საზოგადოება

,,დახვრეტილ გურამ შარაძეს, სოროსის ფონდის თამამშრომელი სწერდა, ,,ხომ ჩაგაძაღლეს, შე ფაშისტოო”

რუსუდან შარაძე, გურამ შარაძის ქალიშვილი:

_ მოგიყვებით, რატომ არ არის და არც შეიძლება იყოს გიორგი ბარათელი გურამ შარაძის მკვლელი?!”

გურამ შარაძის მკვლელობის ვერსიები ასეთია:

2007 წლის 20 მაისის საღამოს, მამაჩემი მოკლეს. მე ჟენევაში ვსწავლობდი და ეს ამბავი ჩემი გიოს ყოფილი ცოლისგან, თათასგან გავიგე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მანვე მითხრა ბარათელზეც. არ დავიჯერე და იმ წამსვე, ვთქვი, რომ ეს შეუკვეთა სააკაშვილმა და ბარათელს კიდეც რომ შეესრულებინა, ის არ იყო გურამ შარაძის მთავარი მკვლელი!
თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ეჭვები იყო.
მეორე საღამომდე რეისი არ არსებობდა და თბილისში ჩამოვედი 22 მაისს, გამთენიას.
ჩამოსვლის დღე იყო, მამაჩემი ჯერ კიდევ სახლში ესვენა, როცა სადარბაზოსთან დამხვდა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი ნათია გოგსაძე. ოფიციალური კომენტარის შემდეგ, პირად საუბარში მითხრა ასეთი რამ – კულუარებში, ამბობდნენ, რომ იგეგმებოდა ლევილის მამულის გაყიდვა. იცოდნენ, ამას გურამ შარაძე არ დაანებებდა და ამიტომაც მოკლესო.
იმ დღესვე, ამ საუბრიდან სულ ცოტა ხანში, ქალბატონმა მანანა სოტკილავამ მომცა გაზეთი, სადაც დაბეჭდილი იყო მაშინდელი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, გია ხევიაშვილის ინტერვიუ ლევილზე, სადაც ამბობდა, რომ იქ ინვესტიციები უნდა ჩაიდოსო. რას ნიშნავდა სააკაშვილის ენაზე ,,ინვესტიციები“, კარგად ვიცით.
თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ გურამ შარაძე პოლიტიკური მოღვაწეობისთვის მოკლეს. კარგად მახსოვდა განძის, ე.წ. თურქი მესხების საკითხებიც და ბოლო-ბოლო, მამაჩემს თავად ჰქონდა გამართული ორი პრესკონფერენცია, სადაც პირდაპირ ამბობდა – მე მომკლავენ ე.წ. თურქი-მეხების გამოო. თუმცა, მიზანშეწონილად ჩავთვალე, რომ იმავე საღამოს, ინგა გრიგოლიასთან, გადაცემაში, ლევილის ვერსია მეთქვა. მე მაშინაც მჯეროდა და ახლაც მწამს, რომ ნათია გოგსაძე იყო გულწრფელი და მითხრა ის ვერსია, რაც მისთვის იყო ცნობილი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ლევილში ,,ინვესტიციების “ ჩადება მართლაც იგეგმებოდა, მაგრამ ამბის ატეხვის შემდეგ, ვადა გადადეს. საბოლოოდ, ვერ მოასწრეს (თუმცა, ამ შემთხვევაშიც, ეს არ და ვერ იქნებოდა მკვლელობის ერთადერთი მოტივი).

მიუხედავად პრესა-ტელევიზიის ტოტალური კონტროლისა, პოლიტიკოსების ტოტალური მოსყიდვისა და ხალხის მასიურად დაშინებისა, რა სიტუაციაც იყო იმ დროს, გურამ შარაძის მკვლელობას მაინც დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაშიც, პოლიტიკოსებშიც და ხალხშიც.

ბოლო-ბოლო, მკვლელობას და შემდგომ, მკვლელის ტრაექტორიას თვალს ადევნებდა ათეულობით მოწმე.

ჯერ დასაფლავებულიც არ გვყავდა, ბევრი ალაპარაკდა, რომ მკვლელი ერთი არ იყო და ისინი გარეგნობით ისე განსხვავდებოდნენ ბარათელისგან, როგორც ცა და დედამიწა! ეს იბეჭდებოდა პრესაშიც.

რაც შეეხება ოფიციალურ გამოძიებას (ბუნებრივია, ამ საკითხს არაერთხელ დავუბრუნდები), პირველივე განცხადებაში ვთქვი და ინგა გრიგოლიასთან დავადასტურე, რომ პროტესტის ნიშნად, სამართალდამცველ ორგანოებთან, არავითარ ურთიერთობას არ ვაპირებდი. მჯეროდა, რომ მკვლელი სააკაშვილი მის მიერვე შეკვეთილ მკვლელობას არ გამოიძიებდა. თუმცა, 23 მაისს დამირეკა საქმის გამომძიებელმა ზაალ გურგენიძემ და მამაჩემის ნივთების წაღება მთხოვა. იძულებული ვიყავი, მივსულიყავი დიღომში რომ მაღალი პოლიციის შენობაა, ,,კპზ“-ები იყო ადრე, ახლა არ ვიცი რა ჰქვია. დაწვრილებით აღარ მოვყვები, ერთს ვიტყვი, რომ იქვე, გამომძიებლის თვალწინ, აღმოვაჩინე, რომ დახვრეტილ გურამ შარაძეს, სოროსის ფონდის თანამშრომელი, ოთარ ქაროსანიძე სწერდა და სწერდა მესიჯებს (ნოკიას ტელეფონია, ახლაც შენახული მაქვს, ბატარეა ლამის ერთ კვირას რომ ძლებს) – „ხომ ჩაგაძაღლეს, შე ფაშისტოო! “და ა.შ… ეს კიდევ ცალკე თემაა, მაშინაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – მისდიეთ ოთარ ქაროსანიძეს და თქვენ მიხვალთ ნამდვილ მკვლელებამდე-მეთქი, მაგრამ ალბათ…

ჩვენ ყველა ერთად ვიყავით და ვართ მოწმე არაერთი პოლიტიკური მკვლელობებისა, როდესაც ამათუიმ პიროვნებას, პირად ცხოვრებაში, უძებნიან სუსტ წერტილს. მერე ამას „მოტივად“ უდებენ მკვლელობას, რომელიც, სინამდვილეში, პოლიტიკურია (მამაჩემის სუსტი წერტილი გიორგი იყო, გურამ შარაძეს ვერაფერი მოუძებნეს).
„უკეთეს“ შემთხვევაში, ოჯახი პირში წყალს იგუბებს და დუმილით ეთანხმება ვერსიას, „უარეს“ შემთხვევაში, ოჯახს, რომელიც სიმართლისთვის, შიშველი ხელებით იბრძვის და წინ უდგას სახელმწიფო მთელი თავისი რესურსით, ითრევენ ტალახში, წინ და უკან ათრევენ მოკლულის სახელს და ათას სიბინძურეს აბრალებენ. საბოლოოდ, კი „ხვიშტები“ და რჩები შენც და შენი გარდაცვლილიც ტალახიანი. ჩემს შემთხვევაში, რაღაც მესამე მოხდა – არც გავჩერდი და არც დავანებე! მეც არ ვიცი, როგორ გამოვიდა…

ჩემი მაშინდელი დასკვნა უკვე იყო ასეთი :
ეს პოლიტიკური მკვლელობაა, შეუკვეთა სააკაშვილმა, გიორგი ბარათელს არ შეუსრულებია და მკვლელი ერთი არ იყო!

მაგრამ დამტკიცება მჭირდებოდა…

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close