პოლიტიკა

ევროსაბჭოს სესიაზე ქართველმა დეპუტატებმა მერაბიშვილის საკითხზე იდებატეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ რეზოლუციას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე თამარ ჩუგოშვილსა და დეპუტატ გიორგი კანდელაკს შორის დებატები მოჰყვა.

გიორგი კანდელაკმა სხდომაზე ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას შეასრულებს.  კანდელაკს თამარ ჩუგოშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ მერაბიშვილი პატიმრობაში სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფება.

„სანდრო გირგვლიანის გახმაურებულ და მნიშვნელოვან საქმეზე, ევროპის სასამართლომ საქართველოს ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შემზარავი საქმის გამოძიება, პასუხისმგებელი პირების დაკავება და მათი კანონის წინაშე წარდგენა დაავალა. სწორედ ამიტომ იმყოფება ბატონი ივანე მერაბიშვილი ახლა პატიმრობაში. რაც შეეხება სხვა საქმეებს, ჩვენ ველით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. საქმე ახლა დიდ პალატაშია. კიდევ ერთხელ, ჩვენ გამოვხატავთ სრულ მადლიერებას და მორჩილებას სასამართლოს წინაშე და რა თქმა უნდა, საპარლამენტო ასამბლეა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ საქართველო სასამართლოს ნებისმიერ ინსტრუქციას შეასრულებს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას. პარალელურად, დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.

იმედი ნიუსი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close