მსოფლიო

ერდოღანს გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის სიტყვით მიმართვა აუკრძალეს

ოფიციალურმა ბერლინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის სიტყვით მიმართვის თხოვნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს.

ერდოღანი დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, რომელიც ჰამბურგში 7-8 ივლისს არის დაგეგმლი, გერმანიაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის სიტყვით მიმართვას გეგმავდა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგმარ გაბრიელის განცხადებით, ოფიციალური ბერლინის გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას უკვე შეატყობინეს.

“გერმანიის კონსტიტუცია ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლებას გვაძლევს”, – განაცხადა სიგმარ გაბრიელმა.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც გერმანია ერდოღანს გერმანიაში მცხოვრები თურქებისთვის სიტყვით მიმართვის უფლებას არ აძლევს. პირველი შემთხვევა მარტში იყო. თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების რეფერენდუმის ჩატარებამდე, ერდოღანს ევროპის ქვეყნებში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის სიტყვით მიმართვა სურდა. თუმცა უარი მიიღო, როგორც გერმანიისგან, ასევე ავსტრიისგან, ჰოლანდიისგან და შვედეთისგან. ამის გამო ოფიციალურ ანკარას ევროპასთან ურთიერთობა მკვეთრად დაეძაბა, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ჰოლანდიასთან. მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა ანგელა მერკელი ტერორისტების მხარდაჭერასა და ნაცისტური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა, ჰოლანდიას კი ბანანის რესპუბლიკა უწოდა.

26 ივნისს ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მთავრობამ თურქეთის პრეზიდენტის დაცვის წევრებს გერმანიის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. გერმანიის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ ერდოღანის გერმანიაში ჩასვლამ შესაძლოა მის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close