დედას პური, ობლის კვერი, ოჩოპინტრე, იჩიდალი და მოპარული ჯეჯილი -სააღდგომო სამზადისი კახეთში

წინასააღდგომო, დიდი სამზადისია კახეთში, ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეში. თონეებში ცხვება დედას პურები, პასკები და „პეროგები“, ღებავენ კვერცხებს. ჩვენ კახეთიდან ვაკვირდებით აღდგომის დღესასწაულის დადგომას და უკვე უამრავი საინტერესო რამ ვნახეთ და მოვისმინეთ.
.
.
მაგალითად, ამ დღეს, თონეში, პურთან ერთად აუციებლად უნდა გამოცხვეს კვერები. ეს არის პატარა, მრგვალი პური, რომელსაც შუაში ნახვრეტი აქვს. ზოგი მას „ობლის კვერსაც“ ეძახის და ძირითადად ბავშვებს უწილადებენ ხოლმე.
.
თონეში აცხობენ ადამიანის ფორმის პატარა პურებსაც, რომელთაც ქართული მითოლოგიიდან, ნადირთა მწყემსის და ტყის მფარველის _ „ოჩოპინტრეს“ და „ოჩიდალის“ სახელებს ეძახიან. ჩვენმა მასპინძელმა „ოჩიპინტრე“ და „ოჩოდალი“ უკვე გამოგვიცხო.
ერთს ნახშირის თვალები და ბალახის თმები გაუკეთეს, მეორეს _ სიმინდის თვალები და ნახშირის პირი.
თითქმის ყველას ოჯახში უკვე მოტანილი აქვთ ჯეჯილი. აქაურთა გადმოცემით, თუ ვინმე ამ დღეს ხორბლის ყანაში შეიპარება, ჯეჯილს მოკრეფს და გაჩუქებს, ეს იმის ნიშანია, რომ ამ წელს ხვავი და ბარაქა შემოგივა სახლში. ასეთი ჯეჯილი უკვე მივიღეთ, ასე რომ ის დროა, ოჯახის სიმრავლესა და ბეღელის გავსებას დაველოდოთ. ეს ხუმრობით.
აღდგომის ღამეს, თითქმის ყველა ტაძარში ჩატარდება წირვა-ლოცვა. ჩვენ ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში ვაპირებთ აღდგომის შეხვედრას, იქ დაველოდებით ცეცხლის გარდამოსვლას და შევეცდებით, იქაური ამბებიც წვრილ-წვრილად ,,ჩაგიკენჭოთ”.
.