და ის, მეტად შთამბეჭდავი იქნებაო.
   მოკლედ, ნაახალწლევს ხმა გავრცელდა, სიღნაღის გამგებელს ცუდად აქვს საქმე და შეიძლება, დააპატიმრონო. მიზეზად დაასახელეს სიღნაღის კუთვნილი მიწების გასხვისება. მე არაერთხელ დავწერე, რომ სიღნაღის ფერდობი, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს, წმინდა ნინოს წყაროს მიმდებარე ტერიტორიები, უკლებლივ იყო გასხვისებული ჩინოვნიკების ხელით მათ ახლობლებზე და ერთი გოჯი მიწა არ მიუციათ უბრალო ხალხისთვის. როგორც ჩანს, მიწების გასხვისების ამბავი სიღნაღის მაფიოზ ხელისუფლებას ,,გაუსკდა”. როგორც წყარომ გვითხრა, სიღნაღის გამგებელმა ეს არ იცოდა, რაც პირადად ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია, რადგან რიგითმა ადამიანებმა ვიცოდით ჯერ კიდევ მაშინ, როცა გასხვისებები მოხდა.
  ასე იყო თუ ისე, თავდაცვის მიზნით, სიღნაღის გამგებელს მიუმართავს კახეთის გუბერნიისთვის და უთქვამს, რომ მიწები ვიღაცამ მერიიდან დაარიგა, რის შემდგომაც აღნიშნული საქმით სამართალდამცავი უწყება დაინტერესებულა. სწორედ მათ გაურკვევიათ, რომ მიწები, რომლებიც რეალურად საკმაოდ ფასეულია, მერია-საკრებულოს თანამშრომლებზე ყოფილა გადანაწილებული- უმეტესობა ქალბატონებზე (ამჯერად გვარების დაკონკრეტებას მოვერიდები. მხოლოდ ამჯერად…).
   როგორც ჩანს, თავდაპირველად, სამართალდამცავებმა სიღნაღის მერს არ დაუჯერეს, რომ აღნიშნული საქმიდან ის ცაიტნოტში იყო და ერთხანობას, ამიტომაც გავრცელდა ხმა, რომ მას დააკავებდნენ. როგორც წყარო გვიმტკიცებს, სამართალდამცავი სტრუქტურა აღნიშნულ საქმეს კვლავ იძიებს და რომელი ჩინოვნიკი გაებმება საკუთარი ხელით დაგებულ ხაფანგში, ან ვის დაუტოვებენ და ვის წაართმევენ არმად მიღებულ მიწებს, ჯერ არავინ უწყის.
   ივანიშვილის გაქცევამ და საოცნებო პარტიაზე უარის თქმამ, თურმე კიდევ უფრო ჩააფიქრა სიღნაღელი მაღალჩინოსნები, რადგან ,,ზემოდან” ნებისმიერი მათგანის გაწირვის შანსმა საგრძნობლად მოიმატა. იმასაც ამბობენ, ამ საქმეში მერიის იურიდიული კომიტეტისა და აღიარებითი კომისიის მაღალჩინოსნები არიან გარეულნი სკანდალებით ცნობილ მერთან ერთადო. მათ ყველაფრის გადაბრალება და ხელების შეწმენდა სიღნაღის გამგებელზე გადაწყვიტეს, მაგრამ გამგებელმა ჭკუა გამოიყენა და ყველას დაასწრო – გამოძიებასთან ითანამშრომლაო. ჯერ არაფერს საუბრობენ იმაზე, გამოძიება დაინტერესდა თუ არა, მერიის მაღალჩინოსნების მიერ მიწებით ვაჭრობის თემით-კონკრეტულად, ფულის აღებ-მიცემობით. წყარო გვიმტკიცებს, რომ ასეთი უამრავი ფაქტი არსებობს და თუ სწორად გაყვნენ კვალს, აუცილებლად იპოვიან ,,კატას” ბნელ ოთახშიც.
   ასე, რომ არ გაგიკვირდეთ, ერთ ცივ დღეს, როცა სიღნაღს კვლავ დაბურავს ნისლი და მის გასხვისებულ ფერდობებზე ყველა ცოცხალსა და მკვდარს დროებით გააქრობს, ისტორიული ქალაქიდან ბორკილებდადებული მაღალჩინოსნები წაიყვანონ. მე კი, ამ ყველაფრის განიუსება ჩემი სააგენტოს საიტებზე კიდევ ერთხელ, მაგრამ დეტალურად მომიხდეს. ასე, რომ სიღნაღში ცუდი ამინდებია და მაღალჩინოსნები გამოდარებას აღარც ელოდებიან.
ნელი ვარდიაშვილი

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close