საზოგადოება

ეკო ფანგანმა სადედამთილოს გარდაცვალების გამო გათხოვება გადაიფიქრა

მომხიბვლელი ტელეწამყვანის, ეკო ფანგანის ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა მომენტი, ოჯახის შექმნაზე რომ უფიქრია, მაგრამ ბოლო წუთს უარი უთქვამს. მას სწამს მონათესავე სულების არსებობის და მიაჩნია, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი, იპოვის მას თუ არა. როგორია შეყვარებული ეკო, რა სიგიჟეები შეიძლება, ჩაიდინოს საყვარელი ადამიანისთვის, აქვს თუ არა მას ქალური ხრიკები მამაკაცთან ურთიერთობაში, ამას ჟურნალ “თბილისელების” ინტერვიუდან შეიტყობთ. ეკო ფანგანი: ოჯახის შექმნა სამჯერ გადავწყვიტე. ერთხელ ქორწილი უნდა გვქონოდა და იმ ბიჭს დედა გარდაეცვალა. მეც ვიფიქრე, ვიფიქრე და პირდაპირ ბოლო მომენტში გადავიფიქრე. ზოგისთვის რომ მიუღებელია დედამთლი და მამამთილი, მე პირიქით ვარ. ხომ გითხარი, იმ ბიჭს დედა გარდაეცვალა და აღარაფერი მინდოდა, ძლივს გადავიტანე. თუ დარწმუნებული არ ხარ, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. დასაწყისში ვნებაა, მერე ასე მხოლოდ ვნებით, ოცდაათი წელი ვერ იქნები. ხშირად ვნებასა და სიყვარულს ერთმანეთში ურევენ, თუმცა აუცილებელი შემადგენელია, მაგრამ სიყვარული მხოლოდ ეგ არ არის. ბევრი რამის ერთობლიობაა. ბევრი საერთო უნდა ჰქონდეს ორ ადამიანს – ერთნაირი ინტერესები, მიზნები. თორემ, მერე ბევრი იმედგაცრუებაა. როდესაც ურთიერთობა მთავრდება, რაღაც დროის გასვლის მერე ხვდები, ვინ ვინ იყო შენს ცხოვრებაში. შეიძლება ძალიან ცეცხლოვანი ურთიერთობა იყოს, ემოციების ვნებათაღელვა, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ არავინ ყოფილა ის შენთვის. – შენი ყოფილი შეყვარებულის, ბექა ჩხაიძის მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს ახლა? – ბექას მშობლებთან ადრეც და ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბუნებრივია, მაშინ უფრო მეტად, მაგრამ ახლაც ძალიან მიყვარს ყველა, მხოლოდ მშობლები არა, მთელი სანათესაო. ყველანი საუკეთესოს იმსახურებენ და ვუსურვებ კიდეც მთელი გულით. – როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ შენ შეგიყვარდეს? – აბა, ვიცი? რაც მითქვამს, ყველა მხრიდან გადამიხვევია ხოლმე. როგორი უნდა იყოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ყველას ჰყავს იდეალი და ბოლოს გვიყვარდება ის, ვინც ცდილობს, თავი შეგვაყვაროს. როგორი უნდა იყოს მამაკაცი, ვისთან ერთადაც მომინდება დარჩენა და ცხოვრება – აი, ეს არის მთავარი საკითხავი. ვიღაც რომ გიყვარს, ეს კარგია, მაგრამ ის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მასთან ყოფნა გინდოდეს, ცოტა რთული საკითხია. სულ უნდა ცდილობდეს, რომ მოგეწონოს რაღაცით, გასიამოვნოს, თორემ უცებ შეიძლება, ნებისმიერი შეგიყვარდეს. ქალებსაც ვურჩევ, არ მოდუნდნენ. სულ უნდა იწვევდე ადამიანში აღფრთოვანებას, დადებით ემოციებს. ეს მნიშვნელოვანია. როდესაც დადებითს გასცემ, მერე შენც აუცილებლად იღებ – შეიძლება, იმ მომენტში არა, მაგრამ ჩვენი ყველა საქციელი მატერიალიზდება. ოტია იოსელიანს აქვს კარგად ნათქვამი: – „ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება სადღაც, მაგრამ შეიძლება, ვერ შეხვდეს“. მე ვიზიარებ რეინკარნაციის თეორიას და არა როგორც რელიგიას, არამედ როგორც მითოლოგიას, ისე ვუდგები. მჯერა, ადამიანი რომ გარდაიცვლება, მისი თითებიდან ამოდიან სულები და იბადებიან დროისა და სივრცის სხვადასხვა მონაკვეთებში. ერთი ხელიდან დაბადებულები კი არიან ერთმანეთისთვის შექმნილნი და თუ დაემთხვა, რომ ოდესმე ერთმანეთს შეხვდნენ, რაც შეიძლება ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში ერთხელ – აი, ეს არის ბედნიერება. ისინი დანახვისთანავე ერთმანეთს ცნობენ. ზოგი ზუსტად ცნობს თავის მეორე ნახევარს და უთქვამთ – დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ ის იყოო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close