10 მარტს, ქართულ რეალობაში  პირველად, მედიის წარმომადგენლები ერთმანეთს დომინოს თამაშში შეეჯიბრებიან.

ამ იდეის ავტორი და ორგანიზატორია სპორტული ინტერნეტპორტალი „სარბიელი“. ტურნირი 10 მარტს „დიდუბე პლაზას“ ფოიეში გაიმართება. ინტერნეტპორტალი ტურნირში მონაწილეობისთვის ეპატიჟება მედიასაშუალების წარმომადგენლებს – როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს. ტურნირში საინფორმაციო სააგენტო „ევრონიუს ჰოლდინგი“-ც მონაწილეობს, ამიტომ დომინოს ისტორიით დავინტერესდით და  თამაშის წესები კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ. როგორც აღმოჩნდა, დომინო საფრანგეთში გამოიგონეს და თავდაპირველად, ეს თამაში განკუთვნილი იყო გონებასუსტი ბავშვებისთვის.

დომინოს 28 ქვით თამაშობენ. თითოულ ქვაზე გამოსახულია ციფრები (0-დან 6-მდე).  ყოველი „ხელის“ დაწყების დროს მოთამაშეებს ურიგდებათ 7 – 7 ქვა, დანარჩენი 14 ქვა რჩება ე.წ. „ბაზარში“. თამაშს იწყებს მოთამაშე, რომელსაც ჰყავს ორი მაღალი, ერთნაირი ციფრის მქონე ქვა. დომინოს მთავარი წესია ის, რომ ქვის მიდება ხდება მხოლოდ ერთი და იმავე მნიშვნელობის ციფრის მქონე ქვასთან.
თამაშში გამარჯვების მთავარი პრინციპია – ქულების მოგროვება, რომელიც ითვლება ქვების ბოლო ციფრების დაჯამებით. ქულა ითვლება, როდესაც ჯამდება 5-ზე დამრგვალებული ნებისმიერი ქულა.
თამაშის მსვლელობისას თუ მოთამაშეს არ ჰყავს თამაშის გასაგრძელებლად საჭირო მნიშვნელობის მქონე ქვა, იგი მიდის „ბაზარში“ და შემთხვევითობის პრინციპით იღებს ერთ-ერთ დაფარულ ქვას.
„ხელი“ დასრულებულად ითვლება, როდესაც ერთ-ერთი მოთამაშე გამოიყენებს უკანასკნელ ქვას, ამ შემთხვევაშიც მოწინააღმდეგის ხელში დარჩენილი ქვების რიცხობრივი მნიშვნელობა დაითვლება 5 ქულიანი დამრგვალებით და დაერიცხება ამ „ხელი“-ს გამარჯვებულს. თუ მოწინააღმდეგეს ხელში დარჩა მხოლოდ 0-0 (იგივე “პუსტა-პუსტა”) ქულის მნიშვნელობის ქვა, ამ შემთხვევაში გამარჯვებული იწერს 10 ქულას. შემდეგ ხელს იწყებს წინა ხელის გამარჯვებული.
ქულების დაგროვე ხდება წინასწარ დათქმულ რაოდენობამდე ( მაგ: 75, 175, 255, 355 ) და საბოლოოდ იმარჯვებს ის მოთამაშე, რომელიც პირველი მოაგროვებს წინასწარ დათქმულ რაოდენობას. მართალია, დომინო ფრანგებმა გონებასუსტი ბავშვების სათამაშოდ გამოიგონეს, მაგრამ მას შემდეგ, ის სპორტის ერთ-ერთ სახეობად და მამების თაობის საყვარელ, გასართობ თამაშად იქცა.

მადლობა „სარბიელს“, რომ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში წვლილის შეტანა გადაწყვიტა.

კომენტარები