,,დროა, მთავრობამ უარი თქვას ვითომ „რეფორმებზე“, რომელსაც ქართული ეკონომიკა მიყავს კატასტროფისკენ”
როგორ სრულდება საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარების
2016-2020 წლების 5-წლიანი სამთავრობო პროგრამა? ამის შესახებ რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარე, ყოფილი პარლამენტარი, ტექნ. მეცნ. დოქტორი ანზორ საკანდელიძე გვესაუბრა.
ანზორ საკანდელიძე:
_ 2016 წლის 25 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს 9-კაციან უაღრესად კომპეტენტურ კომისიაზე (კომისიის თავმჯდომარე, მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე) მოხდა ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრის კანცელარიასა და პარლამენტში განსახილველად ოფიციალურად შეტანილი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ მოწონებული, არასამთავრობო ორგანიზაცია „რეფორმატორთა კავშირის“ მიერ 57-გვერდიან სამეცნიერო მეთოდურ ნაშრომად დამუშავებულ-დაპატენტებული (საქპატენტის მოწმობა N6333), „საქართველოს ანტიკრიზისული 5-წლიანი კომპლექსური ეკონომიკური რეფორმების კონცეფცია-პროგრამის“ დადებითი განხილვა.
ეს არასამთავრობო „კონცეფცია-პროგრამა“ ჩვენს მიერ მიგნებულ-დამუშავებული საგადასახადო თამასუქების ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებით 5 სამეურნეო წელიწადში საქართველოში უზრუნველყოფს მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარების, სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა (რომელთა შორის 2 მილიონზე მეტი მეანაბრეა!) ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციის, დასაქმების, სამართლიანობის აღდგენისა და სიღარიბის დაძლევის დღემდე დაუძლეველი უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას!
ძირითადად მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარებაზე ორიენტირებული ამ არასამთავრობო 5-წლიანი უნიკალური „კონცეფცია-პროგრამის“ ფინანსთა სამინისტროში წარმატებით განხილვის მე-2 დღესვე, 26 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მცირე მეწარმეობის განვითარების ასევე 5-წლიან სამთავრობო პროგრამის N100 მთავრობის დადგენილებას ასეთი რთული სათაურით: „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2020 წლებისათვის და საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“. ასე დაიბლოკა მცირე მეწარმეობის განვითარების ჩვენი არასამთავრობო რეალური „კონცეფცია-პროგრამა“ და ამოქმედდა ეს ირეალური სამთავრობო პროგრამა, რომელსაც რეალური სამოქმედო პროგრამის არავითარი ნიშანწყალი არ ახასიათებს.
არადა, ამ სამთავრობო პროგრამას ამოქმედებამდე საპარლამენტო ფილტრი უნდა გაევლო. ყოველ შემთვევაში, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე წელიწადზე მეტი ჩვენი „კონცეფცია-პროგრამის“ კომიტეტში მოსმენის გაჯანჯლებას იმ მოტივით ხსნიდა, რომ მთავრობაც ამზადებს მცირე მეწარმეობის პროგრამას, შემოიტანს პარლამენტში და როგორც არასამთავრობო, ისე სამთავრობო ორივე პროგრამას ერთად განვიხილავთო.
სამწუხაროდ, მთავრობამ თავისი სამთავრობო პროგრამა აამოქმედა საპარლამენტო ფილტრის გავლის გარეშე, მაგრამ ვაი ამ ამოქმედებას. მალე დამთავრდება 5-წლიანი პროგრამის ნახევარი, ხოლო 2016-2017 წლების 2-წლიანი პროგრამა კი კარგა ხანია დამთავრებულია. როგორია პრაქტიკული შედეგები? ჯერჯერობით ნულოვანი და ასეთივე შედეგები გვექნება 2020 წლის ბოლოსაც, რადგან ამ „სამოქმედო გეგმაში“ 2006 წლიდან კანონგარეშედ გამოცხადებული და განადგურებული ქართული მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარების არც ერთი რეალური ეკონომიკური რეფორმის განხორციელება არ არის გათვალისწინებული, განსხვავებით ჩვენი „კონცეფცია-პროგრამისა”, რომელიც მოიცავს მცირე მეწარმეობის აღდგენა-განვითარების 3 მასშტაბურ, ერთმანეთში გარდამავალ ეტაპს. შესაბამისი კონკრეტული რეფორმებითა და ამ რეფორმებთან კომპლექსურად დაკავშირებულ 5 უნიკალურ, დაპატენტებულ რეფორმას.
არადა, სამთავრობოს ნაცვლად ჩვენი არასამთავრობო პროგრამა რომ ამოქმედებულიყო, დღეს მთავრობის მიერ სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება-კომპენსაციისათვის პირველ ეტაპზე აღიარებული 1,2 მილიარდი ლარის შიდა ვალიდან გასასტუმრებლად დარჩენილი 1,0 მილიარდი ლარის ვალი იქნებოდა უკვე გასტუმრებული და დაზარალებულებიც ამ თანხით კომპენსირებულები.
საბოლოო ჯამში, ეს 1,0 მილიარდი ლარის დაზარალებულთა შიდა ვალი, სახელმწიფოს მხრივ ყოველგვარი ხარჯის გაწევის გარეშე, იქნებოდა კაპიტალიზებული გარანტირებულ მოგებაზე მომუშავე და, აქედან გამომდინარე, მართლა აგუგუნებული ასობით ახლადგახსნილი მცირე სამრეწველო საწარმოების ადგილობრივ ინვესტიციებად, სადაც რეალურად შეიქმნებოდა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. 5-ჯერ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი კი, ყოველგვარი ინვესტიციების მოზიდვის გარეშე, ავტომატურად დამატებით შეიქმნებოდა არასამრეწველო ბიზნესებში!
რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ ასი ათასობით დაზარალებულთა მილიარდობით ლარის ზარალის ახლადგახსნილ მცირე სამრეწველო საწარმოებში ადგილობრივ ინვესტიციებად კაპიტალიზაციის ეს მუდმოვმოქმედი კონვეიერი (დაზარალებულთა ზარალის სრულ ანაზღაურება-კომპენსაციამდე!) უკვე იქნებოდა დაქოქილი და ამუშავებული მთელი სიმძლავრით, რაც წერტილს დაუსვამს საქართველოშიადგილობრივი ინვესტიციების შიმშილსა და უცხოელი ინვესტორებისათვის ხელისუფლების დამამცირებელ მონურ მორჩილებას.
„კონცეფცია-პროგრამაში“ განხილული, აკადემიკოს ივერი ფრანგიშვილის მიერ დამუშავებული ემისიური დაკრედიტების პროგრამა, რომელიც ჩვენი თხოვნით დამატებით შეისწავლა და მოიწონა საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიამ, დიდად წაადგება დღეს ასე აჟიტირებული, მცირე მეწარმეების სასტარტო დაფინანსების მტკივნეული პრობლემის წარმატებით მოგვარებას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში, რასაც ცალსახად იწონებს სოფლის მეურნეობის ცნობილი სპეციალისტი, აკადემიკოსი თამაზ კუნჭულია.
ისიც აღსანიშნავია, რომ „კონცეფცია-პროგრამის“ რეფორმების პირველი ეტაპია 1999 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით მიღებული და 2006 წელს ნაციონალების მიერ დანაშაულებრივად გაუქმებული მცირე მეწარმეობის ერთადერთი ჩარჩო კანონის აღდგენა. ამ კანონთან ერთად ავტომატურად აღდგება და სწრაფად დაიწყებს ფუნქციონირებას მცირე მეწარმეობის მართვის ცენტრი და ცენტრს დაქვემდებარებული საინვესტიციო ფონდი, სადაც გადაირიცხება მიზნობრივად მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის გამოყოფილი ყველა სახის ადგილობრივი და უცხოური ფინანსური ნაკადები გრანტების, ტრანშების, დახმარებების, ლიზინგების და შეღავათიანი მრავალწლიანი კრედიტების სახით.
„კონცეფცია-პროგრამის“ უნიკალური რეფორმების პრაქტიკული რეალიზაციით საუკეთესო სამეწარმეო პირობები შეექმნებათ სამრეწველო მცირე საწარმოებს, განსაკუთრებით იდეალური კი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მცირე საწარმოებს, რომლებიც შეღავათიანი პირობებით საკუთარი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით შეიძენენ ძირითად ფონდებს, საბრუნავ სახსრებად კომერციული ბანკების გვერდის ავლით მოიხმარენ ისევ საკუთარი საინვესტიციო ფონდის მიერ გაცემულ უპროცენტო ემისიურ კრედიტებს და პროდუქციის წარმოების დროს წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებს კი გაანაღდებენ საგადასახადო თამასუქებით!
ასეთი მართლაც იდეალური სამეწარმეო ბიზნეს-გარემო საქართველოში გამოიწვევს მცირე სამრეწველო მეწარმეობის ნამდვილ ბუმს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ მრეწველობაში. სოფლებს მასიურად დაუბრუნდებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთში გახიზნული ლტოლვილები. ქართულ მიწებზე გაიზრდება მოთხოვნები. ქართულ მიწებს თვითონ ქართველები დაამუშავებენ და აღარ იქნება საშიშროება ქართული მიწების ფარულად თუ აშკარად უცხოელებზე გასხვისება-მიყიდვისა.
აქედან გამომდინარე, ამჟამად ჩვენი „კონცეფცია-პროგრამის“ ამოქმედების ნამდვილად კარგი დროა, რადგან საქართველოში მიწების უცხოელებზე გაყიდვაზე ფაქტობრივად მორატორიუმია გამოცხადებული და როცა ეს მორატორიუმი მოიხსნება, „კონცეფცია-პროგრამის“ რეფორმები უკვე გასული უნდა იყოს ფინიშზე. ამათანავე, უნდა გვახსოვდეს ერთ-ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ეს ჭკვიანი გამონათქვამი: ნახევარზომები, ანუ ნახევარრეფორმები ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია, რომელიც სახელმწიფოს შეიძლება დაუჯდეს კატასტროფად. 2016 წლის 26 თებერვლის მთავრობის N100 დადგენილებით საქართველოში დაწყებული მცირე მეწარმეობის რეფორმები კი ნახევარრეფორმებიც კი არ არის და დროა მთავრობამ უარი თქვას თავის ამ ვითომ „რეფორმებზე“, რომელსაც ქართული მცირე მეწარმეობა და, შესაბამისად, ქართული ეკონომიკა ცალსახად მიყავს კატასტროფისკენ.