„დედინაცვალმა ნახატები დამიწვა“
რას ყვება საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი მხატვარი
მხატვარ მანანა ბაბიჩიას, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, მთელი მსოფლიო იცნობს მისი ნახატებით. ხატვა 17 წლის ასაკში დაიწყო, უნდოდა, სამხატვრო სასწავლებელში ჩაებარებინა, მაგრამ ოჯახის წევრმა ხელი შეუშალა. მხატვარი ამბები.ჯი-სთან ყვება:
.
-დედამ (დედინაცვალმა) შენ კი არ ხატავ, თამაშობო, ძალიან გაბრაზდა, გაიტანა ჩემი ყველა ნახატი, დახია და ცეცხლი წაუკიდა. ასე გამინადგურა პირველი ნახატები, რამაც ძალიან გული მატკინა და ხატვა შევწყვიტე.
– რატომ მოიქცა ასე?
– მას არ სურდა აღიარებული ადამიანი ვყოფილიყავი, რადგან მისი გერი ვიყავი, ყურადღებას დიდად არ მაქცევდა… 35 წლის მანძილზე ფანქარი ხელში აღარ ამიღია… შემდეგ ისე მოხდა, რომ ანტალიაში ვიყავი შვილთან, შვილიშვილთან ერთად და ერთ დღეს ხელში ფანქარი ავიღე და როგორც თავდაპირველად, ისევ ისე ხატვა დავიწყე. ეტყობა ხატვა ძალიან მენატრებოდა, ვეღარ ვჩერდებოდი. ჩემი გოგო ძალიან მეხმარებოდა. მეგობრები ფულს ამერიკიდან, საბერძნეთიდან მიგზავნიდნენ, ოღონდაც ხატე და ყველანაირად გვერდით დაგიდგებითო… შემდეგ ისე მოხდა, რომ საქართველოდან წამოვედი…
საფრანგეთში სპეციალურ სასტუმროში ვცხოვრობდით, სადაც ხატვა ისევ გავაგრძელე… სოციალურ მუშაკებს არ სჯეროდათ, თუ ჩემი ნახატები იყო, მაგრამ მთელი კედლები რომ ჩემი ნახატებით სავსე ნახეს, თვითონაც მოინდომეს, ეს ნახატები მათაც ჰქონოდათ. ვაჩუქე მათაც და მერიის თანამშრომლებსაც. დღეს ზოგიერთს სახლში აქვს კედელზე განთავსებული, ზოგს კაბინეტში… შემდეგ სოციალურმა მუშაკმა ყველა ჩემს ნახატს ფოტო გადაუღო და მერიაში წაიღო. ქალაქის მერი დაინტერესებულა, ეს ქალბატონი ვინ არისო და როდესაც მოახსენეს, მთავრობის გადაწყვეტილებით ჩემი ნახატების გამოფენა მოეწყო… ორი ნახატი განსაკუთრებულად მოეწონათ, ორივე მერიას ვაჩუქე…
მსურს, ძალიან დიდი ტილო ვიყიდო, რომელიც მთელ კედელს დაფარავს… მინი საქართველო ხომ უკვე დახატული მაქვს და ამჯერად ტილოს რუკის ფორმა უნდა მივცე და მთელი საქართველო დავხატო.