საზოგადოება

“დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა”

დეკანოზი გიორგი მამალაძე მოხარულია, რომ პატრიარქს მისი უდანაშაულობის სჯერა. ეს პოზიცია დეკანოზმა სასჯელაღსრულების ნომერ მეცხრე დაწესებულებაში ადვოკატებთან შეხვედრაზე დააფიქსირა. ადვოკატები ბრალდებულ დეკანოზს გუშინ საპატრიარქოში მისი ოჯახის წევრებსა და პატრიარქს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე ესაუბრნენ.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი ბედნიერია, რომ პატრიარქმა მისი ოჯახი მიიღო და ასევე ბედნიერია, რომ პატრიარქი დარწმუნებულია მის უდანაშაულობაში. ასევე, დეკანოზი კიდევ ერთხელ ითხოვს მის ზიარებას.

ადვოკატის განცხადებით, საპატრიარქოში შეხვედრაზე იყო დეკანოზის ზიარებაზე საუბარი და ეს უნდა მომხდარიყო იმ დროს, როდესაც მასთან საპატიმროში მამა დავით ჭინჭარაული და მამა კახაბერი შევლენ. ადვოკატი იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება.

ასევე, მისი ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე თანახმაა საპატრიარქოში გამართული გუშინდელი შეხვედრის ჩანაწერი გასაჯაროვდე, თუმცა მისი თქმით, ეს სრული ჩანაწერი უნდა იყოს და არა ფრაგმენტული.

 საპატიმროში ადვოკატებისა და დეკანოზის შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესზეც, სადაც ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის. ადვოკატები არ გამორიცხავენ, ბრალდების მხარემ ხვალვე დაიწყოს მოწმეების დაკითხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close